Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 31 დეკემბერი


„’რუსული ოკუპაციის’ სახელმძღვანელო ვერ მოხვდა ქართულ სკოლებში“ - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი „იზვესტია“ სტატიას, რომელშიც საუბარია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას წინა ხელისუფლების შეკვეთით უფროსკლასელებისათვის მომზადებულ სახელმძღვანელოზე. სტატიის მიხედვით, წიგნზე მუშაობის იდეა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, თუმცა, როგორც რუსულ გამოცემას ისტორიკოსმა ზურაბ ბრაგვაძემ განუცხადა, მცდელობამ ახლებურად წარმოჩენილიყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია, შედეგი ვერ გამოიღო: „ეს იყო საქართველოს წინა ხელისუფლების პოლიტიკური, კონიუნქტურული შეკვეთა, რომ თითქოსდა რუსეთი მუდამ იყო საქართველოს მტერი. მაგრამ ისტორია არასოდეს არის ერთგვაროვანი. ჩვენი ერების ურთიერთობაში იყო ცუდიც და იყო კარგიც“. „იზვესტია“ ასევე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველსა და განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს დავით ზურაბიშვილს, რომლის თქმითაც, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები უნდა იქნეს შესწავლილი როგორც ისტორიის ნაწილი, ხოლო ცალკე ოკუპაციის სახელმძღვანელოს შექმნა კრეტინიზმია.

„იზვესტიაში“ გამოქვეყენუბლი სტატიის მიხედვით, სახელმძღვანელოზე მუშაობდნენ ყოფილი პრეზიდენტის დედასთან, გიული ალასანიასთან დაახლოებული სპეციალისტები. ამასთან, 2010 წლიდან, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, მუშაობა დაუწყია „ისტორიული სიმართლის დამდგენ კომისიას“, რომელსაც უნდა გაეანალიზებინა რუსეთთან ურთიერთობის 200 წლიანი პერიოდი. კომისიას გარკვეული სამუშაო ჩაუტარებია კიდეც, თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, მის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლებამ სულ სხვა დოკუმენტის თარგმნისა და გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების დამდგენი სპეციალური კომისიის, ეგრეთ წოდებული ჰაიდი ტალიავინის კომისიის ანგარიშის ქართულად თარგმნაზე. „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რეინტეგრაციის საკითხთა მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ დოკუმენტის გაცნობით ადგილობრივი საზოგადოება უკეთ გააცნობიერებს, თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს წინა ხელისუფლებას 2008 წლის მოვლენების განვითარებაში.

გაზეთი „კომერსანტი“ კი 2013 წელს საქართველოს პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების შეჯამებას ცდილობს. „საქართველო იწყებს ბელადების გარეშე ცხოვრებას“ - ეს სათაური აქვს წამძღვარებული სტატიას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მმართველობასთან ერთად დასრულდა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის პერიოდი. ამჟამად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ემზადება ლექციების კურსის წასაკითხად ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლაში - ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ გამორჩეულ ინტელექტუალურ ცენტრში, რომლის დეკანი ევროპაში ნატოს ძალების ყოფილი სარდალი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისია, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი საქმიანობა არ გამორიცხავს მის დაბრუნებას პოლიტიკაში - ამის შესახებ „კომერსანტს“ განუცხადა ვარდების რევოლუციის ერთ-ერთმა შემოქმედმა და ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა: „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი არ წავა პოლიტიკიდან, რადგანაც ბუნებით მოთამაშეა. ის კვლავ ითამაშებს, მაგრამ თვისებრივად განსხვავებულ გარემოში - დივერსიფიცირებულ პოლიტიკურ ველში, სადაც მიუღებელია ბელადი და ბელადური ტიპის პარტია“.

აღნიშულ საკითხზე „კომერსანტი“ ასევე ესაუბრა პოლიტოლოგ ნიკა იმნაიშვილს, რომელმაც საქართველოში შექმნილ ვითარებას ქვეყნისთვის უნიკალური უწოდა. მისი თქმით, ყველა წინა პრეზიდენტს გამოარჩევდა ქარიზმატულობა და ერთპიროვნული მმართველობის სტილი. ახლანდელი ვითარების უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მმართველი კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ხოლო 2013 წელს ამოქმედებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა.

ჟურნალ „ფორბსის“ რუსულმა რედაქციამ კი გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ საქართვველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც, იმავდროულად, ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქეც არის. ჟურნალის გლობალური რეიტინგის მიხედვით, ივანიშვილი 5,3 მილიარდი დოლარით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 229-ე ადგილზეა. ინტერვიუს მიხედვით, ივანიშვილი აფინანსებდა და გვერდში ედგა სააკაშვილის მთავრობას, ვიდრე არ შეიტყო, რომ საქართველოში დემოკრატიის ნაცვლად ავტოკრატია შენდებოდა. ვრცელი ინტერვიუ სრულდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ საუბრით:

„ერთი თვე გავიდა, რაც პოლიტიკიდან წავედი და მხოლოდ ერთხელ მოვახერხე გამოძინება. ადრე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ახლა ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვიმუშავებ. ვფიქრობ, როგორ შეიძლება ხელისუფლებას დავეხმარო. პირობა დავდე, რომ სამოქალაქო სექტორის განვითარებას დავეხმარები. ადამიანებს ხელისუფლების კონტროლსა და კრიტიკას ვასწავლი“.

კითხვას, დარწმუნებული ხართ, რომ პოლიტიკაში არასოდეს დაბრუნდებით, ივანიშვილი უპასუხებს:

„დიახ, დარწმუნებული ვარ. ამის პირობა დავდე. როგორც გითხარით, გარანტიას გაძლევთ, რომ ხელისუფლება ნამდვილად დემოკრატიას ააშენებს და საქართველოში კორუფცია არასოდეს იქნება. არსად მივდივარ და არც თვალს დავხუჭავ. საზოგადოების აქტიურ წევრად დავრჩები“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG