Accessibility links

logo-print

„რუსთავი 2” საქალაქო და საკონსტიტუციო სასამართლოებში


"რუსთავი 2"-ის შენობა

"რუსთავი 2"-ის შენობა

საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა. განჩინება, მოსარჩელეთა თანახმად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ისეთ უფლებებს, როგორიცაა საკუთრების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებები. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველობა გაუუქმა დავით დვალს, ყოფილ მენეჯმენტს კი 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, ტელეკომპანია „საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად მეორე დღეა გრძელდება. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის და 198-ე მუხლის შესაბამისი ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას. სარჩელის თანახმად, აღნიშნული კანონის ნორმები შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 24-ე მუხლებსა და 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია და არ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. მათ შორის, სადავო ნორმები ქმნის შესაძლებლობას მოსამართლემ მესაკუთრეს ჩამოართვას ქონებაზე მფლობელობა დავის დასრულებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას მოსარჩელე მხარის ადვოკატები, მათ შორის, დიმიტრი საძაგლიშვილი:

“განჩინება დროებით მმართველებს უფლებას აძლევს შეცვალონ კომპანიის სარედაქციო პოლიტიკა, დახურონ რომელიმე გადაცემა, გააშუქონ ან გვერდი აუარონ ამა თუ იმ თემის გაშუქებას, სამსახურიდან გაათავისუფლონ კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტები. მმართველობის განხორციელება რევაზ საყევარიშვილის მხრიდან ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” არ არის დაცული იმისგან, რომ დროებითი მმართველი არ გამოიყენებს საკუთარ მდგომარეობას “რუსთავი 2”-ის სარეკლამო დამკვეთების მის კონკურენტ მაუწყებელში მიზიდვისათვის“.

მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები ძალიან კარგად გრძნობენ იმ მაღალ პასუხისმგებლობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ სასამართლოს სანდოობასთან...

დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ უზრუნველყოფის ის ღონისძიება, რომელიც საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გამოიყენა, არის ყველაზე მკაცრი და საკუთრების უფლების ყველაზე უფრო მეტად შემზღუდველი.

მოპასუხე მხარეს ტელეკომპანია „საქართველოს“ საქმეზე პარლამენტი წარმოადგენს. გამწესრიგებელი სხდომაც 11 ნოემბერს სწორედ საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობების განხილვით დაიწყო. მათ შორის იყო შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის განცხადების თანახმად, არსებობს გარემოებები, - კერძოდ, ახლობლური ურთიერთობა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, - რომელიც საეჭვოდ ხდის საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რამაც უმრავლესობის წევრების, მათ შორის, დეპუტატ ეკა ბესელიას უკმაყოფილება გამოიწვია:

“ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არც ისე იჩქაროს, რომ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ერთ კონკრეტულ დავასთან და ასეთი შთაბეჭდილება თუ დარჩება, უდავოდ იქნება ძალიან ცუდი ზოგადად სასამართლოსადმი ნდობის თვალსაზრისით, მაგრამ არც ისე ნელი ტემპით უნდა იმუშაონ, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში. მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები ძალიან კარგად გრძნობენ იმ მაღალ პასუხისმგებლობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ სასამართლოს სანდოობასთან“.

ოპერატიულად, მაგრამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნები თბილისის საქალაქო სასამართლომ საჩივარზე, რომელიც 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიას ლევან და გიორგი ყარამანიშვილებისა და შპს ტელეკომპანია „საქართველოს“ წარმომადგენლებმა მიმართეს: მოპასუხე მხარე 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და ამავე განჩინების მოქმედების შეჩერებას ითხოვდა.

სასამართლომ 5 ნოემბრის განჩინება, მიკერძოებულობის ნიშნით, დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის ნაწილში გააუქმა, რევაზ საყევარიშვილის ნაწილში კი ძალაში დატოვა, ხოლო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მმართველობის ვაკუუმის საფრთხის გათვალისწინებით, 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა „რუსთავი 2“-ის ყოფილ მენეჯმენტს.

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს კვლავ ნიკა გვარამია ხელმძღვანელობს. „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში მან განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს 12 ნოემბრის განჩინება არის ხრიკი საკონსტიტუციო სასამართლოს შეცდომაში შესაყვანად:

“ეს განჩინებავე საჩივრდება ისევ ურთმელიძესთან, რომელმაც შეიძლება, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ თუ უარი განაცხადა ნორმის შეჩერებაზე, მათ შორის ამ საფუძვლით, ზეგ უკვე ახალი განჩინება გამოიტანოს და თქვას, რომ დასაბუთებულია ქიბარ ხალვაშის მხარის შუამდგომლობა და ხელახლა შემომყავს დროებითი მმართველებიო. ზეგაც რომ არ თქვას, ეს გასაჩივრება ამ შუამდგომლობის აჩერებს მის მოქმედებას. შესაბამისად, დავბრუნდებით ისევ დროებითი მმართველობის რეჟიმში. ეს არის სრული სამართლებრივი დომხალი, რასაც ახლა ურთმელიძე აკეთებს. ამიტომ მე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტური ფიქცია, რომელიც შექცევადია ხვალვე“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გამწესრიგებელი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინების კონსტიტუციურობის საკითხზე გრძელდება. სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა სამართლის სპეციალისტის მოწვევასთან დაკავშირებით. მას სასამართლო 13 ნოემბერს მოუსმენს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG