Accessibility links

logo-print

„ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა შეიძლება საქართველოშიც განთავსდეს“ - წერს გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომლის მიხედვითაც, ვარშავის ნატოს სამიტზე გადაწყდა ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთით: „სამიტის შემდეგ ეჭვიც კი აღარ დარჩა იმისთან დაკავშირებით, რომ უკრაინა და საქართველო უკვე იმყოფებიან ნატოს მისაღებში. რომელი ქვეყანა გადააბიჯებს პირველი ზღურბლს, ამას დრო აჩვენებს, თუმცა აშკარაა, რომ ალიანსის ხელმძღვანელობას თვალი დადგმული აქვს თბილისზე, რასაც ადასტურებს კიდეც ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადების ტექსტი“.

სტატიის მიხედვით, ერთობლივ განცხადებაში გვხვდება ისეთი ტრადიციული პასაჟები, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოწოდება რუსეთის ფედერაციისადმი, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, თუმცა აშკარა სიახლეა ის, რომ განცხადებაში საუბარია ნატოს მზადყოფნაზე დაეხმაროს ოფიციალურ თბილისს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განვითარებაში.

სტატიის ავტორი სვამს შეკითხვას, თუ ვინ შეიძლება აპირებდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში შეჭრას და რატომ უნდა აღელვებდეს ეს საკითხი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ავტორისვე თქმით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, თუკი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაში ვიგულისხმებთ რაკეტსაწინააღდმეგო სისტემას, მით უფრო, რომ თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ერთნაირად კარგად მუშაობს როგორც თვითმფრიანვების, ასევე რაკეტების წინააღმდეგ. სტატიის ავტორი მკითხველს ასევე შეახსენებს, რომ საქართველოში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების იდეა ახალი არაა და რომ არაერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა არაერთხელ მიმართა პრეზიდენტ ობამას აღნიშნული წინადადებით.

სტატიის ფინალში ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა იმდენად არის გაფუჭებული, რომ ეჭვი არავის უნდა შეეპაროს საქართველოს - ჯორჯიის - ალიანსში ინტეგრაციის ტემპის დაჩქარებაში.

გაზეთი „კომერსანტი“ კი მოსკოვში ცნობილი კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის, დაკავების შესახებ წერს. სტატიის მიხედვით, 63 წლის კალაშოვს სამართალდამცავი ორგანოები ბრალს სდებენ ფულის - 8 მილიონი რუბლის - გამოძალვასა და შეიარაღებულ თავდასხმაში, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დაკავების ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პოლიციის, ასევე უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები.

სტატიიდან ირკვევა, რომ დანაშაული მოხდა მოსკოვში 2015 წლის 14 დეკემბერს, როცა კომერციულ დავაში ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასა და რესტორან „ელემენტს“ შორის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები და კალაშოვის ხალხი. დაპირისპირება სროლითა და მსხვერპლით დასრულდა.

„კომერსანტის“ მიხედვით, 1953 წელს თბილისში დაბადებულ შაქრო კალაშოვს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. სამჯერაა ნასამართლევი და კანონიერი ქურდია 1971 წლიდან. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან, რამდენიმე თავდასხმის შემდეგ, საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთში, სადაც 2006 წელს დააპატიმრეს და 7,5 წელი პატიმრობა და 20 მილიონი ევროს გადახდა მიუსაჯეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის გათეთრებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბებისათვის. იმავე 2006 წელს კალაშოვს დაუსწრებლად 18 წელი პატიმრობა და ქონების კონფისკაცია შეუფარდა თბილსის საქალაქო სასამართლომ ადამიანის გატაცებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის.

საქართველოს მთავრობამ ესპანეთის ხელისუფლებას კალაშოვის ექსტრადიციის თხოვნით მიმართა, თუმცა 2014 წლის 28 ოქტომბერს კალაშოვი დეპორტირებული იქნა რუსეთში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG