Accessibility links

"საქართველო აპირებს გადაიქცეს „უსაფრთხოების ექსპორტიორად“ ნატოსთვის“ - ამ სათაურით გამოეხმაურა გაზეთი „კომერსანტი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სტატიის თანახმად, საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა დაარწმუნა ამერიკელი პარტნიორები, რომ თბილისი არ გადაუხვევს ნატოში გაწევრიანებისკენ აღებულ კურსს და რომ საქართველო განაგრძობს მონაწილეობას ალიანსის ავღანურ მისიაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე განიხილა საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის დეტალები. „კომერსანტის“ ცნობით, ცენტრი, რომელიც თბილისის მახლობლად ვაზიანში განთავსდება, სექტემბრის პირველ ნახევარში გაიხსნება და მასში მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. რუსული გამოცემა ციტირებს თინათინ ხიდაშელის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთებულ განცხადებას: „ეს პროექტი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუმცა, წარმატების შემთხვევაში, ცენტრმა შესაძლოა შეიძინოს რეგიონალური მნიშვნელობა და საქართველო უსაფრთხოების იმპორტიორიდან იქცეს ექსპორტიორად“.

„კომერსანტი“ აქვეყნებს ასევე სტატიას, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები პოლიტიკური რისკების შესაბამისადაა დაყოფილი. პუბლიკაცია ეყრდნობა საკომუნიკაციო ჰოლდინგის „მინჩენკო კონსალტინგის“ გამოკვლევას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნების არასტაბილურობაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, უკრაინის კრიზისი და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრებთან, თუმცა, როგორც კვლევის ავტორები შენიშნავენ, კავკასიაამ ფაქტორების გაჩენამდეც გამოირჩეოდა არასტაბილურობით, თუნდაც იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ რეგიონში ექვსი შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა და მთელ რიგ მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან დიპლომატური ურთიერთობა არა აქვთ.

გამოკვლევის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის ყველაზე სტაბილური სახელმწიფო აზერბაიჯანია, რეგიონის ყველაზე დიდი ეკონომიკის ქვეყანა, რომელიც მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისათვის. გაზისა და ნავთობის საბადოების გარდა, ბაქოს ძლიერ მხარედ მიიჩნევა მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა და უნარი დააბალანსოს ამერიკის, ევროკავშირის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელისა და არაბული სამყაროს ინტერესები.

აზერბაიჯანს მოსდევს საქართველო, რომლის სტაბილურობას, გამოკვლევის ავტორთა აზრით, ასუსტებს მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტიკური რისკები - მაგალითად, კონკურენცია მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, პირველის ეროზიისა და მეორის ლიდერთა ღია დევნის ფონზე. გამოკვლევაში საუბარია ასევე საქართველოს მცდელობაზე დაუახლოვდეს დასავლეთს, რომელიც არ კონვერტირდება კონკრეტულ შედეგებში. ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, რომელიც, საქართველოში ხელისუფლების შეცვლისა და საგრძნობი ნორმალიზების მიუხედავად, მაინც რთულად მიიჩნევა: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი და საქართველოს საგარეოპოლიტიკური არჩევანი - ასეთია ის სამი წითელი ხაზი, რომელთა გადაკვეთისთვის არც ერთი მხარე არაა მზად. საქართველოს სტაბილურობას ასევე საფრთხეს უქმნის პანკისის ხეობაში ისლამური განწყობების ზრდა და იქაური ახალგაზრდებით „ისლამური სახელმწიფოს“ რიგების შევსება.

დაბოლოს, სომხეთი, რომელსაც, გამოკვლევის ავტორთა მტკიცებით, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ყველაზე მაღალი პოლიტიკური რისკები აქვს როგორც საშინაო, ასევე საგარეოპოლიტიკური მიმართულებით. სომხეთის ოთხი სახელმწიფო საზღვრიდან ორი (თურქეთი და აზერბაიჯანი) ჩაკეტილია, ხოლო დარჩენილი ორი -საქართველოსა და ირანთან - მჭიდროდაა დაკავშირებული კონფლიქტურ კონტექსტებთან, რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-დასავლეთისა და ირან-ამერიკის ურთიერთობების სახით. ყოველივე ეს კი ქმნის მნიშვნელოვან წინაღობას ინვესტიციების მოზიდვისა და სიღარიბის დაძლევის გზაზე, რომ არაფერი ითქვას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გალღვობის საფრთხეზე. ცალკეა გამოყოფილი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც სომხეთის მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკური პარტნიორად რჩება, რაც, ერთი მხრივ, ეხმარება სომხეთს სტატუს-კვოს შენარჩუნებაში, მეორე მხრივ კი, მჭიდრო ეკონომიკური კავშირები და რუსული ბიზნეს-გიგანტების მეგობრობა სომხეთის ხელისუფლებასთან ქმნის ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებით გამოწვეული უკმაყოფილების რუსეთზე გავრცელების საფრთხეს.

სტატიასსამხრეთი კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური სტაბილურობის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG