Accessibility links

logo-print

„რუსეთის მოქალაქეებმა შეწყვიტეს ტანისამოსის შეძენა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „იზვესტიამ“ სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეების ნახევარზე მეტს უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ახალი ნივთი არ შეუძენია. ეკონომია კეთდება არა ახალ ტანსაცმელზე, არამედ მაღაზიებში სიარულზე უარის თქმით: რუსეთის მოქალეების დიდი ნაწილი თავად იკერავს ტანისამოსს. სტატიის მიხედვით, სოციოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ახალი მზა ტანსაცმელი შეიძინა გამოკითხულთა მხოლოდ 45 პროცენტმა, რაც 5 პროცენტით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით. კიდევ უფრო სავალალო ვითარებაა ფეხსაცმლის შეძენის კუთხით: ახალი ფეხსაცმელი იყიდა გამოკითხულთა 37 პროცენტმა, რაც წინა წლის მონაცემებზე 17 პროცენტით ნაკლებია.

როგორც ირკვევა, ტანისამოსზე უფრო მეტ ეკონომიას აკეთებენ ქალები, რომლებიც ან თავად იკერავენ, ანდა ძველის გადაკეთებით კმაყოფილდებიან. ტანსაცმლის ბაზარზე ნეგატიური გავლენა იქონია რუბლის გაუფასურებამ და უცხოური ვალუტის კურსის თამაშმა, რამაც ხარისხიანი ტანსაცმლის გაძვირება გამოიწვია. ახალზე უარის თქმის გარდა, რუსეთის მოქალაქეები ასევე იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ შედარებით იაფი მარკის ტანისამოსზე. მომხმარებელი ფასის გამო მსხვერპლად წირავს ხარისხს. ასე მაგალითად, საშუალო სიძვირის სეგმენტის ტანისამოსის მყიდველთა რაოდენობა შემცირდა 34-დან 30 პროცენტამდე, ხოლო ძვირი სეგმენტისა - 7-დან 5 პროცენტამდე. დიამეტრულად განსხვავებული სურათია იაფი სეგმენტის ტანისამოსის გაყიდვის თვალსაზრისით: მყიდველთა რაოდენობა გაიზარდა 59-დან 65 პროცენტამდე.

ამასთან, ეკონომიკურმა სიტუაციამ აიძულა რუსეთის მოქალაქეები გამოსულიყვნენ კომფორტის ზონიდან და შეეცვალათ არა მხოლოდ საყვარელი მარკის ტანისამოსი, არამედ ვაჭრობის ადგილიც. სავაჭრო ცენტრებს დაემატა ბაზრობები და ინტერნეტმაღაზიები.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი იმის შესახებ წერს, რომ გამოქვეყნდა რუსეთში 2018 წელს გასამართი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასების ცხრილი, რომლის მიხედვითაც, გაიყიდება ოთხი კატეგორიის ბილეთები: პირველი კატეგორია - ადგილები ცენტრალურ ტრიბუნებზე, მეორე კატეგორია - ადგილები ცენტრალური ტრიბუნების კიდეებსა და კარსუკანა ტრიბუნებზე, მესამე კატეგორია - ადგილები კარსუკანა ტრიბუნებზე და მეოთხე კატეგორია - ბილეთები მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის. მეოთხე კატეგორიის ყველაზე იაფი ბილეთის ფასად განისაზღვრა 1280 რუბლი, ანუ, დაახლოებით, 20 დოლარი. ამ კატეგორიის ყველაზე იაფი ბილეთი ფინალურ მატჩზე 7040 რუბლი, ანუ 100 დოლარზე ოდნავ მეტი, ეღირება. სულ რუსეთის მოქალაქეებისთვის გამოყოფილია 350 ათასი ბილეთი. რაც შეეხება სხვა კატეგორიის ბილეთებს, გახსნის მატჩზე მათი ფასი იქნება 550, 390 და 220 დოლარი. ჯგუფურ მატჩებზე ბილეთების ფასი თითქმის განახევრებულია, თუმცა მკვეთრად იზრდება მეოთხედფინალიდან. ფინალში პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ბილეთების ფასი იქნება 1100, 710 და 455 ამერიკული დოლარი.

გაზეთი „ვედომოსტი“ მკითხველს შეახსენებს, რომ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე: მოსკოვში, ს.-პეტერბურგში, კალინინგრადში, ყაზანში, ვოლგოგრადში, ნიჟნი ნოვგოროდში, სამარაში, სარანსკში, ეკატერინბურგში, დონის როსტოვსა და სოჭში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG