Accessibility links

logo-print

სასჯელაღსრულების მინისტრი საკადრო გამომწვევის წინაშე


რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულება

რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს, ლევან აბურჯანიას, უფლებამოსილება შეუჩერა. პატიმრები და მათი ოჯახის წევრები 3 დღის განმავლობაში ციხის ახალი ადმინისტრაციის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ამ მოთხოვნას საფუძვლად დაედო პატიმართა განცხადებები იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი მათ რეჟიმის გამკაცრებით და დასჯით ემუქრებოდა. რუსთავის ციხეში არსებულ ვითარებას სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს. ინსპექციის 9 კაციანი შემადგენლობა #16 დაწესებულებაში დღეს შევიდა.

რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმართა ოჯახის წევრების 3-დღიანი პროტესტის და თავად პატიმართა მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების დირექტორს, ლევან აბურჯანიას, უფლებამოსილება შეუჩერდა. დირექტორის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე მინისტრ სოზარ სუბარს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიმართა.

”ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა, გენერალურმა ინსპექციამ, და გადავწყვიტეთ, რომ სანამ მოკვლევა დასრულდება და გამოიკვეთება რა ხდება, დირექტორს შევუჩეროთ უფლებამოსილება. პარალელურად ვსწავლობთ იმ პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა”,- განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
მე მზად ვარ ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო გამოძიებასთან. კატეგორიულად ვაცხადებ, საზოგადოება დარწმუნდება, თუნდაც ის ბრალდება რომ გაქარწყლდება ...

თავად რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების უკვე უფლებაშეჩერებულმა დირექტორმა ლევან აბურჯანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ ციხის ე.წ. „მაყურებლები“, ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან ადვილად აგვარებდნენ ურთიერთობებს, მის გათავისუფლებას იმ მოტივით მოითხოვდნენ, რომ ციხეზე გავლენა შეენარჩუნებინათ.

”მე მზად ვარ ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო გამოძიებასთან. კატეგორიულად ვაცხადებ, საზოგადოება დარწმუნდება, თუნდაც ის ბრალდება რომ გაქარწყლდება და ნახავენ, რომ ეს ბრალდება არის თითიდან გამოწოვილი, დარწმუნდებინ იმ რეალობაში, თუ რა უნდათ ამ ე.წ. ციხის „მაყურებლებს“ - უნდათ, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია”,- უთხრა ლევან აბურჯანიამ „რუსთავი 2“-ს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველ განცხადებებში სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარიც ამბობდა, რომ რუსთავის ციხეში ვითარება ხელოვნურად იძაბება ე. წ. „ავტორიტეტების“ მიერ. თუმცა ასეთი შთაბეჭდილება არ დარჩენია საერთაშორისო ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” რეგიონალურ დირექტორს ცირა ჭანტურიას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2 დღის წინ იმყოფებოდა რუსთავის ციხეში. მისი სიტყვებით, ციხეში პრივილეგირებული პატიმრები არ უნახავს და პატიმართა უკმაყოფილება რეალურად ციხის ახალი დირექტორის საქმიანობით იყო განპირობებული.

”რამე განსაკუთრებული მოთხოვნები მათ არ აქვთ. თვითონაც აღნიშნავდნენ, ჩვენ იმხელა გაჭირვება გამოვიარეთ მთელი ეს წლები, - იგულისხმება არაადამიანური მოპყრობა, - რომ ახლა დამატებით ახალი მუქარა, რომ ის დრო მონაგონი იქნება, ეს არისო ჩვენთვის ძალიან აღმაშფოთებელი, და როგორც მათ აღნიშნეს, თავიანთი გაჭირვება ეყოფათ, ანუ სხვა რაიმე რეჟიმის შერბილებაზე და სხვა რამეზე საუბარი არ არის”, - ამბობს ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” რეგიონალური დირექტორი ცირა ჭანტურია.
ბუნებრივია, ამ სიტუაციაში შესაძლებელია რომელიმე კადრი ისე იყოს დანიშნული, რომ რაღაც ტიპის შეცდომაც მოხდეს და ეს არის ძალიან ბუნებრივი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ასეთ დროს რეაგირება როდესაც ძალიან სწრაფად ხდება ...

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე კი ასეულობით პატიმრის განცხადების მიხედვით ასკვნის, რომ ლევან აბურჯანიამ ზედმეტად მალე მოინდომა პატიმრებისთვის ახალი წესების თავს მოხვევა, რამაც, საბოლოოდ, პატიმართა წინააღმდეგობა გამოიწვია. ამასთან, ნათია იმნაძის სიტყვებით, მართალია, სასჯელაღსრულების მინისტრი პატიმრებისადმი ჰუმანურ მიდგომაზე საუბრობდა, მაგრამ ჰუმანური მიდგომა რეჟიმის დაცვის კანონიერებას არ გამორიცხავს, თუმცა რეჟიმის დამყარება ხელოვნურად შექმნილი დამატებითი აკრაძალვებით არ უნდა განხორციელდეს, როგორც ეს თავის დროზე გლდანის #8 დაწესებულებაში მოხდა:

”მე ახლა გლდანს არ ვადრი, მაგრამ ასე დაიწყო იქაც - ნელ-ნელა აკრძალვებით და ა.შ. და, საბოლოო ჯამში, სადამდეც მივედით, ვნახეთ ყველამ. არანაირად არ ვადრი სიტუაციას, მაგრამ, უბრალოდ, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. ახლა არის ძალიან მყიფე სიტუაცია და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო იმავე კადრების შერჩევის დროს”.

როგორც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ნათია იმნაძე ვარაუდობს, პრობლემა რუსთავის ციხეში რეალურად მცდარმა საკადრო პოლიტიკამ გამოიწვია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია, არ უარყოფს, რომ ნამდვილად შეცდომა იყო ლევან აბურჯანიას რუსთავის ციხის დირექტორად დანიშვნა, თუმცა, ამასთანავე, სოზარ სუბარს დროულ რეაგირებას უწონებს:

”ბუნებრივია, ამ სიტუაციაში შესაძლებელია რომელიმე კადრი ისე იყოს დანიშნული, რომ რაღაც ტიპის შეცდომაც მოხდეს და ეს არის ძალიან ბუნებრივი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ასეთ დროს რეაგირება როდესაც ძალიან სწრაფად ხდება, ეს არის სწორედ ახალი ხელისუფლების გამორჩეული თვისება, რომ სოზარ სუბარი მაშინვე იღებს გადაწყვეტილებას და ცვლის იმ კადრებს, რომელთა მიმართაც არსებობს პროტესტი და სამართლიანი პრეტენზია”.

რუსთავის ციხეში არსებული ვითარების გამოძიების შესახებ დასკვნას სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სავარაუდოდ, 1 თვეში გამოაქვეყნებს. მანამდე კი მინისტრი სოზარ სუბარი პატიმართა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობასაც იძლევა, რაც წლების განმავლობაში არსებობდა - ეს არის იმ პატიმართა რეჟიმის შემსუბუქება, რომლებიც ამას იმსახურებენ, და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრესის შეტანა.
XS
SM
MD
LG