Accessibility links

logo-print
რუსული ბეჭდური მედიისა და ინტერნეტგამოცემების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის ვლადიმირ ჩირიკინის სტუმრობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეოთხე და მეშვიდე ბაზებია დისლოცირებული. რუსული მედიის ცნობით, გენერალ-პოლკოვნიკმა ჩირიკინმა ინსპექტირება ჩაუტარა ბაზების პირად შემადგენლობას და შეამოწმა ინფრასტრუქტურის მატერიალური მდგომარეობა, სოხუმში სტუმრობისას კი განაცხადა: „აქ განთავსებულია ჩვენი მეშვიდე სამხედრო ბაზა, რომელიც სტაბილიზაციის კარგ პირობას ქმნის. ჩვენთვის აფხაზეთი, პირველ რიგში, სამხრეთელი მეზობელია. აბსოლუტურად ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო - მათ შორის, ისტორია, ამის გამო ვავითარებთ საკუთარ შეიარაღებულ ძალებს და ვეხმარებით აფხაზეთის არმიასაც, რადგანაც ნათქვამია: „თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“. თუ ძლიერები ვიქნებით, ვერაფერს გაგვიბედავენ.“

რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპროტესტო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიურ მილიტარიზაციას, იქ განლაგებული საოკუპაციო ძალების გადაიარაღებას უახლესი სამხედრო ტექნიკით, მათ შორის, შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებას და დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებების ფორმირებას. ამავე კონტექსტში უნდა იქნეს განხილული 2008 წლის სცენარით მიმდინარე გამუდმებული სამხედრო წვრთნები როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე და 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო სწავლებები "კავკასია - 2012", რითაც რუსეთი უშუალო სამხედრო საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების შესახებ წერს გაზეთი „იზვესტიაც“, უფრო სწორად, წერს იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში „საქართველოს შესახებ“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენია. როგორც ცნობილია, დოკუმენტში გამოხატულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, შეშფოთება ადგილნაცვალი პირების ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო როგორც საქართველოში, ასევე მის ოკუპირებულ ნაწილში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით. სტატიაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის შესწავლის ცენტრის დირექტორი ალექსეი ვლასოვი ამბობს, რომ დოკუმენტში ნაჩვენებია კავკასიის რეგიონში რუსეთის ყოფნის გამო დასავლეთის გამკაცრებული პოზიცია: „ივნისში სამხრეთ კავკასიას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სტუმრობდა. ამასთან, ამერიკელი მაღალი რანგის მოხელეები სისტემატურად იყენებენ ტერმინს „ოკუპირებული ტერიტორიები“, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ჯერ ევროპარლამენტის, შემდეგ კი ეუთოს ლექსიკონშიც გამოჩნდა. აშკარაა, ამ საკითხთან მიმართებით ევროპის პოზიცია სულ უფრო მკაცრდება.“

თუმცა ალექსეი ვლასოვი იმასაც შენიშნავს, რომ ჯერჯერობით კავაკასიაში რუსეთის საპირწონე რეალური სისტემის ჩამოყალიბებამდე შორია და რომ ამისათვის საჭირო იქნება კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოყალიბება ევროკავშირის შიგნით და ინიციატივა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

საქართველოს შესახებ წერს ყოველკვირეული „კომერსანტ ძენგი“, რომელიც აქვეყნებს სტატიას, სათაურით „ნაბახუსევი „ბორჯომის“ გარეშე“. სტატიაში ვკითხულობთ: „როდესაც ექვსი წლის წინ ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისათვის საზღვარს კეტავდნენ, რუსეთში იმედოვნებდნენ, რომ სერიოზულ დარტყმას მიაყენებდნენ საქართველოს ეკონომიკის უმთავრეს დარგებს. თუმცა ყველაფერი პირიქით გამოვიდა: ემბარგომ საქართველოს მძლავრი სტიმული მისცა ახალი ბაზრების მოსაძიებლად და მისი ეკონომიკა უფრო მეტად სტაბილური გახადა. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, მან მხოლოდ დანაკარგი მიიღო. აკრძალული ქართული ღვინის ადგილი დიდი ხანია კონკურენტებმა დაიკავეს, მაგრამ რაც შეეხება „ბორჯომს“, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მისი შეცვლა ვერავინ მოახერხა“.
XS
SM
MD
LG