Accessibility links

logo-print

მარნეულის რაიონი დიდ ქალაქებს ბოსტნეულით ამარაგებს, იქვეა დიდი საკონსერვო ქარხანაც, სადაც მოსახლეობა კიტრს და პომიდორს აბარებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ წელს ბოსტნეულის ფასი შედარებით მაღალი იყო მთელი წლის განმავლობაში. იგივე შეიძლება ითქვას კარტოფილზეც, ფერმერები მიზეზად მცირე მოსავლიანობას ასახელებენ.

რუსთავის ბაზრებსა და სუპერმარკეტებში წელს ბოსტნეულის ფასი, მოსავლის აღების პერიოდშიც კი, შესამჩნევად მაღალი იყო. მაგალითად, ერთი კილოგრამი საშუალო ხარისხის პომიდვრის ღირებულება 80 თეთრ-1 ლარს არ ჩამოსცილებია. ფერმერი დავით ქიმაძე ირწმუნება, რომ ამის მიზეზი მცირე მოსავლიანობაა:

„წელს პომიდორი ვერ მოიყვანა ხალხმა, არა მარტო მე, ხალხმა ვერ მოიყვანა, არ მოვიდა, დაიწვა, გაფუჭდა... ვერ გაიგეს, რისი ბრალი იყო. ზოგი წამალს აბრალებს, ზოგი წვიმას, ანუ ამინდს აბრალებს“.

დავით ქიმაძე მარნეულში სასათბურე მეურნეობას უძღვება და სამომავლოდ ღია გრუნტის დამუშავებასაც აპირებს. სათბურებში ძირითადად პომიდორი და კიტრი მოჰყავს. დავით ქიმაძის თქმით, კიტრის მოსავალი, პომიდორთან შედარებით, უკეთესი იყო, მაგრამ შარშანდელ მაჩვენებელს მაინც ჩამორჩა:

„შარშან მივიღე 17 ტონა [კიტრი] ათას კვადრატულ მეტრზე. წელს მივიღე, ალბათ, 7 ტონა. მოკვდა, კიტრმა ვერ იცოცხლა, ვერ ისაზრდოვა. შარშან ვიყიდე ფირმისგან კიტრის თესლი და 3, 5 თვე ვამუშავე, წელს კი ორი თვე ვამუშავე ვაი-ვაგლახით“.

მეცხოველეობას და მეკარტოფილეობას მისდევენ წალკის რაიონში. საბჭოთა დროს იქ იყო ასევე სათესლე მეურნეობებიც, სადაც ადგილობრივი ჯიშის კარტოფილის თესლს აწარმოებდნენ.

ერთ-ერთი მეურნეობა სოფელ არწივიანთან იყო. ახლა ამ სოფელში ეკომიგრანტები სახლობენ. 17-მა ოჯახმა შარშან კოოპერატივი ჩამოაყალიბა და მეკარტოფილეობით დაკავდა. კოოპერატივის თავმჯდომარე მანუჩარ მიქელაძე ამბობს, რომ კოოპერატივი ბარაქიან მიწებს ფლობს, მაგრამ მთლიანად ბუნებაზეა დამოკიდებული, რადგანაც ურწყავია. სწორედ გვალვის გამო, როგორც მანუჩარ მიქელაძე ამბობს, წელს მოსავალი შარშანდელზე ნაკლები იქნება: ჰექტარზე, საშუალოდ, 13-15 ტონა:

„წელს ისეთი სიტუაციაა, რომ შეიძლება 20 პროცენტიც არ იყოს გასაყიდი კარტოფილი და იყოს გასაყიდი თესლი, რომელსაც შემდეგ - ნოემბერში, დეკემბერში, იანვარ-თებერვალში - ამოვიღებთ. დასაწყობდება. მერე ამოდიან მარნეულის, ბოლნისის და დმანისის ხალხი და იწყებენ ყიდვას“.

ბოსტნეული, ყურძენი და ხილი მოჰყავთ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში. მისდევენ მეცხოველეობასაც, მაგალითად, სოფელ წინწყაროში, სადაც გასული წლის ბოლოს ჩამოაყალიბეს კოოპერატივი, რომელიც შემოსავალს წარმოებული ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზაციით იღებს, თუმცა, როგორც კოოპერატივის თავმჯდომარე მერაბ ზიკვაძე ამბობს, რძის გადამამუშავებელი საწარმოები კოოპერატივის პროდუქციის შესყიდვაზე უარს ამბობენ. არაჟნის ან ხაჭოს დასამზადებლად ურჩევნიათ იაფი რძის ფხვნილი გამოიყენონ:

„კარგი ცხიმიანი რძე... წარმოიდგინეთ, 4,5-5-პროცენტიან რძეს აბარებდა ხალხი, მაგრამ არავინ არ მოისურვა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი რძის თვითღირებულება ერთი ლარი და ხუთი თეთრია. დაახლოებით ერთ ლარად და 10 თეთრად არავინ ჩაიბარა, იმიტომ რომ შემოსული რძის ფხვნილი რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას უჯდებოდა 52 თეთრი“.

მერაბ ზიკვაძის თქმით, ასეთ პირობებში გაერთიანება იძულებულია რძისგან ყველი აწარმოოს და ცალად თუ ბითუმად გაყიდოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG