Accessibility links

logo-print

გაზეთი „კომერსანტი“ გამოეხმაურა საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და მისი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“, გეგმებს. რუსული გამოცემის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი ორისათვის“ მიცემულ ინტერვიუში მიანიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით არარეალურია და რომ ალტერნატიული გზის სახით განიხილება მასობრივი საპროეტსტო გამოსვლები. „კომერსანტი“, იშველიებს რა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ინტერვიუს, ვარაუდობს, რომ საპროტესტო მუხტის გასაღვივებლად - მათ შორის, 15 ნოემბრისათვის დანიშნულ მიტინგზე - გამოყენებული იქნება ანტირუსული ლოზუნგები. შემთხვევით არაა, რომ სტატიის სათაურად გამოტანილია შემდეგი წინადადება: „მიხეილ სააკაშვილი იყენებს რუსეთს ძალაუფლებისათვის ბრძოლაში“. თუმცა სტატიაში იმაზეცაა საუბარი, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება ყოფილი მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის სამზადისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების ხელში ჩაგდების მუხლით.

„მშვიდობით, დსთ“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია „ნოვაია გაზეტამ“, რომელიც უკრაინის კრიზისის ფონზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას სავალალო მომავალს უწინასწარმეტყველებს, თუმცა სტატიაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, დსთ არც არასოდეს ყოფილა თანამეგობრობა, რადგანაც აზერბაიჯანი და სომხეთი ისე გახდნენ ამ ორგანიზაციის წევრები, რომ ერთმანეთთან ომი არ შეუწყვეტიათ. მეტიც, რუსეთ-საქართველოს ომამდეც კი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა ყველა შესაძლო სახის სავაჭრო ომი, - მათ შორის, ნავთობის, გაზის, რძის, ხორცის, ღვინისა და სხვა ნაწარმის ექსპორტ-იმპორტზე, - უფრო სწორად, ამ ომებს აწარმოებდა რუსეთი ცალკე აღებულ ყველა ქვეყანასთან: „დსთ არანაირი თანამეგობრობა არაა. ესაა რუსეთის გაზის მომხმარებელთა გაერთიანება, ანუ დსთ-ს საფუძველია გაზი და არა შეხედულებათა ერთიანობა. გავიხსენოთ, როგორ შევიდა ბელორუსია საბაჟო კავშირში. რუსეთმა 30 პროცენტით შეუმცირა გაზის მიწოდება დავალიანების გამო, მაგრამ როგორც კი ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა საბაჟო კოდექსს, ყველაფერი მაშინვე გამოსწორდა“.

სტატიაში მოტანილია ბელორუსიის ყოფილი პრეზიდენტისა და დსთ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის სტანისლავ შუშკევიჩის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც,

რუსეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოსტელცინისეულმა დსთ-მ შეწყვიტა თავისი ფუნქციების შესრულება, ვლადიმირ პუტინმა კი, დააყენა რა ცენტრში რუსეთი, იმთავითვე შეცვალა ურთიერთობების მთელი სისტემა. ასე რომ, დსთ დღეს - ეს უკვე თითქმის საბჭოთა კავშირია, ცენტრით მოსკოვში და უფლებით, უკარნახოს თავისი პირობები ყველას. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ 15 მოკავშირე რესპუბლიკიდან დსთ-ს მხოლოდ ექვისაღა შემორჩა.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი აქვეყნებს სტატიას რუსეთის ეროვნული ვალუტის - რუბლის - განუხრელ გაუფასურებასთან დაკავშირებით, რასაც არც სავალუტო აუქციონებმა უშველა და არც საგადასახადო პერიოდმა. გაზეთი მკითხველს სთავაზობს ეკონომისტ ვასილი ზაბოლოცკის მოსაზრებას:

„რაც უფრო იაფია ნავთობი, მით უფრო ძლიერია კორელაცია მის ფასსა და რუბლის კურსს შორის. ეს გარემოება დროთა განმავლობაში იწყებს პრევალირებას და საგადასახადო პერიოდი და სხვა პოზიტიური ფაქტორები - მათ შორის, მონეტარული - ვერ ახდენს არსებით გავლენას“.

სტატიის თანახმად, 27 ოქტომბერს რუბლმა მორიგი რეკორდული ვარდნა განიცადა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა ბანკმა 2,5 მილიარდი დოლარის ინტერვენცია განახორციელა.

გაზეთი ასევე ესაუბრა ბიზნეს კონსალტინგ ცენტრის წარმომადგენელს, ვლადიმირ ტიხომიროვს, რომლის თქმითაც, რუბლის ვარდნის შეჩერება შეუძლია ორ რამეს: ან დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და სანქციების გაუქმებას, რაც პერსპექტივაში მოსალოდნელი არაა, ანდა ნავთობის გაძვირებას. ჰიპოთეტურად არსებობს მესამე ვარიანტიც - მაკროეკონომიკის გაუმჯობესება, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG