Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 30 სექტემბერი


„საქართველო შედის წინაკრიზისულ მდგომარეობაში“ - ამ სათაურით აქვეყნებს „ნეზავისიმაია გაზეტა“ სტატიას, რომელშიც ავტორი, რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი, საქართველოში შექმნილ ვითარებას ადარებს უკრაინისას, სადაც, სტატიის მიხედვით, ოლიგარქიულ დაჯგუფებებს შორის სტრატეგიული რესურსების განაწილებისათვის ბრძოლა პროვოცირებული სამოქალაქო ომის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ფრაგმენტი სტატიიდან:

„როგორ შეიცვლება ვითარება საქართველოში, პირველ რიგში, დამოკიდებულია გეოპოლიტიკური ძალების ბალანსის ცვლილებაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სუამის სივრცის დასაუფლებლად მოსკოვი და ვაშინგტონი გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებიან, რის დასტურადაც გამოდგება ამერიკის სენატის გადაწყვეტილება, მოლდავეთი, უკრაინა და საქართველო გამოცხადდნენ განსაკუთრებული სტატუსის მქონე მოკავშირეებად. რუსეთმა შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილებას გარკვეული გამაფრთხილებელი ნაბიჯებით უპასუხა. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მიანიშნა საქართველოს, სომხეთისა და ირანის დამაკავშირებელი სტრატეგიული გზების შესაძლო მშენებლობის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის ნეიტრალიტეტით. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო სთავაზობს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის ტერიტორიაზე გახსნას სპეციალური ბაზა, რომელზეც მომზადებას გაივლიან ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მებრძოლი რაზმები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, აშკარაა, რომ საინფორმაციო ფონი განუხრელად იძაბება“.

სტატიაში, რომელსაც „ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვეყნებს, ასევე ჩამოთვლილია რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გამართლდა ყოფილი მმართველი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“, გაქრობის მოლოდინი.

გაზეთი „კომერსანტი“ კი თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ წერს. სტატიის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს რეჯებ ტაიპ ერდოანისაგან მიუღია პირობა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. მხარეებმა ასევე განიხილეს აზეიბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი. საუბარია ტრანსანატოლიის გაზსადენის მასშტაბურ მშენებლობაზე, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანული გაზი, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში მოხვდება. „კომერსანტის“ მიხედვით, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და ის მუქარა, რომელიც თურქეთისა და კავკასიისათვის მომდინარეობს სირიასა და ერაყში მებრძოლი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოსაგან“.

„შრომითი მიგრანტებისთვის რუსული პენსიები ხელმისაწვდომი გახდება“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, ევრაზიულ სივრცეში საპენსიო ფონდებს საშუალება ექნებათ აამოქმედონ საპენსიო ვალდებულებების ურთიერთჩათვლის სისტემა, რომლის წყალობითაც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შრომითი მიგრანტები შეძლებენ პენსიის მიღებას იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში მუშაობდნენ ისინი - შესაბამისი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტი კი 2015 წლისთვის მომზადდება.

რუსეთის საპენსიო ფონდის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის სერგეი აფანასიევის თქმით, ახალი შეთანხმების მიხედვით, ჯამურ თანხას პენსიონერი მიიღებს საცხოვრებელ მისამართზე, ევრაზიულ კავშირში შემავალი ქვეყნების საპენსიო ფონდები კი ურთიერთჩათვლით გაასწორებენ ანგარიშს ერთმანეთში.

„იზვესტიის“ თანახმად, 2011 წლიდან დღემდე მიგრანტ მშრომელებისთვის

გახსნილია 1 მილიონი ინდივიდუალური ანგარიში. სიახლის მიზანია, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მიგრანტებმა შეძლონ თავიანი საპენსიო უფლებების რეალიზება იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ ისინი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG