Accessibility links

logo-print

ივლისის დადგომისთანავე თუ გადაწყვეტს მშობლიურ სოფელში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე დასვენებას, თბილისში ჩასვლისა და იქიდან გამგზავრების გარდა, რუსთაველ დამსვენებელს კიდევ ორი შესაძლებლობა აქვს, მივიდეს რუსთავის ე. წ. ახალ ავტოსადგურში და იქიდან გაემგზავროს - ძირითადად დასავლეთის მიმართულებით - ანმე-12-მიკრორაიონს ეწვიოს, სადაც ერთ-ერთი ავტოგაჩერებიდან კახეთის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები გადიან.

ე. წ. ახალ სადგურში მისულს, ორსართულიანი შენობა აღარ დაგხვდებათ, ის სამი წლის წინ დაანგრიეს. ტრიალ ადგილზე ერთი უშნო ჯიხური დგას, სადაც ბილეთებს ყიდიან. რადიო თავისუფლება მოლარეს გაესაუბრა, რომელიც ხვატ სიცხეს ვენტილატორით ებრძოდა. რესპონდენტი ქალბატონი ელენა ხელაშვილი აღმოჩნდა, რომელიც 21 წელია სამგზავრო ბილეთებს ყიდის.

„ასეთ პირობებში მუშაობაც არ შეიძლება არც მოლარის, არც დისპეტჩერის. მგზავრს არა აქვს წვიმასა და თოვლში თავშესაფარი. სველი წერტილი არა გვაქვს, არც ერთი. ჩვენ თავადაც ვწვალობთ, სადღაც შორს მივდივართ. მგზავრიც ძალიან განიცდის ამას“.

ავტოსადგურის ტერიტორია რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის სამმართველოს ეკუთვნის. ამავე სამმართველოსი იყო სადგურის შენობაც, რომელიც, ელენა ხელაშვილის თქმით, სამი წლის წინ დაანგრიეს. ქვემო ქართლის გუბერნიას მის ადგილზე სპორტული კომპლექსის აშენება სურდა, პროექტის მაკეტიც დადგეს, ტერიტორიაც მოასუფთავეს, მაგრამ მას შემდეგ, მაკეტის აღების გარდა, არაფერი გაკეთებულა.

მოლარესთან საუბრის შემდეგ რადიო თავისუფლება ჯიხურის წინ მდგარი ერთადერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ელაპარაკა. იქვე, ხის ჩრდილში, მზეს მორიდებული ბატონი გიორგი მგზავრების სიმცირეზე ჩივის:

„სადგური არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს, ტუალეტი არ გვაქვს, ხალხი არ მოდის, 10-15 წუთში უნდა გავიდე, მაგრამ ერთი კაცი არ არის“.

შედარებით მეტი დატვირთვა მე-12 მიკრორაიონიდან კახეთისკენ მოძრავ ავტოტრანსპორტს აქვს, მაგრამ იქაც სამგზავრო ბილეთებს ერთ პატარა ჯიხურში ყიდიან. ავტოსადგური, როგორც ასეთი, არ არსებობს. მძღოლები ასეთ პირობებში მუშაობას მიჩვეულნი არიან, ამიტომაც ამ პრობლემაზე მეტად მგზავრების სიმცირე აწუხებთ. აი, რას ამბობს ერთ-ერთ მძღოლი, რომელიც რუსთავი-ლაგოდეხი-რუსთავის მარშრუტს ემსახურება:

„ფულს ვერ იხდის ხალხი, უნდა მიატარ-მოატარო ყველგან, მარა გადასახადს ვერ იხდის ხალხი, რაზე ვიარო ტყუილად?! ქვეყანა ხარჯი მაქვს, ამ საწვავს უმატებენ და უმატებენ, ვეღარა ვძრავ“.

ლავრენტი ალანია, რუსთავის საკრებულოს წევრი და, ამავე დროს, პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, აცხადებს, რომ დაუშვებელია საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქს თანამედროვე ავტოსადგური არ ჰქონდეს:

„ვაპირებ დავაყენო საკითხი, რომ გამოიყოს მიწის ნაკვეთი, რომ შევთავაზოთ ბიზნესმენებს ააშენონ ავტოსადგური. არის მეორე ვარიანტი, რომ ააშენოს მუნიციპალიტეტმა და მართვაში გადასცეს ან მიჰყიდოს სხვას“.

ლავრენტი ალანია დასძენს, რომ თანამედროვე ავტოსადგური ქვეყნის არც ერთ ქალაქს არ აქვს და, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, ისინი უნდა აშენდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG