Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სამხრეთ კავკასიის კონტექსტში


ვაშინგტონში საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის მნიშვნელობაც შეაფასეს. "ამერიკის ხმის" რეპორტაჟი, რომელიც ტელეკომპანია "იმედისთვის" მომზადდა.

უილსონის ცენტრში გამართული შეხვედრის მთავარი თემა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და მათი მომავალი იყო. კენანის ინსტიტუტის მიერ მოწვეულმა აკადემიური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებმა საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. შეხვედრას მოდერირებას შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი უწევდა.

გამომსვლელების აზრით, ერთ გეოგრაფიულ სიბრტყეში მოქცეული ქვეყნები ერთმანეთისგან მხოლოდ ენობრივი, რელიგიური და კულტურული თავისებურებებით არ გამოირჩევიან. საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების ორიენტაციაც განსხვავებული აქვთ.

„რა თქმა უნდა, ამ სამ ქვეყანას აქვს საკმაოდ ბევრი საერთო, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები იყვნენ, მაგრამ ახლა ჩანს, რომ სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. საქართველო, ალბათ, ყველაზე განვითარებულია დემოკრატიის მხრივ და რა თა თქმა უნდა, უფრო ევროპისკენ იყურება. ყველაზე დიდი წარმატება აქვს ალბათ პოლიტიკურად, ჯერჯერობით“ - აღნიშნავს პროფესორი სტივენ ჯონსი. ის საქართველოზე რამდენიმე წიგნის ავტორია. პროფესორ ჯონსმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ განსხვავებების მიუხედავად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ბევრი მსგავსი პრობლემა აერთიანებთ. უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სამივე ქვეყანაში ისევ გაყინული კონფლიქტები მოიაზრება. ყველგან მოუგვარებელია მთავარი ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის კატასტროფულად დაბალია დასაქმების მაჩვენებლები.

„თეორიულად, აზერბაიჯანი შედარებით ძლიერად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლს იქ უმთავრესად ნავთობი განაპირობებს. მეორეს მხრივ, თუკი დავაკვირდებით იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლის გატარებასაც საქართველოში მიაღწიეს, მე ვიტყოდი, რომ ეკონომიკური თვალსაზრისითაც საქართველოში მეტი პროგრესი შეინიშნება. თუმცა, მთავარი პრობლემა სამივე ქვეყანაში მაინც ერთია: ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა მაჩვენებლების მიუხედავად, ადგილზე, რეალურ დასაქმებაზე ეს მონაცემები არ აისახება, არ ითარგმნება“ - აღნიშნავს პროფესორი ჯონსი.

ის, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების მხრივ რეგიონში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, ეჭვს არ იწვევს, აცხადებს პროფესორი რონალდ სუნი. თუმცა დეიმპერიალიზაციის პერიოდში მომხდარმა კონფლიქტებმა ქვეყანას დიდი დაღი დაასვა და სახელმწიფოს კომპოზიციის რღვევა გამოიწვია. მოხსენებაში რონალდ სუნიმ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთ-ერთ მთავარ საგარეო გამოწვევად რუსეთის მეზობლობა დაასახელა, საშინაო პრობლემებში კი ნაციონალისტური განწყობების ზრდას გაუსვა ხაზი.

„კავკასიური ქვეყნების მთავარი გამოწვევები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა. პირველი, ეს არის უსაფრთხოება - შიდა და გარე... მეორე: დემოკრატიული მშენებლობა, სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა... ეთნიკურად ბევრად უფრო ჰომოგენური, საქართველოში კი პირიქით - მრავალეროვანი ქვეყნის მართვა და რა თქმა უნდა ფუნდამენტურია ეკონომიკის პრობლემა. ის, თუ როგორ უნდა აწარმოო საკმარისი პროდუქცია და შედარებით თანაბრად გაანაწილო იმ მოსახლეობაში, რომელსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მინიმალური ეკონომიკური უსაფრთხოება მაინც გააჩნდა“ - ამბობს რონალდ სუნი.

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა დემოკრატიული პროცესების გამოწვევად ჩაითვალოს, პროფესორი სუნი ამბობს, რომ დანაშაულებრივი ბრალდებები კონტრპროდუქტიულია და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„წინა ხელისუფლება არ უნდა დასაჯო, თუ მან რაიმე მართლა საშინელი არ ჩაიდინა. ზოგადად წარსულს ურიგდები და ახალ მომავალს აშენებ... მაგრამ თუკი გამოძიების შედეგად აბსოლუტური, უტყუარი მტკიცებულებები გაგაჩნია, მაშინ ამ საკითხის გადახედვა შესაძლებლად მიმაჩნია“ - აღნიშნავს პროფესორი რონალდ სუნი.

სტივენ ჯონსის თქმით, დასავლეთში ამგვარ საკითხებზე ხშირად საქართველოსგან განსხვავებული შეხედულება აქვთ. „ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ როგორ აღიქვამენ ამ ფაქტს საქართველოში და სწორედ ეს არის ის მომენტი, როცა საჭიროა გარკვეული ბალანსის დაცვა. თუ მართლაც არსებობს ძლიერი ეჭვი, რომ სააკაშვილმა რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა, მან, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ქართველმა, პასუხი უნდა აგოს. მეორეს მხრივ, გვაქვს იმის მაგალითებიც, როცა ისეთ ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის მშენებლობის დასაწყისში დელიკატურ სიტუაციაში არიან, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სამართლიანობის აღდგენის სხვა გზებს პოულობენ“ - აღნიშნავს ის.

პროფესორი ჯონსი ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად სამხრეთ აფრიკაში „სიმართლის და შერიგების კომისიის“ შექმნის პრეცედენტს ასახელებს. მისი თქმით, ამგვარი ინსტიტუტები მღელვარებას და საზოგადოების პოლარიზებას გამორიცხავს, რაც წესით საქართველოს ინტერესებშიც უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG