Accessibility links

საქართველო 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, პროცესი სოციალურად დაუცველებისთვის ე.წ. „სეთ თობ-ბოქსების“ დარიგებას ითვალისწინებს. მოწყობილობას საქართველოს ფოსტის ადგილობრივი სერვისცენტრები არიგებენ. რა ვითარებაა ამ მხრივ რუსთავში და რამდენად მომზადებული შედის ადგილობრივი ტელევიზია, ასე ვთქვათ, ციფრული ტელევიზიის ეპოქაში?

ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის ეთერში თითქმის ყოველდღე გადის საინფორმაციო ხასიათის კლიპი, რომელიც მაყურებელს ამცნობს, რომ არხმა ციფრული ფორმატითაც დაიწყო მაუწყებლობა.

როგორც ტელეკომპანიის დირექტორი გიგა ჯღარკავა ამბობს, ტელევიზია ამ ეტაპზე ე.წ. სიმულკასტის პრინციპით მუშაობს, ანუ, როცა არხის ეთერი ერთდროულად ანალოგური და ციფრული სიგნალით ვრცელდება:

„მარეგულირებლისგან [კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან] თვეზე მეტია მოვიპოვეთ ციფრული მაუწყებლობის სატესტო რეჟიმში განხორციელების უფლება. ყველაფერი კარგად გვაქვს, სხვათა შორის, შეკვეთილი გვაქვს და ძალიან მალე ჩამოვა გადამცემები, თუმცა ტესტურ მაუწყებლობას ძველი გადამცემითაც ვახორციელებთ“.

რუსთაველი ქეთევან ჯანჯღავა ტელეარხებს თავისი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე დამონტაჟებული ანტენის საშუალებით ჯივისის ფირმის ძველი მოდელის ტელევიზორში უყურებს. ამბობს, რომ ანტენა 10-12 არხს იჭერს, გადაცემების ხარისხი ამინდზეა დამოკიდებული. ამასთან, ადგილობრივი ტელევიზიის ჩვენების ხარისხს მაინცდამაინც არ უჩივის.

ქეთევან ჯანჯღავა სოციალურად დაუცველია, მისი სარეიტინგო ქულა 70 ათას ქულაზე ნაკლებია. მას სახელმწიფოსგან ე.წ. „სეთ-თობ-ბოქსი“ - მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღება - უფასოდ ეკუთვნის. ამის შესახებ ქალბატონმა ქეთევანმაც იცის. ეს ამბავი მან, სატელევიზიო კლიპების გარდა, მარტში ელექტროენერგიის გადასახადის ქვითარზე დამაგრებული სარეკლამო ფლაერიდანაც შეიტყო. მას საქართველოს ფოსტის ადგილობრივ სერვისცენტრში უთხრეს, რომ მოწყობილობას უახლოეს დღეებში მიიღებს:

„ბუკლეტზე წავიკითხე, მივედი ფოსტაში, ასე მითხრეს, 20 რიცხვისთვის იქნებაო [„სეთ-თობ-ბოქსები“], მოიტანე პირადობაო... ბაზაში ვარ, როგორც 45 ათასი სარეიტინგო ქულის მფლობელი. იქ უნდა წარვადგინო ამონაწერი და თუ მეკუთვნის, მომცემენ უფასოდ“.

საქართველოს ფოსტის რუსთავის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ მათ „სეთ-თობ-ბოქსები“ პირველ ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დაურიგეს, ასეთი კი 570 აღმოჩნდა.

„ჩვენ ჩამოგვივიდა „სეთ-თობ-ბოქსები“ თავისი მისამართებით, შტრიხკოდებით, სახელებით და მისამართებით. საქართველოს ფოსტის კურიერს მიჰქონდა „სეთ-თობ-ბოქსები“ და აბარებდა ადგილზე“, - ამბობს, საქართველოს ფოსტის ადგილობრივი ფილიალის მენეჯერი ქეთი ჭყოიძე. ის დასძენს, რომ სერვისცენტრი ახლა მოწყობილობის მეორე პარტიას ელოდება, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ 4 ათას ოჯახს დაურიგდება. სერვისცენტრი მხოლოდ აპარატურის დარიგებით შემოიფარგლება, თავად მოწყობილობის არხების მისაღებად მომართვა ტელევიზორის ტიპზე და მომხმარებლის გათვითცნობიერებაზეა დამოკიდებული.

რუსთავში კი არც ისე ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ციფრულ მაუწყებლობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.

ახალგაზრდა დიასახლისი, რომელიც რადიო თავისუფლებას ფარუშას სახელით გაეცნო, ამბობს, რომ მათი ოჯახი ტელეარხებს სატელიტური თეფშის საშუალებით უყურებს. ძირითადად თურქული და რუსული არხები აინტერესებთ, ქართულ არხებს იშვიათად უყურებენ, ციფრულ მაუწყებლობაზე კი მხოლოდ მეგობრებისგან სმენიათ.

„ერთი ჩვენი ახლობელია და ასე გვითხრა, ახალი ციფრული ანტენები გამოვიდაო“, ამბობს ახალგაზრდა დიასახლისი ფარუშა, რომელმაც ინტერვიუს შემდეგ რადიო თავისუფლებას ციფრული მაუწყებლობის შესახებ ცნობები გამოჰკითხა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG