Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესაში აქტუალურია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენება. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბრალდებულად ცნობის თაობაზე. საქმე შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევასა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და მის ხელში ჩაგდებას.

„არგუმენტი ი ფაქტი“ აქვეყნებს სტატიას, სათაურით „რაში ადანაშაულებენ მიხეილ სააკაშვილს?“, სადაც საუბარია არა მხოლოდ ოფიციალურად წაყენებულ ბრალდებაზე, არამედ სავარაუდო ბრალდებებზეც, რომლებიც შეიძლება ყოფილ პრეზიდენტს წაუყენონ. ბრალდებების ჩამონათვალი ვრცელია. სტატიაში ლაპარაკია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაზე, გიორგი კრიალაშვილის მკვლელობის ორგანიზებაზე, 2008 წელს შსს ოთხი ყოფილი თანამშრომლის, რომლებიც სასჯელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის იხდიდნენ, უკანონო შეწყალებაზე, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე თავდასხმაზე, სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვასა და სახელმწიფო ქონების უკანონო გასხვისებაზე.

სააკაშვილის მიმართ ბრალდების წაყენებას ეხმაურება „კომერსანტიც“. გიორგი დვალის სტატიაში საუბარია მიზეზებზე, თუ რატომ შეარჩია პროკურატურამ ზუსტად ეს ბრალდება. ამ კითხვით ჟურნალისტმა ექსპერტ ზურაბ გოგიბერიძეს მიმართა, რომელმაც განაცხადა: „სააკაშვილი დასავლეთში ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი ვერ აუხსნის, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის დარბევის უფლება ჰქონდა“. ჟურნალისტი სტატიის ბოლოს წერს, რომ წყარომ პროკურატურიდან „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სააკაშვილს მალე სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ.

ამ თემას გამოეხმაურა „მოსკოვსკი კომსომოლეციც“. სტატიაში, რომელსაც გაზეთი აქვეყნებს, მიმოხილულია წაყენებული ბრალდება და განხილულია საქმეები, რომლებშიც ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებენ. სტატიაში მოყვანილია ამერიკელი ექსპერტის დიმიტრი საიმსის გამონათქვამებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„სააკაშვილისთვის კამერა მოამზადეს“ - სტატიას ასეთი სათაურით „ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს. სტატიაში საუბარია გამოხმაურებაზე, რომელიც მოჰყვა ბრალდებას. ჟურნალისტი ციტირებს სააკაშვილის სტატუსს ფეისბუკზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი წერს: „როცა დაბრუნებას გადავწყვეტ, ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს. სასამართლო დავით ისინი ასიამოვნებენ მხოლოდ რუსეთს და ურთიერთობას გაირთულებენ მოკავშირეებთან. ეს შეუძლებელია არ მაღელვებდეს“.

ჟურნალისტს მოჰყავს ასევე ეკა ბესელიას კომენტარი სააკაშვილის სტატუსზე: „პროკურატურის ბრალდების იგნორირებით მან თავი კანონმდებლობაზე მაღლა დააყენა, მის განვრცობილ მსჯელობებს ყველანი დიდი ხანია მივეჩვიეთ“.

სააკაშვილის შესახებ წერს „როსიისკაია გაზეტაც“, თუმცა მიხეილ ვიგნანსკის სტატიის მთავარი ამბავი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ბრალის წაყენება არაა. ვიგნანსკი წერს, რომ საქართველოში უკრაინას სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნას არ ურჩევენ. ჟურნალისტი წერს, რომ, ცნობების მიხედვით, სააკაშვილთან ერთად, საქართველოს ყოფილი მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა შეიძლება უკრაინაში ახალი თანამდებობა მიიღოს. ვიგნანსკის მოჰყავს ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი: „მეგობრულად ვურჩევ უკრაინის პრეზიდენტს, არ დაიახლოვოს მიხეილ სააკაშვილი“.

XS
SM
MD
LG