Accessibility links

logo-print

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, რუსთავის საკრებულომ 44 სხდომა გამართა, კომისიებმა კი ორჯერ მეტი. მიიღო უამრავი დადგენილება. ერთი სიტყვით, საკრებულოც მუშაობს და აღმასრულებელი ორგანოც, თუმცა მათ მუშაობას სხვადასხვაგვარ შეფასებას აძლევენ. მმართველი კოალიცია, რა თქმა უნდა, მიღწევებზე საუბრობს, ოპოზიცია კი მუშაობის უარყოფით მხარეზე ამახვილებს ყურადღებას.

დავით მაღლაკელიძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, იმ რამდენიმე მიმართულებას და პროექტს გამოყოფს, რომელიც ქალაქის თვითმმართველობის მუშაობას პოზიტიური კუთხით ახასიათებს. ეს არის ადგილობრივი ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლება და მისი წახალისება, ახალი წარმოებები და ინფრასტრუქტურა:

„ვერ დამისახელებს ვერც ერთი ადამიანი, რომ ჩვენ კერძო ბიზნესთან, რომელიც გვაქვს ქალაქში, მისულიყოს და ზეწოლა განეხორციელებინოს, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. პირიქით, გვინდა, რომ ჩვენ ეს ადამიანები მოვიზიდოთ, შევქმნათ დარბაზი, რომ ამ ადამიანებმაც მიიღონ ქალაქის განვითარებაში მონაწილეობა“.

მაღლაკელიძის განცხადებით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივით, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, რუსთავში 9 ახალი საწარმო გაიხსნა, სადაც 700 ადამიანი დასაქმდა:

„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, თანაინვესტირების ფონდის ფარგლებში, 9 საწარმო გაიხსნა უკვე რუსთავში. თუ ვინმე ინვესტორი შემოიტანს ინვესტიციებს ქვეყანაში, მათ შორის, რუსთავში, მათ გადავცემთ ხოლმე მიწის ნაკვეთებს, რაღაც უფუნქციოდ დარჩენილ შენობა- ნაგებობებს და შემდეგ ისინი [ინვესტორები] ახორციელებენ ბიზნესს. ახალ ამბავს გეტყვით: 5-მილიონიანი პროექტი უნდა განხორციელდეს რუსთავის შემოსასვლელში, მე17 კილომეტრზე“.

გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარე დასძენს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ქალაქის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაც გადაწყდა. საუბარია სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციაზე:

„სანიაღვრე სისტემები გავაკეთეთ, რომელიც ცენტრალურ მილებს შეუერთდა. ქალაქი პრაქტიკულად აღარ იტბორება და 15-წუთიანი წვიმის შემდეგ არ გვრჩება ‘ტბა-ქალაქი’“.

საკრებულოს თავმჯდომარის ოპტიმისტურ შეფასებებს, რაღა თქმა უნდა, არ იზიარებენ მისი პოლიტიკური ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობიდან“. მაგალითად, საკრებულოს წევრი კახა ბარათაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს ქალაქის ბიუჯეტმა ბოლოს 50 მილიონ ლარს გადააჭარბა, მაშინ როცა წლევანდელი ბიუჯეტი 45 მილიონ ლარსაც ვერ აღწევს. გარდა ამისა, კოალიცია ადგილობრივ ხელისუფლებაში ახალი იდეებისა და ინოვაციების გარეშე მოვიდა:

„რომ ვთქვა, რომ ეს ხალხი [კოალიცია „ქართული ოცნება“] რაიმე იდეით მოვიდა, სიახლე შემოიტანა, დაფინანსება გაუზარდა რომელიმე სტრუქტურას, ასეთი რამ არ ყოფილა. სიახლე ის არის, რომ ქალაქში ნაკლები თანხა იხარჯება“.

მამუკა აბულაძე კი, საკრებულოს ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროკავკასიის“ პრეზიდენტია, აცხადებს, რომ არ იქნება მართებული ამა თუ იმ თვითმმართველობის ორგანოს მუშაობა ცალსახად დადებითად ან უარყოფითად შეფასდეს, რადგან საქართველოში თვითმმართველობა, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მაინც ვერ ჩამოყალიბდა. მას ცენტრალური ხელისუფლების დიქტატის პირობებში უწევს მუშაობა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ის იხსენებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, როცა მან ერთ-ერთი ფაქტის გამო ადგილობრივი ხელისუფლებების მისამართით კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა:

„პრემიერ-მინისტრმა თქვა, თვითმმართველობებს თავი ყოვლისშემძლეები და ხელშეუხებლები ხომ არ ჰგონიათო. მინდა შევახსენო პრემიერ-მინისტრს, რომ მსგავსი განცხადება შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც კი არ ყოფილა, მაშინაც კი, როცა თვითმმართველობა საკანონმდებლო დროსაც კი არ გვქონია. უნდა იცოდნენ, რომ თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი შტო ცენტრალური ხელისუფლებისაგან“.

აბულაძე მიიჩნევს, რომ რუსთავის თვითმმართველობის, ისევე როგორც ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობების, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათზე დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საკმარისი ფინანსური დამოუკიდებლობა არ გააჩნიათ საკანონმდებლო დონეზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG