Accessibility links

logo-print
საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს მყვირალა სათაურით გამოეხმაურა გაზეთი იზვესტია. „ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ლენინად იქცა“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ლაპარაკია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. გაზეთის რედაქცია პოლიტიკის ქართველი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დახმარებით ცდილობს გაარკვიოს, თუ რა როლს ითამაშებს სამოქალაქო სექტორში გადასული ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი, რომლის ქონება, ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, 5,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ივანიშვილს საშუალება მიეცა შორიდან დააკვირდეს პროცესებს, გააკრიტიკოს ხელისუფლება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას. მისი პრინციპია - ცოტა დაპირდეს, ბევრი გააკეთოს“, უთქვამს რუსული გამოცემისათვის პეტრე მამრაძეს - მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დამფუძნებელს. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკიდან ქარიზმატული ლიდერების წასვლა დადებითად იმოქმედებს საზოგადოებაზე. ბიძინა ივანიშვილის როლსა და გადაწყვეტილებაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს დეპუტატ შოთა მალაშხიას. „ივანიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ იქცა იმად, რაც კომუნისტებისთვის ლენინია - ის მათთვის მუდამ ცოცხალია! შესაბამისად, კულუარებიდან შეეცდება პოლიტიკური პროცესების მართვას, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“, ქართველი დეპუტატის ამ მოსაზრებას „იზვესტიაში“ წაიკითხავთ.

„რა საერთო აქვთ ივანიშვილსა და ლუკაშენკოს“ - ამ სათაურით აქვეყნებს „ნოვაია გაზეტა“ ანალიტიკურ სტატიას, რომლის შინაარსიც, დიდწილად, შემდეგ ქვესათაურშია გახსნილი: „პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესების არსი - კონკურენცია ჩინოვნიკებსა და ოლიგარქებს შორის“. სტატიის მიხედვით, იმ დროს, როცა საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებითა და მიხეილ სააკაშვილის დამარცხებით დასრულდა, ბელორუსიის პრეზიდენტმა რუსეთს „ურალკალიუმის“ დაპატიმრებული გენერალური დირექტორი ვლადისლავ ბაუმგარტნერი გადასცა. თითქოსდა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი მოვლენაა: განსხვავებული ქვეყნები, ადამიანები და, ბოლოს და ბოლოს, განსხვავებული პრიორიტეტები, თუმცა ეს ისტორიები ერთმანეთთან დაკავშირებულია დაპირისპირებით, რომელიც განსაზღვრავს იმ პროცესების არსს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ვითარდება - დაუსრულებელ კონკურენციას ჩინოვნიკებსა და ოლიგარქებს შორის. ოლიგარქს უნდა უფრო მეტი შესაძლებლობა, ჩინოვნიკს - მეტი ფული. რა თქმა უნდა, ყველა ცალკეულ საბჭოთა რესპუბლიკაში ეს დაპირისპირება თავისებური წესებით მიმდინარეობს. მოხელე სააკაშვილი დაუპირისპირდა ოლიგარქ ივანიშვილს ღია და სამართლიან კონკურენციაში: რუსეთთან დაპირისპირებულ და ევროპისკენ მიმავალ საქართველოს არ შეეძლო მისსავე სამეზობლოში აპრობირებული ფალსიფიკაციისა და სხვა მეთოდების გამოყენება. და კიდევ, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება: სააკაშვილს აინტერესებდა პოლიტიკა და ძალაუფლება, ივანიშვილს კი - ბიზნესი და ფული, მაშინ როცა კლასიკურ პოსტსაბჭოთა შემთხვევებში პირიქითაა: პოლიტიკოსებს აინტერესებთ ფული, ოლიგარქებს კი - გავლენა და ძალაუფლება“.

ჟურნალი „კომერსანტ ვლასტი“ კი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მოახლოებულ სამიტს ეხმიანება. „ორიანი ვილნიუსით“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული სტატიას, რომელშიც განხილულია ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის სირთულეები. სტატიაში ვკითხულობთ: „29 ნოემბერისათვის დანიშნული ვილნიუსის სამიტი უნდა ქცეულიყო ევროკავშირის პროექტის - „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ -ხმამაღალ ტრიუმფად. მოლოდინის მიხედვით, ერთი საფეხურით წინ უნდა წაეწია პროექტში მონაწილე ექვსი ქვეყნიდან ოთხს. საქართველო, მოლდავეთი და სომხეთი ემზადებოდნენ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისათვის, ხოლო უკრაინას, რომელმაც ადრე გადადგა ეს ნაბიჯი, უნდა მოეწერა ხელი, რაც შეუქცევადს გახდიდა ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში. ერთი შეხედვით, ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ, სამიტის მოახლოებასთან ერთად, თავი იჩინა პრობლემებმა“.

სტატიის მიხედვით, უკრაინამ და სომხეთმა ბოლო მომენტში ვერ გაუძლეს რუსეთის ზეწოლას და უარი განაცხადეს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაზე.
XS
SM
MD
LG