Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა წელი აგვისტოს ომიდან


მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები

8 აგვისტოს რვა წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ხუთდღიანი ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა - მათგან 30 000 დღემდე დევნილობაში რჩება. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი. წელსაც, ისევე როგორც განვლილ წლებში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

რვა წელი აგვისტოს ომიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:06:00 0:00
გადმოწერა

„რუსეთის ფედერაცია 2008 წლის შემდეგ კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით“ - ეს ამონარიდია აგვისტოს ომიდან 8 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან. იქვე ვკითხულობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმე რჩება. განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ და გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. ასეთი განცხადებები ისმოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც, სადაც, უკვე ტრადიციულად, ამ დღეს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივს მიაგებენ და გვირგვინებით ამკობენ ხოლმე.

პრეზიდენტი და მთავრობის წევრები პატივს მიაგებენ 2008 წელს დაღუპულ მებრძოლებს
პრეზიდენტი და მთავრობის წევრები პატივს მიაგებენ 2008 წელს დაღუპულ მებრძოლებს

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, დაღუპულთა ოჯახის წვერები - წელსაც, ტრადიციულად, ყველამ ერთად მოიყარა თავი. საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, განცხადებით, რუსეთს ყოველთვის ექნება პასუხი გასაცემი აგვისტოს ომის შესახებ არსებულ შეკითხვებზე:

„ქართველი ჯარისკაცების გმირობა დღესაც წელში გვმართავს და მომავლის იმედს გვაძლევს. რეალობა ის არის, რომ რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ. ეს შავი ლაქა - ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება - ეს იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ და არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ“.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად დაბრუნებაზე ლაპარაკობს მუხათგვერდის სასაფლაოზე მისული საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც:

„ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანმიმდევრული პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს“.

საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად მომხდარს ადეკვატური პასუხი გასცეს, მაგრამ სასიხარულოა, რომ ქართველი ხალხია ერთ მუშტად შეკრული და საკუთარი მომავლის დასაცავად კიდევ უფრო მეტად არის მომზადებული...
დავით უსუფაშვილი

„საქართველო მუდამ იამაყებს ამ გმირების სახელებით. მათ გვიჩვენეს სამშობლოსთვის თავდადების საუკეთესო მაგალითი და მადლობა მათ ამისათვის“, - განაცხადა თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ლევან იზორიამ. სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა კი თქვა, რომ ტკივილი, რომელიც ახლდა ამ და სხვა ომებს, ერთდროულად აშორებს კიდეც და აახლოებს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს:

„საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ემოციების გარეშე შევაფასოთ ომის შედეგები და ის მოცემულობა, რომ მავთულხლართები, დაშორიშორება და დაპირისპირება არც ერთი ჩვენგანის ინტერესში არ შედის“.

„რვა წლის შემდეგ ის ტრაგედია და ტკივილი, ალბათ, რვაჯერ უფრო მძიმედ და მწვავედ აღიქმება, იმიტომ რომ არ არის გაცემული პასუხები იმ უბედურებაზე, რაც მოხდა. საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად მომხდარს ადეკვატური პასუხი გასცეს, მაგრამ სასიხარულოა, რომ ქართველი ხალხია ერთ მუშტად შეკრული და საკუთარი მომავლის დასაცავად კიდევ უფრო მეტად არის მომზადებული“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც, რომლის განცხადებით, დღეს საქართველოს ხელისუფლების და ყველას მოვალეობაა ომში დაღუპულთა ოჯახების მოვლა და მათზე ზრუნვა:

„ეს არის სახელმწიფოს ვალი. და თითოეული ჩვენთაგანის ვალიც. და მეორე - საჭიროა თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა შევუძინოთ ჩვენს ჯარს იმისათვის, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე იყოს დაცული და გვქონდეს თანამედროვე ტექნიკა იმისათვის, რომ თუკი ჩვენს ქვეყანას კიდევ დაესხმება ვინმე თავს, ღირსეულად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა“.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ 2008 წელს დაღუპულ მებრძოლებს
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ 2008 წელს დაღუპულ მებრძოლებს

რვა წლის შემდეგ აგვისტოს ომიდან ისევ საკუთარი სახლისგან მოშორებით ცხოვრობს 30 000 დევნილი. როგორც თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“ ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ამ ხალხს დღეს ყველაზე მეტად - სოციალურ დახმარებებზე მეტად - დასაქმება და ინტეგრაცია ესაჭიროება:

„2008 წლის ომის შემდეგ დევნილი მოსახლეობა ეს იყო სოფლად მცხოვრები ხალხი, საკმაოდ წელგამართული მოსახლეობა, ძლიერი გლეხობა, ვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად რთულ პირობებში უწევდა ცხოვრება, თავისი შრომით ცხოვრობდა, და დღეს, ცხადია, არავის უხარია სოციალური პაკეტებით ყოფნა. მათ თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესება სურთ. აი, წეროვანია ამის კარგი მაგალითი, სადაც დასამუშავებელი მიწები არ არის, მაგრამ თავიანთი სახლების ირგვლივ პატარა ნაკვეთები აქვთ დამუშავებული და უამრავი რამ მოჰყავთ და მათ რომ შესაძლებლობა და მიწები ჰქონდეთ, ცხადია, მეტი შესაძლებლობა ექნებოდათ საკუთარი შესაძლებლობებით ეარსებათ“.

ზურაბ ბენდიანიშვილისათვის აგვისტოს ხუთდღიან ომს საქართველოს გზის და განვითარების ერთგვარი წყალგამყოფიც შეიძლება ეწოდოს, რადგან, მისი აზრით, საქართველოს საზოგადოების უდიდეს ნაწილში სწორედ ამ დღეებში დაესვა წერტილი კითხვას, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა, ვინ არის საქართველოს მტერ-მოყვარე და სად არის საქართველოს ყოფნის პერსპექტივა - ევროპულ საზოგადოებაში თუ ყოფილ საბჭოთა კავშირში.

8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ისევ იყვნენ შეკრებილი დაღუპულთა ოჯახის წევრები. შმაგი ნოზაძის დედა, რუსუდანი, და შმაგი ხაიკაშვილის დედა, ანასტასია, უკვე მერვე წელია იხსენებენ იმ ტრაგიკულ დღეებს. დრო გადის, ლაპარაკი დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ გმირებზე კი ისევ ძველებურად მძიმეა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG