Accessibility links

ვლადიმირ პუტინის სტუმრობა სოჭის პრესცენტრში და იქ გაკეთებული განცხადება გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შესახებ ამ კვირაში რუსული მედიისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. „არგუმენტი ი ფაქტი“ ამ მოვლენას ეხმაურება და ვებსაიტზე აქვეყნებს პუტინის ნათქვამს, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას არ გამოვრიცხავ, თუ საქართველოს პრეზიდენტსაც ექნება ამის სურვილიო.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება ქართველი სპორტსმენების ჩამოსვლას სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე. „მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნიშანია. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ოლიმპიური თამაშები ეხმარება ურთიერთობის დამყარებას იქაც, სადაც ეს ძალიან რთული ან შეუძლებელიც გვეგონა“ - რუსეთის პრეზიდენტის ეს ციტატა მოჰყავს „არგუმენტი ი ფაქტის“.

რუსეთის პრესა პუტინის განცხადებაზე საქართველოს პრეზიდენტის პასუხითაც დაინტერესდა. მაგალითად, „კომერსანტი“ წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით გაიაზრებს ვლადიმირ პუტინის მიერ შეხვედრის შემოთავაზებას. „კომერსანტში“ მარგველაშვილის კომენტარიცაა მოყვანილი: „ქართულ-რუსული ურთიერთობა ყველაზე მტკივნეული და პრობლემური ურთიერთობაა, რომელიც ახლა საქართველოს სახელმწიფოს აქვს. ამიტომ ჩვენ ყურადღებით გავაანალიზებთ ამ რეპლიკას, ჩავატარებთ კონსულტაციებს და ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას. თუ იქნება შესაძლებლობა, რომ ამ შეხვედრამ შეიტანოს პოზიტიური იმპულსი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, თუ იქნება სერიოზული მზადყოფნა მტკივნეული თემების განსახილველად, გვექნება საფუძველი, განვიხილოთ ეს საკითხი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლელ კოლეგებთან“.

შესაძლო შეხვედრის შესახებ ორი პრეზიდენტის კომენტარებს ასევე სხვა უამრავი რუსული გაზეთის ფურცლებზე ან ვებსაიტებზე იხილავთ.
სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე გამოჩენილ საქართველოს „დაჩრდილულ“ რუკას და ამ თემაზე გამოხმაურებებს შეეხო „ნეზავისიმაია გაზეტა“. იური როკსის სტატიაში „პოლიტიკური ღრუბლები საქართველოს თავზე“ საუბარია საქართველოში ამ თემაზე გამოხმაურებების შესახებ. ჟურნალისტი წერს სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციისა და მთავრობის წევრების განცხადებებზე.

ოლიმპიადის გახსნაზე გამომსვლელ გუნდს სტადიონზე მისი ქვეყნის რუკის გამოსახულება ეგებებოდა. გამოსახულება კოსმოსიდან იყო გადაღებული, თუმცა საქართველოს რუკის თავზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ღრუბლებით იყო დაფარული. ჟურნალისტი წერს, რომ ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი, რომელიც საქართველოს ოლიმპიადაზე გამოსვლას მანამდეც აპროტესტებდა, გახსნის ცერემონიაზე გამოჩენილ რუკას რუსეთის პროვოკაციად მიიჩნევს. პროტესტი გამოხატეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთმა უკვე ოლიმპიადაზე წარუდგინა სამყაროს საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.
სტატიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის კომენტარიცაა მოყვანილი. ის ამბობს, „ღრუბლები“ ასეთი ყურადღების ღირსი არ არის და უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ოლიმპიადის ოფიციალურ ბუკლეტზე რუსეთმა აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც საქართველოს შემადგენლობაში აღნიშნა, თუმცა არც ამისთვის ღირს ზედმეტი ყურადღების დათმობა და შეფასებების გადამეტებაო.

იქვე საუბარია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის პოზიციის შესახებაც. ციხელაშვილი ამბობს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან საქართველომ მიიღო გარანტიები, რომ ოლიმპიადაზე პროვოკაციები არ იქნება, თუმცა საქართველო მაინც დიდი ყურადღებით აკვირდება ოლიმპიადას და თუკი პროვოკაცია მაინც იქნება, ქვეყანა ადეკვატურ რეაგირებას მოახდენსო.
ჟურნალისტი მიმოიხილავს თემის შესახებ ქვეყანაში მიმდინარე დისკუსიას და წერს: „შეიძლება ეს შემთხვევითობა იყო, ვინაიდან ღრუბლები, როგორც წესი, თავიანთი აპოლიტიკური კანონებით ცხოვრობენ. თუმცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ღრუბლები არა ბუნებრივი, არამედ პოლიტიკური მიზეზებით მოძრაობდნენ“.
XS
SM
MD
LG