Accessibility links

logo-print

„ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გადაუხდიან რუსეთს კინოფონდის ციფრულ ფორმატში გადაყვანისთვის“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „იზვესტიამ“ სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმ სირთულეზე, რაც აფერხებს „გოსფილმფონდში“ დაცული ფილმების ციფრულ ფორმატში გადაყვანის პროცესს. საქმე ისაა, რომ კინოფონდი ეძებს სახელმწიფო დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს, რათა ციფრულ ფორმატში გადაიყვანოს ფონდში დაცული და ფირზე შენახული 50 ათასი ფილმი. როგორც „იზვესტიას“ „გოსფილმფონდის“ ხელმძღვანელმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა უთხრა, უახლოეს მომავალში ფონდი შესთავაზებს ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებს დააფინანსონ მათი კინოსტუდიების მიერ გადაღებული ფილმების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, რის სანაცვლოდაც ეს ქვეყნები მიიღებენ საბჭოთა კინოსტუდიებში გადაღებული ფილმების ციფრულ ასლებს. სტატიის მიხედვით, „გოსფილმფონდში“ ინახება ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში გადაღებული დაახლოებით 6 ათასი ფილმი, მათ შორის, 2 ათასი უკრაინული, 700 ქართული, 600 ბელორუსული და 500 - უზბეკური ფილმი. სულ, ჯამში, მოსკოვის გარეუბნის დაბა ბელიე სტოლბიში მდებარე ფონდში ინახება მეფის რუსეთის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში გადაღებული 70 ათასი ფილმის ორიგინალი. ამასთან, ფილმების საავტორო უფლებები ეკუთვნით კინოსტუდიებს, თუმცა „გოსფილმფონდი“ კინოფირების ერთადერთი მფლობელია. რაც შეეხება ციფრულ ფორმატში გადაყვანას, „იზვესტიის“ მიხედვით, 2002 წლიდან დღემდე სამუშაოს მხოლოდ მესამედია შესრულებული და პროცესი იმდენად ნელა მიმდინარეობს, რომ, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხევაში, მის დასრულებას 30-40 წელი დასჭირდება. ფრაგმენტი სტატიიდან:

„რამდენიმე დღის წინ საქართველომ „გოსფილმფონდთან“ გააფორმა მემორანდუმი ყველა ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმის მიღებაზე. მალე გაფორმდება კონტრაქტი, რომლის პირობების შესაბამისად, „გოსფილმფონდი“ ციფრულ ფორმატში გადაიყვანს 700-ზე მეტ ფილმს“.

გაზეთი „კომერსანტი“ კი რუსეთში ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ამოქმედებული ახალი რეგულაციის შესახებ წერს. „საზღვარგარეთულ პასპორტებს საზღვარგარეთ მალავენ“ - ამ სათაურით გამოქვენებული სტატიის მიხედვით, 4 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, რომლის ფარგლებშიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უნდა მიემართათ მიგრაციის ფედერალური სამსახურისათვის, რომლის ხელმძღვანელობის მოლოდინის წინააღმდეგ, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ მხოლოდ 50 ათასმა ადამიანმა განაცხადა. არადა, იმავე რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, 1992 წლიდან დღემდე 6-მა მილიონმა უცხოელმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. რუსეთში მოქმედი ორგანიზაციის „სამოქალაქო თანადგომის“ ხელმძღვანელი სვეტლანა განუშკინა მიიჩნევს, რომ მოქალაქეები გაურბიან სახელმწიფო ორგანოებთან შეხებას, რადგანაც არ ენდობიან მათ. გარდა ამისა, გაუგებრობას იწვევს შეტყობინების პროცედურის როგორც მიზანი, ასევე ბუნდოვანება. „მაგალითად, სამხრეთ ოსეთში ხალხს აქვს სამ-სამი პასპორტი - სამხრეთ ოსეთის, საქართველოსი და რუსეთისა - და ამის გამო არ იციან როგორ მოიქცნენ“, ამბობს სვეტლანა განუშკინა.

ფონდ „მიგრაცია 21-ე საუკუნის“ ხელმძღვანელი ვიაჩესლავ პოსტავინი კი მიიჩნევს, რომ ბევრი ადამიანი იმის გამო არ აცხადებს მეორე მოქალაქეობის შესახებ, რომ ეშინია რეპრესიული ღონისძიებებისა.

„ნეზავისიმაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია რუსული რუბლის ვარდნის შესახებ. საქმე ისაა, რომ 1998 წლის დენომინაციიდან მოყოლებული 1 დოლარის ფასმა პირველად გადააჭარბა 40 რუბლს. სტატიის მიხედვით, რუსეთის ეროვნული ვალუტის ვარდნა შეაჩერა ცენტრალურმა ბანკმა, რომელმაც რუბლის კურსის შესანარჩუნებლად 700 მილიონი დოლარი დახარჯა. ამასთან, რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე ქსენია იუდაევა ირწმუნება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბანკი მზადაა რუბლის კურსის შესანარჩუნებლად მთელი სავალუტო მარაგი - 460 მილიარდი დოლარი - დახარჯოს.

მაინც რამ გამოიწვია რუბლის ასეთი მასშტაბური ვარდნა? ამ კითხვის პასუხად „ნეზავისიმაია გაზეტა“ მკითხველს სთავაზობს ექსპერტთა მოსაზრებებს. „როსგოსტრახბანკის“ დეპარტამენტის დირექტორი დმიტრი ემელინი მიიჩნევს, რომ რუბლის ვარდნა განაპირობა დოლარის გამყარებამ და ნავთობის ფასის მკვეთრმა შემცირებამ. ასევე ნეგატიური როლი ითამაშა სავალუტო ლიკვიდურობის დეფიციტმა, რაც რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა გამოიწვია. კომპანია „ფინექსპერტიზის“ წარმომადგენელი ვიქტორ დემიდოვი კი დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სანქციების შედეგად კაპიტალის რუსეთიდან გადინებამ და მოსახლეობის ავმა წინათგრძნობამ: რუსეთის სულ უფრო მეტ მოქალაქეს აშფოთებს ხვალინდელი დღე და ამის გამო აქტიურად ყიდულობს უცხოურ ვალუტას.

XS
SM
MD
LG