Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 12 ნოემბერი


გაზეთი „იზვესტია“ აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მრჩეველ ვანო მაჭავარიანთან, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს გაზეთის რედაქცია და მკითხველი იმაში, რომ საქართველოს დაახლოება ევროპასთან არ შეიცავს არანაირ საფრთხეს რუსეთისათვის. ინტერვიუს წინ უძღვის მცირე შესავალი, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ვანო მაჭავარიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის, ძმა და საქართველოს ყოფილი ელჩი იაპონიაში, გიორგი მარგველაშვილის მთავარ საგარეოპოლიტიკურ მრჩევლად დაინიშნა. ვანო მაჭავარიანი რუსული გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც ქვეყნის შიდა პრობლემებმა, ასევე ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციამ. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, ამასთან დაკავშირებით მაჭავარიანი ამბობს: „ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დაბალანსებული საგარეო კურსი იქნება ეფექტიანი.

მაქსიმალურად გამოვიყენებთ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა საფუძველი გამოეცალოს რუსეთის საუბარს იმაზე, რომ საქართველოს დაახლოება ევროპასთან ხიფათის შემცველია რუსეთისათვის. ვილნიუსის სამიტის წინ ჩვენს ქვეყანაში შიშით ელოდებიან პროვოკაციებს რუსეთის მხრიდან. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული უშიშროების ახალი საბჭოს პრევენციული მუშაობა. 2008 წლის ომი ნეგატიურად აისახა ორივე ქვეყანაზე. ვფიქრობ, შევძლებთ შეხების წერტილების მოძებნას. გასაგებია, რომ რუსეთს უზარმაზარი ამბიციები აქვს, მაგრამ 21-ე საუკუნეში სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსაც უნდა სცე პატივი“.

ვანო მაჭავარიანი „იზვესტიისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს ასევე საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და დასავლეთის ურთიერთობაზე. მაჭავარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით, ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას არ იქცეს „მეორე უკრაინად“ და არ დაკარგოს ევროპასთან დაახლოების შანსი. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, სააკაშვილი დაინტერესებულია ამგვარი კრიტიკის გაძლიერებით, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ წინა პლანზე გამოდიან ახალი ლიდერები, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილის ფიგურის დაბალანსებას.

გაზეთი „კომერსანტი“ კი საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის საკადრო პოლიტიკის შესახებ წერს. სტატიაში, რომლის სათაურია „მომავალმა პრემიერმა კადრები გახსნა“, ლაპარაკია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის კანდიდატურების დასახელებაზე. სტატიის ავტორის თქმით, მომავალი მთავრობის შემადგენლობის მიხედვით შესაძლებელი იქნება იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნება გადაწყვეტილებების მიღებაში ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც თავის შემცვლელად ბიძინა ივანიშვილმა ამ ცოტა ხნის წინ დაასახელა:

„ჯერ ლაპარაკი არ არის მინისტრთა კაბინეტში რადიკალურ ცვლილებებზე, მაგრამ ორივე საკადრო ცვლილება (შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის) შეიძლება შეფასდეს როგორც მომავალი პრემიერის დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება“.

გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს ასევე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს ეკონომიკის შესახებ. კერძოდ, საუბარია ქართული ღვინის ექსპორტზე. „ქართული ღვინის მესამედი რუსეთში დაილევა“ - ამ სათაურითაა გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები რუბრიკაში „კვირა ციფრებში“. ირკვევა, რომ 2013 წლის ივნის-სექტემბერში საქართველოდან რუსეთში 8,9 მილიონი ბოთლი ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც მთელი ექსპორტის 33,7 პროცენტს შეადგენს. „კომერსანტი“, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ შვიდწლიანი წყვეტის შემდეგ რუსეთი კვლავ იქცა ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG