Accessibility links

logo-print
„საქართველო იწყებს სააკაშვილის დროს გამოტანილი განაჩენების გადახედვას“ - ამ სათაურით გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლაპარაკია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის დამტკიცების შემთხვევაში სამი წლის ვადით შეიქმნება 15 კაციანი სპეციალური კომისია, რომელიც საჩივრების საფუძველზე 2004-2012 წლებში სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების კანონიერებას შეისწავლის. გაზეთის მონაცემებით, საქართველოს იუსტიიცის სამინისტროში უკვე შესულია შესაბამისი შინაარსის 10 ათასზე მეტი განცხადება. რუსულ გამოცემას მოჰყავს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ციტატა, რომლის მიხედვითაც, კომისიის შექმნა სამართლიანობის აღდგენის ერთადერთი მექანიზმია: „თუნდაც 20 ან 30 საქმე რომ გადაიხედოს, უთუოდ ამაღლდება მართლმსაჯულებისადმი ნდობის ხარისხი“. თუმცა საქართველოს ხელისუფლების ამ ინციატივას ეწინააღმდეგება საპარლამენტო ოპოზიცია და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომლის თქმითაც, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების გადახედვის მექანიზმის ამოქმედება საფრთხეს შეუქმნის როგორც მართლმსაჯულების, ასევე მთელი საზოგადოების სტაბილურობას, რადგანაც განაჩენების დიდი ნაწილი, მათ შორის, ქონებრივი ხასიათისა, აღსრულებულია, შესაბამისად, შესაძლებელია საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს.

გაზეთი „კომერსანტი“ კი აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდეკაბე“) გენერალურ მდივან ნიკოლაი ბორდიუჟასთან, რომელიც ლაპარაკობს ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი განეიტრალების საშუალებების შესახებ. ბორდიუჟას თქმით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისათვის ნომერ პირველი გამოწვევაა კიბერუსაფრთხოება, ანუ საინფორმაციო ტექნოლოგიების გავლენის ზრდა უსაფრთხოების სფეროში: „აღარ არის საჭირო ჯარი, სპეცდანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობის იარაღი. ამა თუ იმ სახელმწიფოში ვითარების დესტაბილიზაციისთვის საჭიროა საკუთარი საინფორმაციო რესურსების ფოკუსირება და საზოგადოებრივი აზრის მართვა. ამგვარი საფრთხეების შესწავლის მიზნით „ოდეკაბე“-ში შეიქმნა საინფორმაციო-ანალიტიკური სტრუქტურების ასოციაცია, რომელიც საგარეო გამოწვევებთან ერთად დაკავებული ქნება დესტაბილიზაციის შიდა წყაროების განეიტრალებითაც“.

ნიკოლაი ბორდიუჟა ინფორმაციული შესაძლებლობების მაგალითად ასახელებს 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომს, როცა, ბორდიუჟას სიტყვებით, საინფორმაციო რესურსების მობილიზებით მსოფლიო თანამეგობრობა შეცდომაში იქნა შეყვანილი. მაშინ რუსეთი დაადანაშაულეს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში, როცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყოო.

ინტერვიუ ნიკოლაი ბორდიუჟასთან მთავრდება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უახლოეს გეგმებზე საუბრით. ირკვევა, რომ გადაწყვეტილია კოლექტიური საავიაციო და სპეციალური ოპერაციების ძალების შექმნა, ასევე იგეგმება საგანგებო ვითარებებზე კოლექტიური რეაგირების მექანიზმის ჩამოყალიბება. ინტერვიუს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ნიკოლაი ბორდიუჟასთან გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG