Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 11 ივნისი


გაზეთი „იზვესტია“ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და კონიაკის დაბრუნების შესახებ წერს. 2013 წლის 10 ივნისს საქართველოში წარმოებული ალკოჰოლის რუსეთში შეტანით დასრულდა შვიდწლიანი ემბარგო, რომელიც რუსეთის მთავრობამ 2006 წელს გამოაცხადა. ალკოჰოლის პირველი პარტია ეკუთვნის კომპანია „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობას“, რომლის წარმომადგენელს, ქეთი ჯურხაიძეს, „იზვესტიის“ კორესპონდენტისათვის უთქვამს, რომ რუსეთში რამდენიმე მსხვილი პარტნიორ-დისტრიბუტორი მათ ნაწარმს ძირითადად მსხვილ ქალაქებში შეიტანს. ამასთან, პირველი პარტია - 22 ათასი ბოთლი კონიაკი - გატანილი იქნა „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან. შემდეგი ქართული კომპანია, რომელიც რუსეთში ალკოჰოლურ ნაწარმს შეიტანს, „ დუგლაძის ღვინის კომპანიაა“. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის თქმით, სულ მალე ამავე გზას სხვა კომპანიებიც გაივლიან. ქართველი მეღვინეები იმედოვნებენ, რომ 2013 წლის განმავლობაში რუსეთში 8-10 მილიონი ბოთლი ღვინის გაყიდვას შეძლებენ.

„იზვესტია“ ასევე ეხმიანება რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ შიდა ქართლში ე.წ. საზღვრის გავლების მცდელობას. სტატიაში საუბარია საზღვარზე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის. სტატიის ავტორი ესაუბრა რუსეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირს, რომელსაც ვინაობის გაუმჟღავნებლად უთქვამს: „ქართული მხარის ყველა საყვედური უსაფუძვლოა. არანაირი 300 მეტრით საზღვრის გადაწევას ადგილი არ ჰქონია. ეს შეუძლებელიც კია იმის გამო, რომ მკაფიო საზღვარი არც არსებობს. საბჭოთა კავშირის დროს ადმინისტრაციული საზღვრების გავლება ძალიან თავისუფლად ხდებოდა, მათ შორის საზღვრებს ავლებდნენ სოფლებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებზე, ამიტომ მათზე დაყრდნობა შეუძლებელია. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ შესთავაზა საქართველოს მთავრობას სადელიმიტაციო სამუშაოების დაწყება, თუმცა უშედეგოდ, რადგანაც თბილისი ცხინვალს კვლავ საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. კი ბატონო, მიიჩნევს და მიიჩნიოს, მაგრამ გარკვეულ საბაზო საკითხებზე შეთანხმება აუცილებელია“.

გაზეთი „კომერსანტი“ კი აქვეყნებს სტატიას, სათაურით „საქართველო ავღანეთის სინდრომმა მოიცვა“. სტატიის მიხედვით, ავღანეთში შვიდი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა ჯარების ავღანეთიდან გამოყვანასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, თუმცა არც ხელისუფლება და არც საპარლამენტო ოპოზიცა ამ მოთხოვნას მხარს არ უჭერს. „მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, ჰკითხოს ხალხს, სურს თუ არა მას საკუთარი შვილების დახოცვა გაურკვეველ ომში, რომელიც შორეულ ავღანეთში წარმოებს“, - ნათქვამია საქართველოს ლეიბორისტული პარტიის განცხადებაში, რომელსაც „კომერსანტი“ ციტირებს. სტატიაში ასევე მოტანილია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების დასაბრუნებლად რეფერენდუმის ჩატარება საჭირო არ არის. შევარნაძე ასევე არ აკავშირებს ერთმანეთთან ავღანეთში ქართული შენაერთების ყოფნასა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. ამასთან, „კომერსანტი“ თავის მკითხველს იმასაც შეახსენებს, რომ სწორედ შევარდნაძემ მოახდინა ქართველი ჯარების გაგზავნის ინიცირება 2001 წელს ჯერ კოსოვოში, შემდეგ კი ერაყში.

როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მოქალაქეებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლოზუნგების მიმართ? ამ საკითხის შესასწავლად სპეციალური კვლევა ჩაატარა ავტორიტეტულმა სოციოლოგიური კვვლევების ორგანიზაციამ „ლევადა-ცენტრმა“, რომლის მიერ მიწოდებული შედეგები „ნეზავისიმაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს ოპოზიციის ლოზუნგებს, თუმცა მათ სულისკვეთებას მხოლოდ მცირე ნაწილი იზიარებს. მაგალითად, ლოზუნგს „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ მხოლოდ 27 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო 41 პროცენტი წინააღმდეგია. გამოკითხულთა ნახევარზე მეტისათვის ნაცნობია ლოზუნგი „რუსეთი პუტინის გარეშე“ ან „პუტინი უნდა წავიდეს“, თუმცა მათ სულისკვეთებას მხოლოდ 20 პროცენტი იზიარებს, მაშინ როცა მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 60 პროცენტია. „ნოვაია გაზეტას“ ლევადა-ცენტრის წარმომადგენელმა დენის ვოლკოვმა განუცხადა, რომ ამგვარი შედეგი ლოგიკურია სახელმწიფო პროპაგანდის გავლენის გათვალისწინებით. ვოლკოვის თქმით, რუსეთის მოქალაქეების უმეტესმა ნაწილმა არაფერი იცის ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ, რადგანაც სახელმწიფო სრულად აკონტროლებს მედიაკონტენტსა და იმ საინფორმაციო ნაკადს, რომელიც საზოგადოებას მიეწოდება. სტატიას რუსეთში ოპოზიციური პარტიებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ „ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG