Accessibility links

logo-print

„საქართველოს პრეზიდენტს ბრიტანეთის მონარქად აქცევენ“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთი „კომერსანტი“ სტატიას, რომლის ქვესათაურში ვკითხულობთ: „ქვეყნის მეთაურს მართვის ბერკეტებს ართმევენ“. სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მწვავდება ბრძოლა ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის. საქმე ისაა, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა „უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები, რომელთა მიღების შემთხვევაში არსებითად შეიზღუდება პრეზიდენტის გავლენა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე. ცვლილების მიხედვით, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის აღარ იქნება ფინანსთა მინისტრი. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შეუმცირდება უფლებამოსილება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ უშიშროების საბჭოს მდივანს. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მას აღარ ექნება უფლება გამოითხოვს სამინისტროებიდან ინფორმაცია საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების თაობაზე, ისევე როგორც ვეღარ მოახდენს კრიზისების სამართავად უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის ინიცირებას. გარდა ამისა, პრეზიდენტი ვეღარ მოიწვევს მინისტრებსა და დეპუტატებს საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, თუ არ ექნება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა.

ფრაგმენტი სტატიიდან: „ასუსტებს რა უშიშროების საბჭოს, მთავრობა ართმევს პრეზიდენტს პროცესებზე გავლენის უკანასკნელ ბერკეტს და აქცევს მას სიმბოლურ ფიგურად, მსგავსად დიდი ბრიტანეთის მონარქისა“.

„ერთი ჯარი ორისათვის“ - ამ სათაურის ვრცელი სტატიით გამოეხმაურა ინტერნეტგამოცემა „გაზეტა“ რუსეთის მიერ აფხაზეთისათვის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტის შეთავაზებას. სტატიის მიხედვით, პროექტი შეტანილია აფხაზეთის პარლამენტში და ის შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას.

„გაზეტას“ რედაქციას ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებული აქვს ხელშეკრულების იმ მუხლებზე, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შექმნას ეხება. ამის შესახებ ლაპარაკია ხელშეკრულების მეშვიდე მუხლში, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთ წელიწადში მხარეები ქმნიან ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებას ერთიანი სარდლობით, თუმცა სამხედრო აგრესიისა და ომის დროს დაჯგუფების სარდალს ერთპიროვნულად დანიშნავს მოსკოვი. კიდევ ერთი ფრაგმენტი ხელშეკრულების პროექტიდან:

„რუსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების თავსებადობის მიღწევისათვის, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს სამ წელში მხარეები ახორციელებენ სამხედრო მმართველობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ეტაპობრივ უნიფიკაციას. ასევე ერთობლივად ამზადებენ აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ფედერაციის ნორმატიული აქტების შესაბამისად“.

სტატიის მიხედვით, ყოველივე ეს ნიშნავს აფხაზეთის ჯარის რეფორმირებას არა მხოლოდ რუსულ ყაიდაზე, არამედ რეფორმირებას რუსი სპეციალისტების ხელმძღვანელობით. კავკასიის საკითხებში ექსპერტის ივან სუხოვის თქმით, ხელშეკრულების სწორედ ეს პუნქტი იქცევა საჯილდაო ქვად მხარეებს შორის, რადგანაც რუსეთის შეიარაღებული ძალები დღეისათვის წარმოადგენს მუდმივად მოქმედ ჯარს, მაშინ როცა აფხაზეთის არმია ძირითადად ეყრდნობა რეზერვისტებს, რომლებიც მზად არიან იარაღით ხელში დაიცვან რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ბევრი აფხაზი სამხედრო მონაწილეობდა საქართველოსთან ომში, ისინი დღემდე ითვლებიან ადგილობრივი სოციუმის თვალსაჩინო წევრებად, რომლებიც ჯარის ნებისმიერ რეფორმირებას, მათ შორის, გარდაუვალსაც, მტკივნეულად შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG