Accessibility links

logo-print
გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ბეჭდური მედია აქტიურად აშუქებდა უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს. „ეჭვი აქვთ, რომ სააკაშვილი ცდილობს რეიტინგის დაბრუნებას, მაიდანის ხარჯზე“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „იზვესტიამ“ სტატია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ გაუღიზიანებია გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ექს-პრეზიდენტის კიევში შესაძლო ჩასვლის შესახებ. რუსული გამოცემა ეყრდნობა ადგილობრივი გაზეთის „კვირის ქრონიკის“ ცნობას. „იზვესტიას“ სტატიის ავტორმა ნინო სამხარაძემ განუცხადა, რომ სააკაშვილი კიევში რევოლუციური გამოცდილების გასაზიარებლად იმყოფება. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თან ახლავს აჭარის ყოფილი ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც სააკაშვილთან ერთად კიევის უნივერსიტეტში სწავლობდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ „კვირის ქრონიკის“ მიერ გავრცელებული ეს ცნობა არც სააკაშვილის გარემოცვას დაუდასტურებია და არც უკრაინის ოპოზიციას. სტატიის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ბოლო დრომდე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მისი უფროსი ვაჟი სწავლობს.

ასევე „იზვესტიაში“ წაიკითხავთ სტატიას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სომხეთში ვიზიტის შესახებ. ირკვევა, რომ საბაჟო კავშირში შესვლის სანაცვლოდ რუსეთი სომხეთს შეღავათებს სთავაზობს. „რასაკვირველია, რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა შენარჩუნდეს სომხეთის მხარესთან თანამშრომლობის ეს მიმართულება. სომხეთი ჩვენთვის ინტეგრაციის სრულფასოვანი მონაწილეა, რომლის ძალისხმევასაც სათანადოდ აფასებენ საბაჟო კავშირის დანარჩენი წევრებიც. რაც შეეხება ამიერკავკასიას, რუსეთი აქედან არასოდეს აპირებდა წასვლას. პირიქით, ვაპირებთ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას იმაზე დაყრდნობით, რაც ჩვენი წინაპრებისგან გვერგო მემკვიდრეობით“, უთქვამს რუსეთის პრეზიდენტს სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

მოგვიანებით პრეზიდენტებმა გიუმრიში მოინახულეს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, რომელშიც 4 ათასი რუსი სამხედრო მსახურობს. ბაზის შეიარაღებაში ირიცხება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა ს-300, „გრადის“ სისტემის რეაქტიული დანადგარები, ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და შვეულმფრენები. სომხეთში სტუმრად მყოფმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებაც ისაუბრა: „ყოველივე ეს მაგონებს არა რევოლუციას, არამედ დარბევებს. ამას არაფერი აქვს საერთო ევროკავშირთან. ამბობენ, უკრაინელ ხალხს ოცნებას ართმევენო. ოცნება კარგია, მაგრამ თუ კარგად შევხედავთ, ყველა ვერ მოესწრება ამ ოცნების ასრულებას. კარგად მომზადებული აქციებია. ოპოზიცია ცდილობს გადააგდოს ლეგიტიმური ხელისუფლება. ყოველივე ეს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადდებოდა, მაგრამ მოხდა ფალსტარტი“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებას ცდილობს „ნოვაია გაზეტა“, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა შესაძლოა უარი თქვას ინტეგრაციულ პროექტებზე, რადგანაც სათანადო გათვლების გარეშე დაწყებულმა გეოპოლიტიკურმა თამაშებმა ის შედეგი გამოიღო, რომ კრემლი თავად იქცა რევოლუციების ექსპორტიორად. არადა, რევოლუციების წინააღმდეგ ბრძოლაზეა დაფუძნებული რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთელი პარადიგმა. რუსული პროპაგანდის მიერ მონათლულ „ნარინჯისფერ რევოლუციებს“ საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში, სინამდვილეში, საერთო ბევრი არაფერი ჰქონდათ, თუმცა სწორედ ამ მოვლენებიდან იღებს სათავეს რუსეთის მძლავრი ანტიდასავლური პოლიტიკა: „ამჟამინდელი, მართლაც, ნარინჯისფერი რეფოლუცია უკრაინაში პროვოცირებულია თვით რუსეთის მიერ. ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინაში ხალხი არ გამოვიდოდა ქუჩაში, ოფიციალურ კიევს ხელი რომ მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში ამგვარი მძლავრი ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღა არ დაიწყებოდა, რომ არა რუსეთის ზეწოლა“.

სტატიის ფინალში დასკვნის სახით ვკითხულობთ: „კრედიტებს დესეთეს ქვეყნები დიდი სიამოვნებით აიღებენ რუსეთისგან, მაგრამ რუსეთთან ერთობლივი მომავლის მშენებლობაზე ძნელად თუ დაგვთანხმდებიან: რომელი ხელისუფლება დათანხმდება რევოლუციის იმპორტს, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში? ანდა ვინ იქნება ყაბულს ტერიტორიების დაკარგვაზე, საქართველოს მსგავსად?

სტატიას რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ „ნოვაია გაზეტაში“ გაეცნობით.
XS
SM
MD
LG