Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2015 წ., 8 ივლისი


„საქართველოს საბერძნეთის დეფოლტის ეშინია“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც ლაპარაკია საბერძნეთის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების გავლენაზე საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსზე. რუსულ გამოცემას საქართველოს ეროვნულ ბანკში უთხრეს, რომ საქართველოში ფულის გადარიცხვა შეჩერებულია იმის გამო, რომ საბერძნეთში ბანკები არ მუშაობენ და, შესაბამისად, ქართველი ემიგრანტებიც ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასებს. „კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს ოფიციალურ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, 2014 წელს საბერძნეთში მომუშავე 150 ათასმა საქართველოს მოქალაქემ სამშობლოში გადარიცხა 205 მილიონი დოლარი. გაზეთი შენიშნავს, რომ ამ მაჩვენებლით საბერძნეთი მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაციის შემდეგ: რუსეთიდან საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, 710 მილიონი დოლარი ირიცხება. „მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში საბერძნეთიდან საქართველოში მხოლოდ 50 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ამგვარი შემცირება ნეგატიურ გავლენას იქონიებს ლარის კურსზე. რამდენიმე თვის წინ ეროვნული ვალუტის 35-პროცენტიანი გაუფასურება გამოიწვია რუსეთიდან გადარიცხვების მოცულობის შემცირებამ, რისი მიზეზიც იყო რუბლის მასშტაბური დევალვაცია. შესაბამისად, თუ საბერძნეთის კრიზისი დროში გაიწელა, ბევრი ქართველი დაკარგავს სამსახურს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე“, წერს გაზეთი „კომერსანტი“

„წელიწადი ზრდის გარეშე“ - ამგვარი ნეგატიური პროგნოზი აქვს სათაურად გამოტანილი გაზეთ „როსბიზნესკონსალტინგში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა ვერ შენელდება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალზე ადრე. რუსული გამოცემა ციტირებს Reuters-ის ეკონომისტების ანალიზს: მოხმარების ტემპი შემცირდება ინფლაციის შემცირების ფონზე, თუმცა მრეწველობასა და ინვესტიციების მიმართულებით მოსალოდნელია უფრო ღრმა ვარდნა.

ეკონომისტები მეორე და მესამე კვარტალში ელოდებიან მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას, შესაბამისად, 4,1 და 3,7 პროცენტით. პირველ კვარტალში ვარდნამ 2,2 პროცენტი შეადგინა. ექსპერტები ასევე ნეგატიურ პროგნოზს აკეთებენ ინვესტიციების მოზიდვის დინამიკასთან დაკავშირებით. 2015 წელი რეკორდულად ცუდი აღმოჩნდა მომხმარებლებისათვის. საუბარია უკანასკნელ 17 წელზე. პირველ კვარტალში შიდა კერძო მოხმარების მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა 9 პროცენტით, რაც ყველაზე მკვეთრი ვარდნაა 1998 წლის კრიზისის შემდეგ.

გაზეთი „იზვესტია“ კი იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო ქმნის იმ არაკომერციული ორგანიზაციების რეესტრს, რომლებიც მიუღებელია რუსეთისათვის. როგორც სტატიიდან ირკვევა, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე იქმნება განყოფილება, რომელიც თანდათანობით (გამოვლენის შესაბამისად) შეივსება ამგვარი ორგანიზაციების ჩამონათვალით. სტატიის მიხედვით, სიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი კონსტანტინ კოსაჩევი, რომლის თქმითაც, უნდა შეიქმნას იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებიც ერევიან რუსეთის საშინაო საქმეებში და ცდილობენ ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლას. რუსი პოლიტიკოსის თქმით, შემთხვევით არაა, რომ ამ ორგანიზაციების დაფინანსება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 37 მილიარდი რუბლიდან 70 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა.

კონსტანტინ კოსაჩევის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ფედერაციის საბჭომ კი უკევე მოითხოვა 12 არაკომერციული ორგანიზაციის ე. წ. სტოპრეესტრში შეტანა. ეს ორგანიზაციებია: „ღია საზოგადოების ინსტიტუტი“, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ფრიდომ ჰაუსი“, ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“, „დემოკრატიის აღმოსავლეთევროპული ცენტრი“, უკრაინელთა მსოფლიო საკოორდინაციო საბჭო და სხვა. სტატიას რუსეთისათვის არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრის შექმნის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ აქვეყნებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG