Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 24 იანვარი, 2012


რუსული პრესის მიმოხილვა დავიწყოთ გაზეთ „კომერსანტში“ 24 იანვარს გამოქვეყნებული სტატიით - ” ‘ხახვის ბოლქვი თვალებს წვავს’ - საქართველომ რუსეთი კულტურულ ვანდალიზმში დაადანაშაულა”. ამ სათაურის ქვეშ სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი სკანდალი მწიფდება. ამჯერად საუბარი შეეხება ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის ირგვლივ არსებულ ვითარებას.

თბილისში მიიჩნევენ, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, რომლებიც ამ ტაძარში ღვთისმსახურებას არაოფიციალურად ეწევიან, ”ბოროტი განზრახვით ანადგურებენ ტაძრის ქართულ სახეს, რასაც თითქოს რესტავრაცია უდევს საფუძვლად”, წერს სტატიის ავტორი და იქვე შენიშნავს, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა კიდეც ”ოკუპანტების ვანდალიზმის შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის განადგურების მიზნით”. ანუ ექსპერტები ამ ამბავში ხედავენ უფრო პოლიტიკურ, ვიდრე კულტუროლოგიურ ქვეტექსტს.

ილორის მე-11 საუკუნის ტაძარი უკვე რამდენიმე წელია დავის საგანს წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებსა და უმაღლეს ხელისუფლებას შორის. ქართული მხარე ირწმუნება, რომ სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ტაძრის ავთენტურობა აბსოლუტურად დარღვეულია. თბილისმა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი მოუწოდა ჩაერიონ ტაძართან დაკავშირებულ სიტუაციაში, რათა ”შეწყდეს მისი განადგურება”. იუნესკოს მისამართით გაგზავნილ წერილში საქართველოს კულტურის მინისტრი წერს: ”ტაძარზე დაიდგა ხახვის ბოლქვის ფორმის გუმბათი, რაც რუსული საეკლესიო არქიტექტურისთვის არის დამახასიათებელი; შეიღება ფასადი, - მათ შორის, აღმოსავლეთის კედელი, -ქართული წარწერების განადგურების მიზნით, თაღები კი წითლად შეიღება.”

საქართველოს ხელისუფლება ტაძრის იერსახის შეცვლაში ”მოსკოვის ხელს ხედავს” და მასთან ერთად რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისასაც, ნათქვამია „კომერსანტის“ სტატიაში. მისის ავტორი წერს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს შიდაეკლესიის განყოფილებაში ქართველი პოლიტიკოსების ბრალდების კომენტირებაზე უარი განაცხადეს.

რუსი ექსპერტების ვარაუდით კი, სკანდალს უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს, ვიდრე რელიგიური ქვეტექსტი. ”როგორც ჩანს, ქართველ პოლიტიკოსებს არ გამოსდით ეკლესიები ამ დავაში ჩართონ, - დარწმუნებულია რელიგიისა და უფლებების საკითხებში ექსპერტთა გილდიის ხელმძღვანელი, რომლან ლუნკინი. მისი სიტყვებით, რუსეთისა და საქართველოს რელიგიური ლიდერების დუმილი ადასტურებს, რომ ეკლესიები მზად არ არიან ჩაერიონ პოლიტიკაში. მიუხედავად აფხაზეთში არსებული რთული ვითარებისა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს საქართველოს კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს. თუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას ცნობს, მაშინ საპასუხოდ საქართველომ შეიძლება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიაროს და ეს მართლმადიდებლური სამყაროს კატასტროფას გამოიწვევს”, ამბობს რუსი ექსპერტი რომლან ლუნკინი.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ Human Rights Watch -ის მიერ გამოქყეყნებულ ანგარიშზე აჩერებს ყურადღებას და წერს, რომ ორგანიზაციამ საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას კრიტიკული ანგარიში მიუძღვნა. ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარება ანგარიშში არაერთმნიშვნელოვნად არის შეფასებული, წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“ და ანგარიშში მოყვანილ მხოლოდ უარყოფით მხარეებზე ჩერდება, მათ შორის აღნიშნულია, რომ 2011 წლის მაისში დედაქალაქში საპროტესტო აქციის დარბევისას ხელისუფლებამ არაადეკვატური ძალა გამოიყენა და ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს. გაზეთი, ანგარიშზე დაყრდნობით, წერს, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ამ ფაქტის ეფექტური გამოძიება. Human Rights Watch-ი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობებიდან დევნილების ძალისმიერი გამოსახლებისა და მედიის შეზღუდვის გამო, ნათქვამია „ნეზავისიმაია გაზეტაში“, რომელიც Human Rights Watch-ის ანგარიშს შეეხება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG