Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2017 წ. 1 მარტი


„მოლოდინის რეჟიმი“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ ვრცელი ანალიტიკური სტატია, რომლის ავტორებმა სცადეს პასუხი გაეცათ ქვესათაურში გამოტანილი შეკითხვისთვის - როგორ გრძნობენ თავს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართული პოსტსაბჭოთა ქვეყნები? საუბარია 2008 წელს პოლონეთისა და შვედეთის ინიცირებით ამოქმედებულ პროგრამაზე, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა მონაწილეობენ. რუსული გამოცემა მკითხველს იმასაც შეახსენებს, რომ პროგრამას აქვს ოთხი განზომილება: დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესება, ვაჭრობის თავისუფალი ზონების შექმნა, ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირება და უვიზო რეჟიმის ამოქმედება. აქვე ნათქვამია, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას და რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდავეთმა აირჩიეს ევროინტეგრაციის კურსი, თუმცა, როგორც ჩანს, პუბლიკაციის მიზანია დაარწმუნოს მკითხველი, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობამ“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა, რადგან, გამოცემის თქმით, ამ ქვეყნებში დემოკრატიული ნორმების მაჩვენებელი ბევრად უარესია, ვიდრე ევროკავშირში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კონკურენტული არჩევნების, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების ცვლილების თვალსაზრისით, თავად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონცეპტი კი თვითმიზნად იქცაო. სტატიის ავტორები ცდილობენ, ასევე, პროგრამის დაკნინებას ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით და ეს მაშინ, როდესაც საქართველოსთვის მიძღვნილ ნაწილში ვკითხულობთ, რომ 2009 წლიდან ევროკავშირი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის თვალსაზრისით, თუმცა „კომერსანტი“ მაინც ასკვნის, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ამოქმედებამდეც ევროკავშირი იყო უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი მოლდავეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი იმაზე წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეცვალა დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი. გამოცემის მიხედვით, ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო პროპაგანდის რეაქცია დონალდ ტრამპზე სულ უფრო თავშეკავებული ხდება. ექსპერტები ვარაუდობენ, ასევე, ამერიკის პოლიტიკის გამკაცრებას რუსეთის მიმართ. რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მიხაილ კასიანოვი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს, დარწმუნებულია, რომ უკვე გაზაფხულიდან ტრამპი ღიად დაუპირისპირდება რუსეთის ხელისუფლებას. სტატიის თანახმად, კრემლიც სათანადოდ ემზადება მოვლენების ამგვარი განვითარებისათვის. შესაბამისად, უახლოეს მომავალში რუსეთს კვლავ ელოდება ანტიამერიკანიზმის მორიგი ტალღა.

რუსეთში დაფუძნებული ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელის, ნიკოლაი მირონოვის, აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ სახელმწიფო პროპაგანდა ისევ გამოიყენებს ძლიერი გარე მტრის იმიჯს, რომელსაც მამაცურად უპირისპირდება რუსეთი:

„ყოველ უმნიშვნელო ჩხვლეტასაც კი წარმოაჩენენ გამარჯვებად. იმ მცირე პერიოდში, რაც რუსეთის ტელევიზიები თავს იკავებენ ამერიკაზე თავდასხმისაგან, პროპაგანდა წააწყდა უზარმაზარ პრობლემას, ფაქტობრივად - შაბლონების რღვევას, რადგანაც, თუ ყველაფერი ამერიკის ბრალი არ არის, მაშინ გამოდის, რუსეთს ჰყავს სუსტი პრეზიდენტი, რომელსაც არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა“, წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG