Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 30 აგვისტო, 2011


რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ სახელმწიფო დუმაში არჩევნები ჩატარდეს? ჩამოთვლილია ყველა პარტია: ”ედინაია რასია”, ”პრავოე დელო”, ”იაბლოკო”... ბოლოში კი არის დამატებული ერთი პარტია - ”ნახ-ნახ”, ამ სახელწოდების ქვეშ კი მინაწერია: ”ყველას წინააღმდეგ, ბიულეტენებს გავანადგურებდი”... ამ ეტაპისთვის „ნოვაია გაზეტას“ მკითხველთა ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ამ პარტიას ემხრობა.

ეს გამოკითხვა, ასე ვთქვათ, ჰაერიდან არ მოდის. ქვეყნის პრეზიდენტმა უკვე გადაწყვიტა, როდის მიეცემათ საშუალება ამომრჩევლებს საარჩევნო პრაის ლისტში პასტით ჩანიშვნა გააკეთონ, „გალოჩკა“ დასვან, ანუ მისცენ სასურველ პარტიას დუმაში ხმა... „იზვესტიას“ თქმით, ეს 4 დეკემბერს მოხდება. გაზეთი საარჩევნო კამპანიას გახსნილად აცხადებს.

თუმცა საარჩევნო მარათონი, სულ მცირე, პრესის ფურცლებზე ჯერჯერობით არ გახსნილა. ბევრია საუბარი სისტემურ პრობლემებზე, მაგალითად, მასშტაბურ კონცერტებზე პეტერბურგში, როცა სცენიდან პეტერბურგელებს ჰოლივუდის ვარსკვლავები ართობდნენ - კონცერტებზე, რომლებმაც ეიფორიის გასვლის შემდეგ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინეს რუსულ მედიაში. მედიამ ამოქექა, რომ ადამიანებს, რომლებიც კონცერტების ორგანიზებას სათავეში ედგნენ, კრიმინალური წარსული და საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ უმაღლესი მართვის ეშელონებთან. მოკლედ, სცენარი ასეთია: ჰოლივუდის ვარსკვლავები პეტერბურგში სცენიდან მაყურებელს ართობენ და მოგვიანებით იწყება გარჩევა, ვინ რამდენი შეჭამა, - ფული იგულისხმება, - ვინ რის უკან იდგა და ვის ინტერესებს ასახავდა. კონკრეტული სახელების მოძიება „ნოვაია გაზეტას“ ვებგვერდზე შეიძლება.

ქვეყნის მეორე პირი, ვლადიმირ პუტინი, სმოლენსკში ერთ-ერთ საავადმყოფოს ეწვია, სადაც ინოვაციასა და სამედიცინო დარგის სტრატეგიულ განვითარებაზე მედიას ესაუბრა. თუმცა „ნოვაია გაზეტა“ აქცენტს სხვა რამეზე სვამს: მზადება პუტინის დასახვედრად. ტერიტორიაზე პუტინის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე მინისტრები მოძრაობენ, ქუჩას საავადმყოფოს გარშემო ისე რეცხავენ, რომ ანარეკლში წვერის გაპარსვა შეიძლებაო, აღნიშნავს გაზეთი. ვერ გავარკვიეთ, რა სიხშირით ირეცხება ასე ქუჩაო, წერს გაზეთი, რადგან რეგიონის ჩინოსანი გაზეთს ეუბნება, ეს ყველაფერი გეგმისმიერად მოხდაო. გაზეთმა ასევე ვერ გაარკვია, რომელი გეგმის მიხედვით მოიტანეს სამედიცინო ცენტრში ყვავილების ქოთნები, რომლებიც პუტინის ვიზიტის შემდეგ ისევე ქოთნებით გაიტანეს უკან.

გაზეთი „ვედომოსტი“ საინტერესო რუბრიკას იწყებს. რუბრიკა სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე სოციალური ქსელის, ფეისბუკის მეშვეობით ინტერვიუების სისტემას მოიცავს, სადაც მკითხველი ჩართულია და აქტიურ რეჟიმში კითხვების დასმა შეუძლია. არსებითად ეს რუბრიკა საინტერესოა ამ კვირის თემიდან გამომდინარე. რა მოსდის სასამართლო სისტემას?- დაახლოებით ასეთია თემა ამ კვირას და ექსპერტები და მკითხველები კონკრეტულად მაგნიტსკის საქმეს განიხილავენ. ერთი მინიშნებაა იქვე რედაქციისგან, რომ ერთმანეთს ლაპარაკი დავაცადოთ: ჯერ მოვუსმინოთ, რას ამბობენ სტუმრები და კითხვები მხოლოდ ამის შემდეგ დავსვათო.

დაბოლოს, ზემოხსენებული პარტიის, ”ნახ-ნახ”-ის მანიფესტს აქვეყნებს „ნოვაია გაზეტა“. მანიფესტს ფოტოს სახით ახლავს ილუსტრაცია/ნახატი: წითელი ადამიანი საარჩევნო ყუთს დიდ უროს უმიზნებს... თვითონ მანიფესტი პოეტ და ესეისტ დმიტრი ბიკოვს ეკუთვნის. არსებითად მას ლექსის ფორმა აქვს. შინაარსი, თუ შეიძლება მისი გადმოცემა და გამარტივება, შეეხება პოლიტსივრცეში არსებულ ცინიზმს, რომელსაც ”ნახ-ნახ”-ის პარტია სიბრაზენარევი თავდაჯერებული სიცილით უპასუხებს, არა იმედგაცრუებით, არამედ უროთი ხელში, უროთი, რომელსაც „ნახ-ნახის“ პარტია სხვადასხვა პოლიტკორექტული და პოლიტსტრატეგიული ცინიზმით შეკოწიწებულ საარჩევნო ურნას უმიზნებს.
XS
SM
MD
LG