Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვლენები “რუსთავი 2”-ის გარშემო და ილჰამ ალიევის ვიზიტი თბილისში


საგანგებო პრესკონფერენცია
საგანგებო პრესკონფერენცია

გასული კვირის ორშაბათს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელი შპს ტელეკომპანია „საქართველოს" სარჩელის საფუძველზე, შეაჩერა კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და მისი მფლობელების ადვოკატებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26 ოქტომბერს მიმართეს. კომპანიის იურისტების შეფასებით, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის მუხლი დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ მოპასუხე მხარეს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე შემდეგი განმარტება გააკეთა:

„შეჩერდეს საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ ქვეპუნქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომის დარბაზში გამოცხადების მომენტიდან“.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების გამო ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო დემოკრატიის გადამრჩენად მოიხსენია.

სამშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი, გააუქმა ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ამჟამინდელი მეწილეების საკუთრების უფლება და კომპანიის მფლობელებად ქიბარ ხალვაში და შპს "პანორამა" აღიარა.

სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას მოპასუხე მხარის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლის ტენდენციურობასა და საქმის პოლიტიკურ შემადგენელზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ:

ზაზა ბიბილაშვილი
ზაზა ბიბილაშვილი

„მოხდა ის, რასაც ველოდით. საქართველოში გაფორმდა ბიძინა ივანიშვილის ბნელი, ევრაზიული ტიპის დიქტატურა, რომელსაც საფუძვლად უდევს უსამართლობა, უკანონობა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასეთი ტიპის უკანონო გადაწყვეტილებები არ აღსრულდება დაუყოვნებლივ. ე.წ. ქიბარ ხალვაშს, სინამდვილეში კი ბიძინა ივანიშვილს, მოუწევს დაელოდოს ამ საქმის სრულად დასრულებას“.

5 ნოემბერს კი, გვიან ღამით, ცნობილი გახდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება, რომლის თანახმად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ამ განჩინებით უფლებამოსილება შეუწყდათ ტელეკომპანიის დღემდე მოქმედ გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას. 6 ნოემბერს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა და მისმა ადვოკატმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელებთან, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან, ასევე რევაზ საყევარიშვილთან ერთად საგანგებო პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც სასამართლო დავის სამართლებრივ მხარეზე, წილების გადანაწილებაზე, „რუსთავის 2“-ის სარედაქციო პოლიტიკასა და ტელევიზიის თანამშრომლების მომავალზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

პაატა სალია აცხადებს, რომ ეს განჩინება არ ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებას, ტელევიზიის დღევანდელ რეგისტრირებულ მფლობელებს კი, სალიას განცხადებით, განჩინების გასაჩივრება შეუძლიათ.

თავად ქიბარ ხალვაშმა კი „რუსთავი 2“-ზე საუბრისას სიტყვა „პარიტეტი“ ახსენა და თქვა, რომ, საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ის თავისი წილის ნახევარს, 50 %-ს, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებსა და ყოფილ მფლობელებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს:

ქიბარ ხალვაში
ქიბარ ხალვაში

„თუ სასამართლო საბოლოოდ დაადგენს, რომ „რუსთავი 2“ მე მეკუთვნის, მაშინ მე ჩემი წილის ნახევარს დავუთმობ ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს. რადგან მე ვიღაცამ მიკერძოებულობაში შეიძლება დამდოს ბრალი, არ ვაპირებ კომპანიის მმართველობაში მივიღო მონაწილეობა. ჟურნალისტიკა იქნება ჩემი ზემოქმედებისგან თავისუფალი და ამ საქმიანობას წარმართავენ პროფესიონალები - როგორიც არის დათო, როგორიც არის რეზო“.

6 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა, განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებში აუცილებელია საუბარი იყოს ეროსი კიწმარიშვილზეც იმ მარტივი მიზეზით, რომ ისიც იყო ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი. თუმცა ქიბარ ხალვაშმა მანამდე განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის ახლობლებს მისთვის წილის თაობაზე არ მიუმართავთ.

ტელეკომპანიის დროებითი მმართველები ყველა სასამართლო ინსტანციის ამოწურვამდე „რუსთავი 2“- ის შენობაში შესვლას არ აპირებენ. თავის მხრივ, შენობის დატოვებას არ გეგმავს ტელეკომპანიის აწ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ურთმელიძე, რომელიც თავის დროზე გვარამიამ დანიშნა და იყო მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ, ახლა, ალბათ, ცდილობს იყოს დღევანდელი უფროსობის ქვეშ. ჩვენ არ გვჭირდება კონტროლირებადი მოსამართლე...
დავით ბერძენიშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების ნაწილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ვითარებამ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების და პოლიტიკური კრიზისის სახე შეიძინოს, რისგან თავის დაღწევაც შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. შესაბამისად, ისინი ხელისუფლებას კონსულტაციების დაწყებისაკენ მოუწოდებენ.

პროცესის სახიფათო პოლიტიკურ ხასიათზე სვამდა აქცენტს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც, რეალობა, რომელიც სასამართლომ შექმნა, ხელისუფლების ინტერესში არაა:

„ძალიან სახიფათო ხასიათს იძენს ეს პროცესები. დღეს ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება. ამიტომ ურთმელიძე, რომელიც თავის დროზე გვარამიამ დანიშნა და იყო მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ, ახლა, ალბათ, ცდილობს იყოს დღევანდელი უფროსობის ქვეშ. ჩვენ არ გვჭირდება კონტროლირებადი მოსამართლე“.

პოლიტიკოსთა ნაწილის გარდა ქვეყანაში მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობდა მედიაექსპერტი ზვიად ქორიძეც.

„პოლიტიკური კრიზისის ნიშნები გაჩნდა ქვეყანაში, რისი აუცილებლობაც არ იყო. შეიძლება ქვეყანაში იყო სოციალური კრიზისი და ის დავახასიათოთ სხვადასხვა პარამეტრებით, მაგრამ როდესაც დაიწყება პოლიტიკური კრიზისი, ის მარტივად არ გვარდება და მას შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს და მე მიმაჩნია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით პოლიტიკური კრიზისისკენ მიმავალი ნაბიჯი გადადგა სასამართლომ და მე მიმაჩნია, რომ ეს იყო წახალისებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან“.

სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა მიჩუმდეს...
იან კელი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას მედიაპლურალიზმის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში. ისინი ფიქრობენ, რომ დროებითი მმართველების დანიშვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ემსახურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები.

„სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა მიჩუმდეს“, - აღნიშნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავოს ძალადობისგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას.

პროცესების სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც.

7 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეზოში 4 კარავი გაიშალა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი ზონის“ წევრები და თავისუფალი სიტყვის დამცველები განთავსდნენ.

ილჰამ ალიევი, გიორგი მარგველაშვილი
ილჰამ ალიევი, გიორგი მარგველაშვილი

კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს რაც შეეხება, გასულ კვირაში თბილისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სტუმრობდა. საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დეტალურად განიხილეს ის შესაძლებლობები, რომლებიც ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტებით იხსნება და კმაყოფილება გამოთქვა, რომ არ არსებობს არც ერთი საკითხი, რომლის გამოც შეიძლება საქართველოსთან უთანხმოება ჰქონდეს. თუმცა მოსალოდნელი იყო საუბარი ბაქოსთვის უსიამოვნო საკითხზე – საქართველოში „გაზპრომის“ გაზის შემოტანის პერსპექტივაზე. ამ კონტექსტში ალიევის მიერ წარმოთქმული ფრაზა, აზერბაიჯანს გაზის იმდენად დიდი მარაგი აქვს, 100 წლის შემდეგაც შევძლებთ დავაკმაყოფილოთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მეზობელი ქვეყნები და ევროპაცო, შესაძლოა დაკავშირებული იყო ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებასთან, აზერბაიჯანს საქართველოსთვის გაზის დამატებითი მოცულობის მოწოდების შესაძლებლობა არა აქვს და ამითაა განპირობებული საქართველოს მოლაპარაკება რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთანო“.

გასულ კვირაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა თბილისის მერიაში: ორი საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან თავისივე განცხადების საფუძველზე გადადგა, სამ სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კი ახალი კადრები დაინიშნა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG