Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 24 დეკემბერი


გაზეთი „იზვესტია“ აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც, ტრადიციულად, მწავედ აკრიტიკებს საქართველოს წინა ხელისუფლებას, მოქმედს კი საყვედურობს სამართლიანობის აღდგენის პროცესის არაეფექტიანი წარმართვისათვის. ნინო ბურჯანაძის თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს დიდი ხნის წინ უნდა წაეყენებინათ კვალიფიციურად დასაბუთებული ბრალი თბილისის მერისათვის: „ხაზს ვუსვამ - უნდა წაეყენებინათ კვალიფიციურად დასაბუთებული ბრალი, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გაკეთებულა, ეს კი ხელისუფლების სისუსტესა და არაკვალიფიცურობაზე მეტყველებს. სულ ცოტა, სახეზეა სერიოზული შეცდომები, თუ შეთქმულება არა. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს სააკაშვილს ჩამოირეცხოს ბრალდებები ავტორიტარიზმსა და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში; აძლევს საშუალებას ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ილაპარაკონ პოლიტიკურ დევნაზე. ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, რომ არა „ქართული ოცნების“ მცდელობა ექცია „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ პარტიად, სხვები კი გაეყვანა არენიდან. მერწმუნეთ, მე და ჩემი მხარდამჭერები ამას არ დავუშვებთ. რეალურად მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევუშალოთ ხელი „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას.“

ნინო ბურჯანაძე „იზვესტიასთან“ ინტერვიუში თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა თავად ნინო ბურჯანაძე არ იყრის კენჭს თბილისის მერობაზე. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რათა სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი მოხელეები, პარლამენტის ნაცვლად, ციხეში აღმოჩნდნენ.

რუსეთის მედიამ აქტიურად გააშუქა კომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოვსკის პატიმრობიდან გათავისუფლების ამბავი. „ნეზავისიმაია გაზეტამ“ ანალიტიკურ სტატიაში იმის გარკვევა სცადა, თუ პოლიტიკოსობის რა შანსი აქვს ყოფილ პატიმარს, რომელმაც პრეზიდენტ პუტინის მიერ შეწყალებით გათავისუფლებამდე ციხეში ათი წელი გაატარა: „ხოდორკოვსკი შეძლებდა თავის გარშემო ლიბერალური ინტელიგენციისა და ბიზნესსაზოგადოების ნაწილის შემოკრებას. მხოლოდ ნაწილისა, იმიტომ რომ ბიზნესი, როგორც წესი, პრაგმატიზმს იჩენს და ფსონს დებს იმ ძალაზე, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი აქვს. ხოდორკოვსკის პოტენციური ელექტორატი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საპროტესტო მოძრაობაში, მაგრამ მემარცხენე ქვეყანაში მას არ შეუძლია ვინმესთვის ძალაუფლების მინიჭება, მხოლოდ მხარს თუ დაუჭერს ამა თუ იმ კანდიდატურას და იქცევა მოძრაობის გონებრივ თუ მორალურ ბირთვად“.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ რედაქცია მიიჩნევს, რომ რუსეთის მმართველ ელიტას ხელს აძლევს ოპოზიციის გაერთიანება ხოდორკოვსკის გარშემო: „ოლიგარქიული“ წარსული, ათწლიანი პატიმრობა - ყოველივე ეს საკმარისია ანტირეიტინგის შესაქმნელად, რადგანაც მემარცხენე მოძრაობას ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მოუშუშებია 90-იან წლებში მიღებული ტრავმები.

გაზეთი „კომერსანტი“ კი ლეგენდარული კონსტრუქტორის მიხაილ კალაშნიკოვის გარდაცვალების შესახებ წერს. ავტომატ „კალაშნიკოვ-47“-ისა და „კალაშნიკოვ - 74“ -ის კონსტრუქტორი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქვეყნოდ ცნობილი 7,62 მილიმეტრი კალიბრის ავტომატი კონსტრუქტორმა შორეულ 1940 წელს შექმნა. კომერსანტის სტატია მთავრდება სტატისტიკური მონაცემებით: მსოფლიოში სულ წარმოებულია კალაშნიკოვის სისტემის 70-დან 100 მილიონამდე ავტომატი, რომელიც ოფიციალურად შეიარაღებაში აქვს მსოფლიოს 55 ქვეყანას. ავტომატის წარმოების ლიცენზიას ფლობს 18 ქვეყანა, ერთი ამდენი კი ლიცენზიის გარეშე აწარმოებს. ავტომატი „კალაშნიკოვი“ გამოსახულია ორი აფრიკული ქვეყნის - მოზამბიკისა და აღმოსავლეთ ტიმორის გერბებზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG