Accessibility links

logo-print
ამ კონკრეტულ შენობაში მიღებული გადაწყვეტილების იმედი არავის აღარ აქვს, იმიტომ რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად გადის სამართლებრივი ჩარჩოდან და ჩვენც გვრიყავს სამართლებრივი ჩარჩოდან...

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა გრძელდება. ტელეკომპანიის წარმომადგენლების რამდენიმე შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სასამართლოს ხისტი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება ურჩია პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. სასამართლოს არ დაასწრეს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა შენობის გარეთ გამართული ტელეკომპანიის მხარდამჭერთა აქციის ფონზე დაიწყო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, სასამართლოს დარბაზი პროცესის დაწყებიდან მალევე დაატოვებინა. როგორც ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა განმარტა, ამის მიზეზად მოსამართლემ ნიკა გვარამიას წინა სასამართლო პროცესზე ხელისშემშლელი საქციელი დაასახელა. თავად ნიკა გვარამიამ სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხდა, რომ, მოსამართლის ნებისმიერი განცხადების მიუხედავად, ეცდება სამართალმა იზეიმოს:

"ურთმელიძის დღევანდელი ჩაქუჩის დარტყმა იქნება ჩაქუჩის დარტყმა „ოცნების“ კუბოზე. აუცილებლად. იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში "რუსთავი 2" მაინც არ დაიხურება, ის არასოდეს არ იქნება ქიბარ ხალვაშის, ის არასოდეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის და ეს ერთი და იგივეა. "რუსთავი 2" არის კრიტიკული ტელევიზია, ის ყოველთვის იქნება კრიტიკული და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ, რაც არ უნდა თქვას ურთმელიძემ, სამართალმა მაინც იზეიმოს".

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, მოპასუხე მხარე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის: "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების გამო მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ტელეკომპანიის ადვოკატებმა ქიბარ ხალვაშისგან საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე700 ათასიდოლარის შეტანა მოითხოვეს, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ძმებმა ყარამანაშვილებმა კი მოითხოვეს იმავე მიზეზით და იმავე ანგარიშზე400 000 აშშ დოლარის შეტანა. ამ შუამდგომლობაზე პასუხს სასამართლო 26 ოქტომბერს გასცემს. თავის მოსაზრებებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატებიც ამ დღეს წარმოადგენენ.

სხვა შუამდგომლობებს რაც შეეხება, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობა საქმეში მესამე პირი ჩაერთოთ. საქმე ეხება ბრიტანეთსა და მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს "ჩემიქსონ ინთერნეიშენალ ელთიდისა“ და "დექსონ ლიმითედის", რომელთაგანაც ძმებმა ყარამანაშვილებმა იყიდეს ტელეკომპანიის წილები.

მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მის აცილებაზე. თუ რატომ ითხოვდნენ "რუსთავი 2“ -ისწარმომადგენლები მოსამართლის აცილებას, ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა განმარტა:

"აცილებასთან დაკავშირებული სიუჟეტები ეხებოდა საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას სავარაუდო უკანონო გარიგებასთან დაკავშირებით, რომელშიც შეიძლება იყოს მოსამართლე ურთმელიძე სს "თელასის" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, ასევე მის მიერ განხილული დავები კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ ეს არ იყო დადასტურებული ფაქტი, თუმცა ჩვენი მიზანი არ იყო, რომ ეს დადასტურებულ ფაქტად წარმოგვეჩინა. საკმარისია ამ ინფორმაციის არსებობა, რომელიც ეჭვს შეიტანდა სასამართლოს სანდოობაში".

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და მოგვიანებით, ამ დავის პარალელურად, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა:

„მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები. გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას“.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები "რუსთავი 2"-ის საქმეში ხელისუფლების ინტერესს ხედავენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გაიმეორა, რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა:

„ის, რაც ხდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ ამაში მთავრობის ჩართულობა არის აბსოლუტურად გამორიცხული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის კერძო დავა ორ სუბიექტს შორის“.

საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანიისა და, როგორც თავად ამბობს, თავისუფალი სიტყვის დასაცავად მისული "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" წარმომადგენლის ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება გასცდა სამართლებრივ ჩარჩოს და ახლა სურს ამ ჩარჩოდან გაიყვანოს მთელი საზოგადოებაც:

„ამ კონკრეტულ შენობაში მიღებული გადაწყვეტილების იმედი არავის აღარ აქვს, იმიტომ რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად გადის სამართლებრივი ჩარჩოდან და ჩვენც გვრიყავს სამართლებრივი ჩარჩოდან, რისი შედეგიც შეიძლება იყოს ძალიან საზარალო თავად ხელისუფლებისთვის, მაგრამ მთელი საზოგადოებისთვისაც“.

„რუსთავი 2“-ის წილების თაობაზე სასამართლო დავას აკვირდება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და სახალხო დამცველი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ახლა პროცესი მხოლოდ სასამართლო დარბაზში არ მიმდინარეობს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რაც მის ფარგლებს გარეთ ხდება და იმ გავლენას, რაც ამპროცესს აქვს სასამართლოზე.

„რუსთავი 2“-ის წილების თაობაზე სასამართლო დავა 26 ოქტომბერს განახლდება, თუმცა არავინ იცის, იქნება ეს ამ საქმეზე საბოლოო სასამართლო პროცესი თუ არა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG