Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულის ბედი უკრაინაში


ცნობილი სპორტსმენი და ოპოზიციონერი, ვიტალი კლიჩკო საპროტესტო აქციაზე. კიევი, 4 ივლისი
ცნობილი სპორტსმენი და ოპოზიციონერი, ვიტალი კლიჩკო საპროტესტო აქციაზე. კიევი, 4 ივლისი
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ პოსტიდან გადადგომით გააპროტესტა კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს რუსული ენის სტატუსს უკრაინაში. პარლამენტარების მიერ სამშაბათს, ბოლო მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი მძაფრ პროტესტს იწვევს კიევის ქუჩებშიც.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, ვლადიმირ ლიტვინი ირწმუნება, რომ მოატყუეს. სამშაბათს პარლამენტში ისე იქნა განხილული კანონპროექტი „სახელმწიფო ენის პოლიტიკის საფუძვლების“ შესახებ, ისე დაამტკიცეს ბოლო მოსმენით კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს რუსული ენის სტატუსს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სხდომას არ დასწრებია. როგორც ლიტვინი ამბობს, ის პრეზიდენტთან იყო გამოძახებული.

„მომატყუეს არა მარტო მე - მოატყუეს უკრაინაც, მოატყუეს ხალხი“, – განაცხადა ლიტვინმა პარლამენტში, რომლის წევრებსაც სთხოვა, მხარი დაუჭირონ მის მიმართვას გადადგომის შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარის პროტესტის ფონია ხმაურიანი პროტესტი კიევის ქუჩებში. 2000-მდე დემონსტრანტი, რომელსაც წინ უძღოდნენ ოპოზიციონერი პარლამენტარები, დაუპირისპირდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს. პოლიციელებმა ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს აქციის მონაწილეების დასაშლელად.
პოლიტიკოსებს განხეთქილება მოაქვთ ჩვენს საზოგადოებაში. ყველა ღონეს მიმართავენ ხალხში განხეთქილების შესატანად. დღეს არ არსებობს საკითხი, როგორიცაა ენის საკითხი და ყველამ კარგად ვიცით, ვინ არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ...
ვიტალი კლიჩკო

კანონპროექტი პროტესტს იწვევს იმის გამო, რომ ითვალისწინებს რუსული ენისათვის უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე იმავე სტატუსის მინიჭებას, რომლითაც უკრაინული სარგებლობს. რუსული უნდა დამკვიდრდეს სასამართლოებში, განათლების სფეროში, ბიზნესის წარმოებაში. ასე სურს „რეგიონთა პარტიას“, რომლის ხელშიცაა საპარლამენტო უმრავლესობა და რომელსაც სათავეში უდგას უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი.

ოპონენტების აზრით, რეგიონთა პარტია ცდილობს, გაინაღდოს რუსულენოვანი ამომრჩევლების მხარდაჭერა მოახლოებულ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. არადა, ოპოზიცია შიშობს, რომ ენის შესახებ ახალი კანონი დააკნინებდა უკრაინული ენის მნიშვნელობას და საფრთხეს შეუქმნიდა უკრაინის სუვერენიტეტს.

თუმცა, იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, ის საჭიროებს პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ ლიტვინისა და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმოწერას.
უკრაინა ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფოა. დამოუკიდებლობის სიმბოლო არც ისე ბევრი აქვს. უკრაინული ენა კი უდავოდ არის სუვერენობის სიმბოლო. ძალიან ბევრი, ვისაც ეშინია დამოუკიდებლობის დაკარგვისა, ფიქრობს, რომ რუსულისათვის ასეთი სტატუსის მინიჭება, სუვერენობის დაკარგვას ნიშნავს...
ბორის ნემცოვი

მოახლოებულო არჩევნებს რაც შეეხება, იანუკოვიჩმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს ვადამდელი კენჭისყრის დანიშვნა, თუ გაგრძელდება კრიზისი, გამოწვეული რუსული ენის სტატუსის გარშემო უთანხმოებით. იანუკოვიჩი რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებს შეხვდა, მისივე თქმით, საპარლამენტო კრიზისზე მოსალაპარაკებლად.

მთელს მსოფლიოში ცნობილ უკრაინელ სპორსტმენს, მოკრივე ვიტალი კლიჩკოს ხელოვნურად შექმნილ პრობლემად მიაჩნია რუსული ენის სტატუსის გარშემო დაპირისპირება. ეს შეფასება მოკრივემ, რომელიც ამავე დროს ოპოზიციურ პარტია „უდარის“ ლიდერია, გამოთქვა კიევში, საპროტესტო აქციის მსვლელობაში საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტთან საუბრისას.

„პოლიტიკოსებს განხეთქილება მოაქვთ ჩვენს საზოგადოებაში. ყველა ღონეს მიმართავენ ხალხში განხეთქილების შესატანად. დღეს არ არსებობს საკითხი, როგორიცაა ენის საკითხი და ყველამ კარგად ვიცით, ვინ არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, - უთხრა „როიტერსს“ ვიტალი კლიჩკომ.

ასევე ოპოზიციონერი, ოღონდ რუსეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი კი, მისივე თქმით, კატასტროფულს ვერაფერს ხედავს რუსული ენის შესახებ ახალი კანონის მიღებაში, რახან უკრაინაში რუსული ყველამ იცის და ბევრისთვის ის დედაენაა.

რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი, რომელსაც ჩვენი რადიოს უკრინული სამსახურის კორესპონდენტი ესაუბრა, ასე ხსნის კანონპროექტზე უკრაინელების ნაწილის მძაფრ რეაქციას:
ბორის ნემცოვი
ბორის ნემცოვი

„უკრაინა ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფოა. დამოუკიდებლობის სიმბოლო არც ისე ბევრი აქვს. უკრაინული ენა კი უდავოდ არის სუვერენობის სიმბოლო. ძალიან ბევრი, ვისაც ეშინია დამოუკიდებლობის დაკარგვისა, ფიქრობს, რომ რუსულისათვის ასეთი სტატუსის მინიჭება, სუვერენობის დაკარგვას ნიშნავს. ჩემი აზრით, უკრაინის დამოუკიდებლობას პოლიტიკური ძალებიდან და საღად მოაზროვნე ადამიანებიდან ამის შემდეგ არავინ გამოეთხოვება. სხვა საქმეა, რომ, როცა სახელმწიფო ახალგაზრდაა, ასეთი შეშფოთება, ასეთი ფობიები არსებობს და ამას ვერაფერს მოუხერხებ.“

ასეა თუ ისე, ენის სტატუსის განხილვა, მითუმეტეს შეცვლა ემოციურ რეაქციებს იწვევს უკრაინის 45-მილიონიან მოსახლეობაში, რომლის დიდი ნაწილიც - სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის მკვიდრნი - დედა ენად რუსულს ასახელებს მაშინ, როცა უკრაინული დომინირებს დასავლეთ და ჩრდილოეთ უკრაინაში.
XS
SM
MD
LG