Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რუსთავის საკრებულომ ა(ა)იპ-ებს „ქამრები შემოუჭირა“


რუსთავი
რუსთავი

მთავრობის მიერ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას რუსთავის საკრებულო იმით გამოეხმაურა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ რამდენიმე არაკომერციულ იურიდიულ პირს, მოკლედ კი, ა(ა)იპს, 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტები შეუმცირა და გამოთავისუფლებული თანხა - დაახლოებით, 187 ათასი ლარი - ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართა.

მაგალითად, რუსთავის თვითმმართველობის მიერ შექმნილ სასპორტო სკოლების გაერთიანებას წელს 138 ათასი ლარი მოაკლდება, რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრს - 10 ათასი ლარი, კულტურის ცენტრს - თითქმის 14 ათასი ლარი, ხოლო ბაგა-ბაღების გაერთიანებას - 38 ათასი ლარი. გასულ კვირაში გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ამ საკითხის განხილვის წინ, უმრავლესობამ განაცხადა, რომ დაფინანსების შემცირება თავად აიპებმა მოითხოვეს.

და მართლაც, მაგალითად, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი მაღლაფერიძემ თავისი ინიციატივა პრემიებზე უარის თქმით ახსნა:

“პრემია არის დამსახურების მიხედვით. მხოლოდ იმიტომ, რომ 9-დან 6 საათამდე მოდიოდი და რაც გევალებოდა, იმას აკეთებდი, ამის გამო პრემია არ გაიცემა, ხო? ეს იყო პირობითად. ფაქტობრივად, სამ თვეში ერთხელ მეოთხე ხელფასი გაიცემოდა ყველაზე, ერქვა პრემია და რეალურად არ ასახავდა ამ სიტყვის მნიშვნელობას”.

საკრებულოს ოპოზიციური დეპუტაციიდან ა(ა)იპების დაფინანსების შემცირებას განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეწინააღმდეგებოდნენ. მაგალითად, კახა ბარათაშვილისთვის, გარდა იმისა, რომ გიორგი მაღლაფერიძის არგუმენტები არადამაჯერებელი იყო, მიუღებელი აღმოჩნდა ახალგაზრდა სპორტსმენების საზაფხულო შეკრებებისთვის აუცილებელი 60 ათასი ლარის უკან, ადგილობრივ ბიუჯეტში, დაბრუნება და სხვა მიზნით გამოყენება. ზაზა იმედაშვილმა კი ხმაურის დროს პირდაპირ იკითხა, რა მიზეზით ხდებოდა ორგანიზაციებისთვის თანხების ჩამოჭრა:

„რატომ აკლდება [დაფინანსება], საერთოდ, მაინტერესებს. სამსახურებმა მოითხოვეს თავისი ინიციატივით? რასთან არის ეს დაკავშირებული? პოლიტიკური გადაწყვეტილებაა? ვინმეს დავალებაა? ამაზე იქნებ გვითხრას ვინმემ“.

პასუხმაც არ დაახანა. საკრებულოს უმრავლესობამ, ერთ-ერთი წევრის პირით, შემდეგი განაცხადა:

„კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ მომავალი წლის პირველ იანვრამდე არ გაიცეს პრემიები. რა არის ამაში გაუგებარი? მართლაც, „შემოიჭირა ქამრები“, მაგრამ ბიუჯეტი არ შემცირებულა, სოციალურად არ შემცირებულა, ინფრასტრუქტურის დაფინანსება არ შემცირებულა, აბსოლუტურად არავის არაფერი არ დაჰკლებია“.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არაერთხელ შეახსენეს, როგორ იხარჯებოდა მათი მმართველობის დროს იმავე სასპორტო სკოლების გაერთიანებისთვის გამოყოფილი თანხები.
ეს პრეტენზიები ისმოდა სხდომიდან გამოსული დეპუტატებისა და მერიის თანამშრომლების საუბრის დროსაც, რომელიც რადიო თავისუფლებამ მათივე ნებართვით ჩაწერა:

„შარშან იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩემი შვილი [სასპორტო] შეკრებაზე წავიდა უფასოდ. რა გაუკვირდა „ნაციონალურ მოძრაობას“ სპორტთან დაკავშირებით, ვერ მივხვდი“, ეუბნებოდა მერიის წარმომადგენელი მარიკა ფიროსმანაშვილი საკრებულოს ერთ-ერთ წევრს „ქართული ოცნებიდან“.

კახა ბარათაშვილი, საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, შიშობს, რომ ა(ა)იპებისთვის დაფინანსების შემცირება და გამოთავისუფლებული თანხების სხვა მიზნით გამოყენება იმის ნიშანია, რომ წლევანდელი ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ შესრულდება:

„ყოველწლიურად [ადგილობრივი ბიუჯეტის]დაგეგმვა მეტია, შესრულება ნაკლები. შესრულება იმიტომ ვერ ხდება, რომ ვერ ასწრებდნენ [საბიუჯეტო თანხის დახარჯვას]...ამას თავისი მიზეზი ჰქონდა...ვთქვათ, 2013 წელს სხვა მიზეზი ჰქონდათ, 2014-ში - სხვა მიზეზი და, ალბათ, 2015-ში სხვა მიზეზი ექნებათ. ფაქტია, რომ ეს ქალაქისთვის არის უკუსვლა“.

ცნობისთვის: რუსთავის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის როგორც ხარჯვითი, ისე საშემოსავლო ნაწილი 44 მილიონ ლარს აღემატება, საიდანაც 14 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერია.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG