Accessibility links

logo-print

„რუსთავი 2“-ს დროებითი მმართველები აღარ ეყოლება


სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლო

განჩინება, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველები უნდა დანიშნულიყვნენ, გაუქმდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა ძალაში რჩება ყადაღა, რომელიც „რუსთავი 2“-ის ქონებას ადევს.

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება, რომელიც "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე ნაწილობრივ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის იურისტების მოთხოვნა ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებით: გაუქმდა განჩინების ის ნაწილი, რომლის მიხედვით, ტელეკომპანიას გაქირავების უფლება ჰქონდა შეზღუდული. ყადაღა ძველებურად ეხება ტელეკომპანიის წილებსა და უძრავ-მოძრავ ქონებას.

5 ნოემბრის განჩინება, მიღებული მოსამართლე ურთმელიძის მიერ, გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ს დროებითი მმართველები აღარ ეყოლება...

„რუსთავი 2“-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ განჩინების საფუძველზე მოიხსნა ის შეზღუდვები, რომელიც ეხებოდა სტუდიის ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობების, ასევე ავტომობილების გაქირავებას და, რაც მთავარია,

„5 ნოემბრის განჩინება, მიღებული მოსამართლე ურთმელიძის მიერ, გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ს დროებითი მმართველები აღარ ეყოლება“.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ძირითად ნაწილში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოპასუხის მოთხოვნები კი შედარებით მეორეხარისხოვან საკითხებში დაკმაყოფილდა, მაგალითად, ისეთში, როგორიცაა ქონების გაქირავება:

„ეს არის, ფაქტობრივად, ერთადერთი ცვლილება, დანარჩენი ძალაში დარჩა“.

მისივე თქმით, მთავარი ის არის, რომ სარჩელის საბოლოო განხილვამდე „რუსთავი 2“ ვერ გასხვისდება:

„სარჩელის საბოლოო განხილვამდე, დავის საბოლოო დასრულებამდე შეუძლებელია კომპანიის წილებისა და ქონების გასხვისება, ასევე იპოთეკით დატვირთვა, სხვაგვარად დატვირთვა და ასე შემდეგ“.

პაატა სალია

პაატა სალია

ასევე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს დაუბრუნდათ წლიური ანგარიშის დამტკიცების უფლება, რაც თამაზ ურთმელიძის განჩინებით შეზღუდული ჰქონდათ. პაატა სალია განმარტავს, რომ ანგარიშის დამტკიცება ხდება მოგების განაწილების მიზნით. მისივე თქმით, ამჯერად „რუსთავი 2“-ს ანგარიშის დამტკიცება კი შეუძლია, მაგრამ მოგების განაწილების უფლება ჯერჯერობით შეზღუდული აქვს.

„წლიური ანგარიში ხდება საფუძველი იმისა, რომ პარტნიორებმა გაინაწილონ მოგება, თუ, რა თქმა უნდა, კომპანიას მოგება აქვს. პრინციპში, არსებითად ეს სიტუაციას არ ცვლის, რადგან მოგების განაწილება კომპანიას შეზღუდული აქვს“.

პაატა სალიას თქმით, ამჯერად ორივე მხარე ელოდება, თუ როდის ჩაბარდებათ უფრო ადრინდელი პროცესის დასაბუთებული გადაწყვეტილება. საუბარია 3 ნოემბერს საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ საქმეზე, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სარჩელი. დასაბუთების მიღების შემდეგ, 14 დღის განმავლობაში, მხარეებს შეუძლიათ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG