Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს


"რუსთავი 2"-ის შენობა
"რუსთავი 2"-ის შენობა

არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი „რუსთავი 2“-ის მფლობელობის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ელოდება, რათა უფრო კონკრეტულად შეფასდეს 3 ნოემბერს გამოცხადებული განაჩენი, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ეს დოკუმენტი გააქროს ამ ეტაპისთვის არსებული ეჭვები. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის წილები ძველ მფლობელს – ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია „პანორამას“ - დაუბრუნდა, ტელეკომპანია სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. რა ვადები დასჭირდება პროცესის დასრულებას, საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის ჩათვლით, და რა შეკითხვები რჩება მესამე სექტორს?

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში უნდა გასაჩივრდეს, თუმცა საიდან დაიწყება ამ ვადის ათვლა, ეს მოდავე მხარეებისთვის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებაზეა დამოკიდებული და, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე განგვიმარტავს, თავის მხრივ, ეს სვლაც კანონით დადგენილ ვადებს უკავშირდება:

„პირველი ინსტანციის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არანაკლებ 20 და არაუმეტეს 30 დღისა, მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში და ჩაიბარონ დასაბუთებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ მიდის სასამართლოში დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მაშინ 14-დღიანი ვადის ათვლა მოხდება 30-ე დღიდან, მაგრამ თუ გადაწყვეტილება ჩაიბარა 20-დან 30 დღემდე შუალედში, გასაჩივრების 14-დღიანი ვადა აითვლება ჩაბარების მომენტიდან“.

მნიშვნელოვანია გავეცნოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოქვეყნდება უახლოეს ხანებში, იმისათვის რომ გვქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია, თუ რა საფუძველი ჰქონდა მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების გამოტანის...
უჩა ნანუაშვილი

მას შემდეგ, რაც გასაჩივრებიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნება, ამ უკანასკნელმა საქმის განხილვა, შესაძლოა, 2 თვის ფარგლებში დაასრულოს, თუმცა ასევე შესაძლებელია ამ ვადის 5 თვემდე გაზრდაც. როგორც საიას წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე განგვიმარტავს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს 14 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეთ, რის შემდეგაც უკვე აითვლება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისთვის განსაზღვრული 21-დღიანი ვადა. ხოლო უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, რის შემდეგაც უკმაყოფილო მხარემ შესაძლოა უკვე სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.

თუკი ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ვადებს შევაჯამებთ, შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში, ზემდგომ ინსტანციებში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას წელიწადზე მეტი დასჭირდება. სწორედ პროცესის მომავალი წლის არჩევნებამდე გაჭიანურების იმედი გამოხატა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 3 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ურთმელიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით. გვარამიას თქმით, „პროცესი არჩევნებამდე გაჭიანურდება, მერე კი ხელისუფლება შეიცვლება და „რუსთავი ორიც“, სასამართლოც, თავისუფალი სიტყვაც და ქვეყანაში დემოკრატიაც იქნება უსაფრთხო დემოკრატიული ძალების ხელში“. ახალი არ არის, რომ პოლიტიკური ოპონენტები და „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები კატეგორიულად არ იზიარებენ ხელისუფლების პოზიციას, რომლის თანახმად, დავა „რუსთავი 2“-ის მფლობელობისთვის არის წმინდად სამართლებრივი დავა ორ სუბიექტს შორის და რომ ხელისუფლება ამ პროცესში არანაირად არ ერევა.

ამ ეტაპზე სასამართლოს ქმედებებში დარღვევებს ვერ ხედავს სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც მეთვალყურეობდა ამ პროცესს და, როგორც ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 4 ნოემბერს, უფრო მეტ დეტალზე მსჯელობა მხოლოდ მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გახდება შესაძლებელი:

„მნიშვნელოვანია გავეცნოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოქვეყნდება უახლოეს ხანებში, იმისათვის რომ გვქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია, თუ რა საფუძველი ჰქონდა მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების გამოტანის. ანუ სასამართლო საქმეები, რა თქმა უნდა, განსხვავდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოცულობის საქმეა, რა სახის საქმიანობა – რამდენი ადამიანის, რამდენი მოწმის დაკითხვა უნდა განხორციელებულიყო და ეს დრო რამდენად იყო ან არ იყო საკმარისი ამისთვის, – ამაზე ვისაუბრებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება“.

გია გვილავა
გია გვილავა

სახალხო დამცველისგან განსხვავებით, ეჭვები და შეკითხვები რჩებათ მესამე სექტორის წარმომადგენლებს, რაზეც ისინი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ლაპარაკობდნენ. მეტიც, როგორც, მაგალითად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა გია გვილავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მართალია, მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირებს ბევრნაირი შეფასების გაკეთების საშუალებას მისცემს, მაგრამ ის ვერ გააქრობს ამ ეტაპისთვის არსებულ კითხვის ნიშნებს:

„ის კითხვები, რაც (სასამართლო განხილვის პროცესის) სისწრაფესთან, ყადაღის დაუსაბუთებლობასთან და შუამდგომლობების ნაწილის არასათანადოდ დასაბუთებასთან არის დაკავშირებული, ამის გაბათილებას პირველი ინსტანცია და ეს კონკრეტული მოსამართლე ვეღარ შეძლებენ. აწი უკვე აპელაციაზეა საბოლოო სიტყვა ამ შემთხვევაში. საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება ყველა ის შუალედური გადაწყვეტილება, რაც მოსამართლემ მთელი ამ პროცესის განმავლობაში მიიღო და ეს, დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ გახდება განხილვის საგანი და კიდევ უკეთესად გამოჩნდება, სად იყო პრობლემა და იყო თუ არა პრობლემა. მაგრამ ჩვენი ეჭვები არსებობს და ამას, სამწუხაროდ, ვეღარ გააბათილებს“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რაც დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმის შეჩერებას გულისხმობს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დრო მოაგებინა და საშუალება მისცა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG