Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2016 წ. 24 აგვისტო


„ქართველმა დივერსანტებმა უკრაინული კვალი დატოვეს“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თავიდან აიცილა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქება. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულია ხუთი მოქალაქე, კიდევ ორი კი დაკავებულია დანაშაულის დამალვისა და ტერორისტების მფარველობის ბრალდებით. რუსული გამოცემა წერს: „სულ ცოტა ორი დაკავებული პირი შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ ქართულ რაზმთან, რომელიც უკრაინაში იბრძვის დონბასისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების წინააღმდეგ“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდა ეჭვმიტანილებს, რომლებიც დააკავეს სოფელ საგურამოსთან, როდესაც სცადეს სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების ამოღება. „კომერსანტი“ საქართველოს შინაგან სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია სამალავზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა. გამოძიება კი ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დივერსანტებს სამალავის ადგილსამყოფლისშესახებ ცნობა მიაწოდა „საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა მაღალი ჩინის ოფიცერმა“.

სტატიაში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, რის პასუხადაც სტატიაში მოტანილია ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით დარჩიაშვილის, კომენტარი, რომლის მიხედვითაც, „უკრაინის ხსენება იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება აპირებს არჩევნების წინ ამ უცნაური ისტორიის პოლიტიკურ პროვოკაციად გამოყენებას“.

„ნოვიე იზვესტია“ კი რუსეთში მოახლოებული საპრლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შესახებ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაზე წერს სტატიაში, სათაურით „რუსეთის მოქალაქეების მეოთხედი მზად არის გაყიდოს საკუთარი ხმა“. „ლევადას ცენტრის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 11 პროცენტი საარჩევნო ხმას გაყიდდა 5 ათას რუბლად, 5 პროცენტი კი მეტი თანხის აღებას ისურვებდა. 63 პროცენტია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც არანაირი თანხის ფასად არ ეთმობათ თავიანთი ხმა.

გარდა ამისა, სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 51 პროცენტი დარწმუნებულია, რომ არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევებით ჩატარდება. 21 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგებს გააყალბებენ ადგილობრივი საარჩევნო კომისიები, 18 პროცენტი ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას ექნება უპირატესობა საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, 15 პროცენტის ვარაუდით კი, ხელისუფლება მოისყიდის ამომრჩეველს. გარდა ამისა, ირკვევა, რომ გამოკითხულთა 35 პროცენტი არ ენდობა არც ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას და არც მთლიანად რუსეთში მოქმედ საარჩევნო სისტემას.

„2020 წლისთვის რუსეთში პარტიების რაოდენობა სამჯერ შემცირდება“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია გაზეთმა „ვედომოსტიმ“. საქმე ის არის, რომ 2016 წლის სექტემბერში რუსეთის მოქალაქეები ერთდროულად ირჩევენ როგორც სახელმწიფო სათათბიროს, ასევე 39 რეგიონალურ პარლამენტს, რამაც, ექსპერტთა ერთი ნაწილის ვარაუდით, ხელი უნდა შეუწყოს პარტიების გამსხვილებას. 2012 წელს წარმოქმნილი პარტიების უმეტესობას, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, კანონი ლიკვიდაციისგან იცავს, თუმცა ვადა შვიდი წლით არის შეზღუდული. შესაბამისად, გამოცემა ვარაუდობს, რომ მოახლოებული ერთობლივი არჩევნები გამოკვეთს პარტიების გამსხვილების ტენდენციას. დარჩება დაახლოებით 25 პარტია, დანარჩენი კი ან გაქრება, ან დაიბრუნებს პოლიტიკური მოძრაობისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG