Accessibility links

logo-print

„კიევი აქცენტს ქართულ რეფორმებზე აკეთებს“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც უკრაინის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის გუნდის სულ უფრო და უფრო მეტი წევრი ინიშნება თანამდებობაზე. სტატიის ავტორის თქმით, კიევში იმედოვნებენ, რომ ქართველი მოხელეების დახმარებით მოხერხდება საქართველოს რეფორმათა ანალოგიური რეფორმების გატარება უკრაინაში. მაგალითად, „კომერსანტის“ თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის შესაძლო მიწვევას უკრაინაში უკავშირებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის წარმოებას. ოფიციალური კიევის მიწვევა უკვე მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტის ყოფილმა მოადგილეებმა ეკატერინე ზღულაძემ და გია გეწაძემ. უფრო ადრე უკრაინის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად დაინიშნა ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში ანალოგიურ პოსტს იკავებდა. სტატიის დასკვნით ნაწილში, კომერსანტის რედაქცია მკითხველს სთავაზობს გია ხუხაშვილისა დაგოგა ხაინდრავას პოზიციებს: პირველი მიიჩნევს, რომ ზღულაძე უდავოდ მაღალი დონის პროფესიონალია, მაგრამ ვანო მერაბიშვილის მოადგილეობა მის მორალურ მხარეს ცუდად წარმოაჩენს, ხაინდრავა კი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის თანაგუნდელები უკრაინას ისევე დაუპავენ, როგორც დაღუპეს საქართველო.

„კომერსანტი“ ასევე წერს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებაზე. სტატიაში, რომლის სათაურია „საჭირო ოსეთი“, საუბარია ეგრეთ წოდებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების დოკუმენტის შინაარსზე, რომელიც რედაქტირების შემდეგ მნიშვნელოვნად შეცვლილა. შეთანხმების პირვანდელი ვერსიით, ცხინვალის ძალოვანი სტრუქტურები სრულად უნდა შერწყმოდა რუსეთის შესაბამის უწყებებს, შეთანხმების რედაქტირებული ტექსტი კი აღარ ითვალისწინებს ადგილობრივი ძალოვანი უწყებებების გაუქმებას. სტატიაში ვკითხულობთ:

„შეთანხმების ოფიციალური პროექტის მიხედვით, რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აყალიბებენ თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან კონტურს, კერძოდ, ქმნიან გაერთიანებული ჯარების რეგონალურ დაჯგუფებას, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტის ბაზაზე. სამხრეთ ოსეთის არმიის მოდერნიზაცია, დაფინანსება და უზრუნველყოფა მოხდება რუსეთში მიღებული სტანდარტის შესაბამისად“.

თუმცა, როგორც სტატიიდან ირკვევა, შეთანხმების დოკუმენტის ეს ვარიანტი არ მოსწონს მმართველ პარტიას, „ერთიან ოსეთს“, რომელიც სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედარაციის შემადგენლობაში შესვლის მომხრეა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ორი ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურების შერწყმა ამ პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

გაზეთმა „ვედომოსტიმ“ კი გამოაქვეყნა „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, რეკორდულად მაღალია რუსეთის მოქალაქეების პოზიტიური დამოკიდებულება იოსებ სტალინისადმი. გამოკითხულთა 52 პროცენტი მიიჩნევს, რომ სტლინმა რუსეთის ისტორიაში დადებითი როლი შეასრულა. რესპონდენტთა მხოლოდ 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ სტალინის როლი ნეგატიური იყო. სხვა ისტორიული პერსონაჟების შეფასებისას, გამოკითხულთა ნახევარმა მიიჩნია, რომ ნიკოლოზ მეორემ რუსეთს უფრო მეტი გაუკეთა, ვიდრე დაუშავა. ლენინის მოღვაწეობას პოზიტიურად აფასებს გამოკთხულთა 36 პროცენტი, ხოლო ბორის ელცინისას - მხოლოდ 11 პროცენტი.

„ვედომოსტი“ მკითხველს აქვე სთავაზობს ლევადა-ცენტრის დირექტორის მოადგილის ალექსანდრ გრაჟდანკინის მოსაზრებას სტალინის რეიტინგის ზრდასთან დაკავშირებით. რუსი სოციოლოგის თქმით, სტალინისადმი დადებით დამოკიდებულებას განსაზღვრავს გამარჯვება დიდ სამამულო ომში: „გამარჯვების 60 წლისთავის საზეიმო აღნიშვნიდან მოყოლებული, სტალინის ფიგურამ შეიძინა პოზიტიური დამოკიდებულება რუსეთის მოქალაქეების შეფასებებში. სულ უფრო მეტი ადამიანი იხსენებს მის მოღვაწეობას უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობაზე და სულ უფრო ნაკლებად საუბრობენ სტალინის მმართველობის დროს განხირციელებულ სასტიკ რეპრესიებზე“. „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ტრადიციულად, სტალინი პოპულარულია უფროსი თაობის მოქალაქეებში, ანუ იმ ადამიანებში, რომლებმაც ზრდასრულობის ასაკს გასული საუკუნის 80-იან წლებამდე მიაღწიეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG