Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 21 ოქტომბერი


რუსეთის აფხაზეთთან დაახლოებამ შესაძლოა ავნოს მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობას - ასეთი მოსაზრებაა გამოთქმული გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც ლაპარაკია აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინტეგრაციის გაღრმავების ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების მიმართ საქართველის ხელისუფლების მიერ გამოხატულ ნეგატიურ პოზიციაზე.

სტატიის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ასე ძალიან პირველად გაუარესდა. სტატიის შესავალშივე „კომერსანტის“ რედაქცია მკითხველს სთავაზობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინკოგნიტო წარმომადგენლის კომენტარს: „აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას, აქვს უფლება ინტეგრირდეს ვისთანაც უნდა და რამდენადაც უნდა“. ამავდროულად, მოსკოვში დარწმუნებულნი არიან, რომ სოხუმთან შეთანხმების გაფორმება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს საფრთხეს ვერ შეუქმნის, თუმცა რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტმა უკვე დაასვა დაღი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრას, რომელიც ისე დასრულდა პრაღაში, რომ მხარეებმა, პირველად აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, არ დაასახელეს შემდეგი შეხვედრის მიახლოებითი თარიღიც კი. რუსული გამოცემა ციტირებს ზურაბ აბაშიძის განცხადებას, მოსკოვი ცდილობს აფხაზეთის ანექსირებასო.

სტატიაში ასევე მოტანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წუხილი „აფხაზ ძმებზე“ და კიდევ, გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთისა და საქართველოს მორიგი დაპირისპირება პროვოცირებულია აფხაზეთის ელიტის ნაწილის მიერ, რომელმაც შეგნებულად გაასაჯაროვა ხელშეკრულების პროექტის შინაარსი და ამით, იცოდნენ რა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, დამატებითი პრობლემები შეუქმნა მოსკოვს.

„ალყაში მყოფი ციხესიმაგრის სინდრომი“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ყოველდღიურმა საქმიანმა გაზეთმა „რბკ-დეილმა“, რომელიც „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგების გამოკვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის კრიზისმა გაზარდა იმათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ურთიერთობა ნეგატიურია. ამავდროულად, გამოირკვა, რომ რუსეთის მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის კონფლიქტის პირობებში ცხოვრება. გამოკვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა 84 პროცენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთს ჰყავს მტრები.

„ლევადა-ცენტრის“ დირექტორის მოადგილის ალექსეი გრაჟდანკინის თქმით, ესაა უკანასკნელი 25 წლის აბსოლუტური რეკორდი

„მტრის ხატის საბჭოთა კომპლექსი მასობრივი ცნობიერებიდან სრულად არც არასოდეს გამქრალა, მაგრამ ხელისუფლების რიტორიკამ და ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი ზრდა გამოიწვია“.

გამოკითხულთა 79 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიზისის დროს დასავლეთის სახელმწიფოების ერთიანი პოზიცია მოსკოვის პოლიტიკის მიმართ აჩვენებს მათ მისწრაფებას დათრგუნოს რუსეთი და შეამციროს მისი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაში.

სტატიაში მოტანილია პოლიტოლოგ იგორ ბუნინის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებს შენარჩუნებული აქვთ „ალყაში მყოფი ციხესიმაგრის ფსიქოლოგია“ და კონფლიქტების დროს, როცა ყველა იქცევა homo politikus-ად, წინა პლანზე გამოდის მთვლემარე მანიქეველური ცნობიერება „ჩვენ და ისინი“.

გამოკვლევამ ასევე აჩვენა ერთი ნიშანდობლივი ცვლილება: რუსეთის მოქალაქეთა 22 პროცენტი მიიჩნევს, რომ ტერორიზმის საფრთხე მომდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ერთი წლის წინ ასე ფიქრობდა გამოკითხულთა მხოლოდ 4 პროცენტი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG