Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2015 წლის 7 იანვარი


„საქართველო აპირებს რუსეთი ჩართოს მსხვილ ენერგეტიკულ პროექტში“ - ამ სათაურით აქვეყნებს საქმიანი გაზეთი „ვზგლიადი“ სტატიას, რომელშიც შავი ზღვის ნაპირზე, სუფსაში, მსხვილი ენრგეტიკული ცენტრის შექმნის პერსპექტივაზეა საუბარი. გაზეთის მიხედვით, პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია, ამბობს, რომ ცენტრის მშენებლობა, რომელიც უთუოდ დააინტერესებს რუსეთსა და დასავლეთს, ჯამში, 17 მილიარდი დოლარი დაჯდება, თუმცა პირველ რიგში აშენდება ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სუფსაში, სადაც ჯერ კიდევ 1990 წელს მიყვანილი იქნა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი. გიორგი ჭანტურიას თქმით, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ამ პროექტს ამერიკელები ამუშავებდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მისი განხორციელება ვერ მოხერხდა, თუმცა ახლა თავად საქართველოს შეუძლია ამ პროექტის აღდგენის ინიცირება, მით უმეტეს, რომ, ფაქტობრივად, ყველაფერი ისედაც მზად არის:

„ჩვენ ვიქნებით ეგრეთ წოდებული „ენერგეტიკული ჰაბი“, სხვა სიტყვებით, ენერგეტიკული ცენტრი შავი და კასპიის ზღვების რეგიონში. ამასთან, სავსებით რეალური და ორმხრივად მომგებიანია პროექტში რუსეთის ენერგეტიკული პოტენციალის ჩართვა. მეორე მხრივ, სრულად ვუპასუხებთ ევროპის ენერგეტიკული სტრუქტურების მოთხოვნებს, რომლებიც შემუშავებულია მომავალი ათი წლის პერსპექტივით. ამასთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ევროკავშირთან“.

გიორგი ჭანტურიამ რუსულ გამოცემას ისიც უთხრა, რომ მუშავდება ასევე კიდევ ერთი ნავთობსადენის მშენებლობის პროექტი. ლაპარაკია აფხაზეთის გავლით ნოვოროსიისკ-სუფსის ნავთობსადენზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დერეფანს მიუერთდება. შედეგად, გიორგი ჭანტურია მიიჩნევს, რომ შესაძლებელი გახდება ყაზახეთსა და რუსეთში მოპოვებული მეტი ნავთობის ტრანსპორტირება.

სტატიის ფინალში ლაპარაკია იმაზე, რომ პროექტის რეალიზაცია შეიძლება დაიწყოს 2015 წლის სექტემბერში და რომ მისი ინიციატიორი ქართულ-ამერიკული კომპანია „ინტერ ენერჯი გრუპია“.

„ნოვაია გაზეტა“ კი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის იმ გადაწყვეტილების შესახებ წერს, რომლის თანახმადაც უნდა შეიქმნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების სახელმწიფო მარაგი. დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება არახელსაყრელი ეკონომიკური ვითარების გამო მიიღო. 4 იანვარს მთავრობამ დაამტკიცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ვერონიკა სკვორცოვას თქმით, შედგება 608 დასახელების პრეპარატისგან, რომელთა 67 პროცენტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იწარმოება.

„ნოვაია გაზეტა“ იმის შესახებაც წერს, რომ რუსეთის მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს დაავალა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა, რაც, რედაქციის ვარაუდით, რუბლის მასშტაბური ვარდნის ფონზე ძნელად მისაღწევი იქნება.

„რუსეთის სახელმწიფო სათათბირო კვლავ აპირებს ღვინისა და ლუდის რეკლამის აკრძალვას“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „იზვესტია“. სტატიიდან ირკვევა, რომ რუსეთის ლიბერალულ-დემოკრატიული პარტიის ფრაქცია აპროტესტებს რეკლამის შესახებ კანონში იმ ცვლილების შეტანას, რომელმაც შესაძლებელი გახადა რუსული წარმოების ღვინისა და ლუდის რეკლამის განთავსება ტელე და რადიოეთერში. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იაროსლავ ნილოვი ამტკიცებს, რომ კანონი რეგლამენტის დარღვევით შეიცვალა, ხოლო თავად იდეა რეკლამით ინვესტიციების მოზიდვისა და მეღვინეობის განვითარებისათვის ხელის შეწყობისა უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ვიდრე მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს.

სტატიის მიხედვით, 23 დეკემბერს კანონში შეტანილი ცვლილება შესაძლებელს ხდის ღვნისა და ლუდის რეკლამის განთავსებას ტელე და რადიოეთერში ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს საყმაწვილო გადაცემებისა და სპორტული თამაშების ტრანსლირების დრო.

რუსეთში ალკოჰოლის ტელე და რადიორეკლამა 2013 წლის 1 იანვარს აიკრძალა, თუმცა, როგორც ალკოჰოლის ბაზრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ვადიმ დრობიზის განმარტებიდან ირკვევა, აკრძალვას არანაირი გავლენა არ მოუხდენია რუსეთში ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელზე, რადგანაც, მისი შეფასებით,ალკოჰოლიზაციის მაღალ დონეს განსაზღვრავს არყის მოხმარების როგორც ტრადიცია, ასევე დაბალი ფასი, რომელიც ახალი წლიდან კიდევ უფრო გაიაფდა და 220 რუბლიდან 185 რუბლამდე შემცირდა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG