Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 17 დეკემბერი


„სააკაშვილის პარტიას „შურისმაძიებელთა ჯგუფები“ დევნიან“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „იზვესტია“, რომელიც, ქართულ მედიაზე დაყრდნობით, მკითხველს სამართლიანობის აღდგენის მორიგი ძალისხმევის შესახებ ამცნობს. გაზეთის ცნობით, მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო არ იჩქარებს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ფორმირებას, სააკაშვილის მმართველობის დროს რეპრესირებულმა პირებმა „შურისმაძიებელთა ჯგუფების“ შექმნა გადაწყვიტეს. ამ ჯგუფების წევრები მზად არიან ლინჩის წესით გაასამართლონ წინა ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებმაც უკანონოდ მიიტაცეს ქონება. ლაპარაკია რესტორნების, ბარების, ბენზინგასამართი სადგურების, სასტუმროებისა და სუპერმარკეტების გადაწვაზე: „თბილისში არავისთვის არის საიდუმლო, რომ წინა ხელისუფლების დროს მოქმედებდა ნოტარიუსთა ჯგუფი, რომელიც ღამის საათებში აფორმებდა ბიზნესმენებისათვის წართმეულ ქონებას. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიზნესმენებმა ღიად განაცხადეს, რომ იურიდიული ხელშეკრულება ფორმდებოდა იძულებით“.

„იზვესტია“ ე. წ. სამართლიანობის აღდგენისათვის მებრძოლთა მოძრაობის ლიდერს ნანა კაკაბაძეს ელაპარაკა. „სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს, თუკი მასობრივად დაიწყება „სამართლიანობის აღდგენის“ დამოუკიდებელი მცდელობა. მაგრამ რა ხდება? პროკურატურა ინდიფერენტულია, დასავლეთი კი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალები“ ხელუხლებელ ოპოზიციონერებად აქციოს. დროა, ბოლოს და ბოლოს, მთავრობამ გამოავლინოს პოლიტიკური ნება“, განუცხადა ნანა კაკაბაძემ „იზვესტიას“.

„კომერსანტი“ კი ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის, სომხეთისა და მოლდავეთისათვის 90 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ წერს. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, საქართველო 27 მილიონს, ხოლო მოლდავეთი და სომხეთი, შესაბამისად, 35 და 25 მილიონ ევროს მიიღებენ. საქართველო აღნიშნულ თანხას მოახმარს შრომის ბაზრის მართვის გაუმჯობესებას განათლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების გზით. „კომერსანტი“ ციტირებს ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს: „იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ჯგუფი გაფართოვდება. დაფინანსების გაზრდა ნიშნავს უფრო აქტიურ მხარდაჭერას რეფორმების გატარებასა და იმ ერთობლივი პროექტების განხორციელებაში, რომელთაც მოაქვთ სარგებელი ამ ქვეყნების მოქალაქეებისათვის“.

რუსეთში გამოსულმა თითქმის ყველა გაზეთმა გამოაქვეყნა ცნობა ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების შესახებ. „დათა თუთაშხია და ხიდი უფსკრულზე“ - ასეა დასათაურებული ცნობილი რუსი ჟურნალისტის, იური როსტის წერილი, რომელიც „ნოვაია გაზეტამ“ დაბეჭდა.

„ჭაბუა ამირეჯიბი - პოლიტიკური ბანაკების მრავალტანჯული ტუსაღი, სამჯერ გაქცეული, ბრწყინვალე მწერალი და ლამაზი ადამიანი. ბელას, ბიტოვისა და ბულატის ძმა. მეგობარი და დამფასებელი რუსული ენისა და ლიტერატურის. დიდი ქართველი, რომელმაც შეძლო სიყვარულის ხიდის გადება ჩვენი პოლიტიკოსების მიერ გათხრილ უფსკრულზე. ...ომში მან დაკარგა ვაჟი, მიწაზე - მეგობრები და ოცნება თავისი საყვარელი საქართველოს ბედნიერებაზე. ახლა კი მან დაკარგა დედამიწა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეიძინა ცა. ნათელში გამყოფოს, ჩემო ძვირფასო მეგობარო!“ წერს იური როსტი წერილში, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებას ეძღვნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG