Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა თავის ადმინისტრაციასთან არსებული ჯგუფი გააუქმა


ცხინვალი

ცხინვალი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობასთან არსებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტების კოორდინაციის მიზნით შეიქმნა, აღარ არსებობს. ამ ჯგუფმა, როგორც მისი ყოფილი წევრი ნაირა ბეპიევა აცხადებს, შექმნის დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა. რატომ გააუქმა პრეზიდენტმა თავის მიერვე შექმნილი ჯგუფი, რომელიც ამ ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელის, ალანა გაგლოევას ინფორმაციით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა, და როგორ აფასებენ ამ ჯგუფის მუშაობას ახალ მთავრობაში?

პრეზიდენტის ახალი ბრძანებულების თანახმად, რომელიც უკვე გამოქვეყნდა ”საკანონმდებლო მაცნეში”, 2007 წლის 29 ივნისს ხელმოწერილი #411 ბრძანება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა. ჯგუფმა, რომელიც თავიდან ოთხი ადამიანისგან დაკომპლექტდა და რომელსაც ალანა გაგლოევა ხელმძღვანელობდა, როგორც მისი ყოფილი წევრი ნაირა ბეპიევა აცხადებს, მუშაობა შეწყვიტა. შესაბამისად, შეჩერდა ის საქმიანობა ჯანდაცვის, განათლებისა თუ კულტურის სფეროში, რომელსაც აღნიშნული ჯგუფი ახორციელებდა. ნაირა ბეპიევა რადიო თავისუფლებასთნ საუბარში აცხადებს, რომ უამრავი პრობლემა კვლავაც გადაუჭრელი დარჩა, საქმეები დასასრულებელი. ამიტომ ჯგუფის გაუქმება ამ ეტაპზე, მისი აზრით, არ იყო სწორი გადაწყვეტილება:

”უამრავი საკითხია დაგვრჩა მოსაგვარებელი, დევნილების, ურთიერთობების, საზოგადოებასთან ინტეგრაციის... ეს საკითხები კვლავაც ღიადაა დარჩენილი და ამიტომ ვფიქრობ, მათი მოგვარებისათვის საჭირო იყო, რომ ეს ჯგუფი რაღაც ფორმით - თუნდაც ერთი წარმომადგენლით - უნდა დარჩენილიყო და საქმის კეთება გაეგრძელებინა”.

რა საქმიანობას ეწეოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ეს ჯგუფი? - ვკითხეთ ნაირა ბეპიევას:

”დიდხანს სალაპარკო თემაა. მთელი დღე შემიძლია ამაზე ვილაპარაკო. რადგან მართლა ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, რისი აფიშირებაც არ მოგვიხდენია. დავიწყოთ თუნდაც სოფელ არეშფერანის სკოლაში კოსტა ხეთაგუროვის ძეგლის აღდგენით. იქ ყოველწლიურად ვატარებდით მის იუბილეს ქართველი, ოსი და სხვა ხალხების მონაწილეობით, შეხვედრებს ვმართავდით, სამეცნიერო და პოპულარული გამოცემებს ვამზადებდით. გამოვეცით ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები, ფოლკლორული კრებული და, რაც მთავარია, გვქონდა ცოცხალი ურთიერთობები, ადამიანებს ერთმანეთს ვახვედრებდით. ეს ცალკე სალაპარაკო, ვრცელი თემებია”.

ჩვენ გვაინტერესებდა რა თანხა იყო გამოყოფილი ჯგუფის მუშაობისა და მის მიერ განხორციელებული პროექტებისათვის. ამ კითხვით ჯგუფის თავდაპირველ ხელმძღვანელს ალანა გაგლოევას მივმართეთ,რომელმაც განგვიმარტა, რომ ჯგუფი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა, თუმცა კონკრეტული ციფრი, თუ რა თანხა იხარჯებოდა ამ მხრივ, ვერ დაგვისახელა:

ჯგუფთან თანამშრომლობას ადასტურებს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევიც, რომელიც შენიშნავს, რომ რამდენიმე ერთობლივი პროექტი მართლაც განხორციელდა:

”ერთ–ერთი იყო მაგალითად, ოსური ენის სწავლების პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა თბილისის ორ და გორის სამ სკოლაში, სადაც ოს ბავშვებს ოსური ენის სწავლის შესაძლებლობა ჰქონდათ... ვფიქრობ, ასეთი ჯგუფი უნდა არსებობდეს, მთავრობის დონეზე რამე პროგრამა უნდა გაკეთდეს, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში ოსური კულტურის განვითარებისაკენ”.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სამუშაო ჯგუფის გაუქმებაში პრობლემას ვერ ხედავს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. ის ამბობს, რომ მას, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს, წლების განმავლობაში ამ ჯგუფის არც ერთი ანგარიში არ უნახავს:

”პრეზიდენტს ბოლო დროს ფული შემოაკლდა და დაიწყო იმ პროექტების განადგურება, რომლებიც მას არ აწყობს ან რომელიც არაეფექტურად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ნაირა ბეპიევას დიდ პატივს ვცემ, მართლა არ ვიცი ეს სამუშაო ჯგუფი რას აკეთებდა, არსად მინახავს ამ სამუშაო ჯგუფის ანგარიშები, ხშირად ვხვდებოდი ოსებს, მაგრამ არასოდეს ამ სამუშაო ჯგუფიდან არავის უკითხავს რას ვაკეთებდით, რაზე ვლაპარაკობდით, ხომ არ დაგეხმაროთ, ხომ არ დაგვეხმარებით”...

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კარგად იცნობს და პატივს სცემს ქართულ-ოსური ურთიერთობების საკითხებზე ნაირა ბეპიევას მრავალწლიან მუშაობას, თუმცა, მინისტრის აზრით, ბეპიევა ამ ჯგუფის გარეშეც გააგრძელებს თავისი საქმის კეთებას.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიეღო ოფიციალური პასუხი ჯგუფის გაუქმების მიზეზების შესახებ, მაგრამ მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG