Accessibility links

logo-print

„რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მთავრობას ემბარგოს გაფართოებას სთავაზობს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „იზვესტია“. ლაპარაკია რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრის, დეპუტატ რომან ხუდიაკოვის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც დმიტრი მედვედევმა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, უნდა გადახედოს დადგენილებას ზოგიერთი ქვეყნიდან რუსეთში პროდუქციის იმპორტის შეზღუდვის შესახებ. რუსი დეპუტატის თქმით, უნდა გაფართოვდეს ჩამონათვალი იმ ქვეყნების ხარჯზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. იგულისხმება უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო:

„ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმების კვალად, ჩვენ სრულად უნდა ავკრძალოთ ნებისმიერი სახის პროდუქტის იმპორტი მოლდავეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზარი იაფი და უხარისხო ევროპული საქონლისგან. მათ გააკეთეს არჩევანი და თავადვე უნდა გადაწყვიტონ თავიანი პროდუქციის გასაღების საკითხი, მით უმეტეს, რომ სპეციალისტები „როსპოტრებნადზორიდან“ გამუდმებით პოულობენ წუნს ამ ქვეყნებიდან იმპორტირებულ ნაწარმში“.

„იზვესტიის“ ცნობით, რუსეთმა რამდენიმე თვის წინ აკრძალა უკრაინული საკონდიტრო ნაწმარმისა და ალკოჰოლის იმპორტი, საქართველოს კი 2006 წლიდან დაწესებული ემბარგო 2012 წელს, ანუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მოეხსნა. რუსეთის ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის მოცულობა 57 პროცენტით გაიზარდა.

ჟურნალი „კომერსანტ ვლასტი“ კი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე წერს. 24 აგვისტოსათვის დანიშნულ არჩევნებზე ერთმანეთს ორი ძირითადი კანდიდატი - ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა და უშიშროების სამსახურის ყოიფლი უფროსი ასლან ბჟანია - დაუპირისპირდება, თუმცა მათ გარდა პრეზიდენტობისთვის ასევე იბრძვიან თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქიშმარია და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონილ ძიაპშბა.

სტატიის ავტორის, ოლგა ალიონოვას თქმით, საინფორმაციო ომში, რომელსაც კანდიდატთა საარჩევნო შტაბები აწარმოებენ, აქტიურად გამოიყენება საქართველო-აფხაზეთის ომის თემა. ასლან ბჟანიას გამოუქექეს კიდეც ერთგვარი კომპრომატი იმ რამდენიმე თვის სახით, რომელიც თურმე მას ომის დროს აფხაზეთში არ გაუტარებია. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აფხაზეთის საზოგადოებას აღელვებს, რუსეთთან ურთიერთობის ფორმატის ცვლილებაა, თუმცა, როგორც „კომერსანტ ვლასტის“ კორესპონდენტი შენიშნავს, პრეზიდენტობის კანდიდატები ამ საკითხს დელიკატურად უვლიან გვერდს. ლაპარაკია რუსეთთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს ეკუთვნის. შექმნილი ვითარების თანახმად, თუ რომელიმე კანდიდატი გამოვა რუსეთთან ასოცირებული ურთიერთობის წინააღმდეგ, მაშინ დაკარგავს რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობას, თუ მხარს დაუჭერს, მაშინ დაკარგავს ამომრჩევლის მხარდაჭერას. სტატიის ავტორმა თვითაღიარებულ რესპუბლიკაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ კომენტარი სთხოვა აფხაზ პოლიტილოგ არდა ინალ-იფას, რომელმაც თქვა:

„თუ შენ გაქვს დიდი პრობლემები სუვერენტიტეტსა და ეკონომიკასთან დაკავშირებით და დამოკიდებული ხარ სხვა სახელმწიფოზე, თუნდაც ყველაზე კეთილგანწყობილ სახელმწიფოზე, მაშინ ძნელად გადარჩები რომელიმე ექსტრემალური ვითარების დროს. ანქვაბთანაც ზუსტად ასეთი პრეტენზია გვქონდა. ჩვენ არასაკმარისად ვიყენებთ შიდარესურსებს და პრაქტიკულად მთლიანად ვართ დამოკიდებული გარე ეკონომიკაზე. ჩვენ დამოკიდებული ვართ არა ჩვენს მთავრობაზე, არამედ მეზობელი ქვეყნის მთავრობაზე. ეს კი სუვერენიტეტის სრული დაკარგვის საშიშროებას გვიქმნის“.

XS
SM
MD
LG