Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

No Media, No Democracy - ბანერი სააკაშვილის წინ


გორის ცენტრალურ მოედანზე, იმ დროს, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეკრებილ საზოგადოებას გორის და ქვეყნის აღმშენებლობაზე ესაუბრებოდა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა აივანზე გადაკიდეს ბანერი, რომელზეც იყო წარწერა ინგლისურ ენაზე: No Media, No Democracy – „არ არის მედია, არ არის დემოკრატია“. აქვე გამოფინეს ტრანსპარანტი „არ აწამო“. სააკაშვილის ჩამოსვლამდე 15 წუთით ადრე საინფორმაციო ცენტრის ოფისში 2 პოლიციელი მივიდა და მის ხელმძღვანელს სთხოვა ბანერი არ გადაეკიდა აივანზე, რომელიც პირდაპირ გადაჰყურებს იმ ტრიბუნას, სადაც მიხეილ სააკაშვილი იდგა. ბანერი აივანზე მაინც გამოჩნდა. საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი საბა წიწიკაშვილი აცხადებს, რომ ამ აქციით იგი ჟურნალისტების ცემას და საქმიანობაში ხელის შეშლას აპროტესტებს:

„ამ ტრანსპარანტზე წერია: „არ არის მედია, არ არის დემოკრატია“. მოვითხოვთ ჟურნალისტების ზეწოლაზე, ცემაზე და შევიწროებაზე რეაგირებას. დაისაჯოს ის ხალხი, ვინც ჟურნალისტებს სცემს, და მიეცეს მოსახლეობას ინფორმაციის მიღების საშუალება. მე ვგულისხმობ „მასთ ქერის“ გაგრძელებას და თეფშების დარიგებას.“
ხალხს იმედი გაუჩნდა, პატარა ბიზნესებს ხსნიან და სწორედ ამ დროს გვეუბნებიან, მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი ეს, ხაზი გადავუსვათ ყველაფერ ამას ...
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი შეკრებილ საზოგადოებას დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა. მისი თქმით, საქართველო არასოდეს დაუწვება გარე მტერს და მათი ტანკები ვერ შეაჩერებენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას, იყოს თავისუფალი და განვითარდეს. მან პირობა დადო, რომ გორს ევროპის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად აქცევს:

„ხალხს იმედი გაუჩნდა, პატარა ბიზნესებს ხსნიან და სწორედ ამ დროს გვეუბნებიან, მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი ეს, ხაზი გადავუსვათ ყველაფერ ამას და მოდით, იმის გამო, რომ რამდენიმე ნაძირალა და სადისტი სჩადიოდა იმას, რასაც სჩადიოდა, ამით ყველაფრით გადავფაროთ ის, რომ საქართველოს აღარ ჰქონდეს ხვალინდელი დღე და საქართველოს არჩევნები გადაწყდეს არა ხალხის მიერ, არამედ "ქურდების სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ.“

რაც შეეხება შეკრებილ საზოგადოებას, იქ ძირითადად საჯარო სამსახურებში დასაქმებულები სჭარბობდნენ. თვალში საცემი იყო იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ავტობუსებით და მიკროავტობუსებით მოჰყავდათ. რადიო თავისუფლება მოსწავლეებსაც გაესაუბრა, რომლებმაც არ დამალეს, რომ მასწავლებლების დავალებით წამოვიდნენ.
რაც კი სკოლები და საბავშვო ბაღები იყო, სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მობილიზება გაუკეთა...
მალხაზ ვახტანგაშვილი

კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა, რომელიც დღეს გორის ბაზრებში დასაქმებულ ადამიანებს ხვდებოდა, საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, ნუ ახდენს ბავშვების პოლიტიზებას, რადგან მოზარდები მისი ამომრჩევლები მაინც ვერ იქნებიან.

„რაც კი სკოლები და საბავშვო ბაღები იყო, სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მობილიზება გაუკეთა. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების მოსწავლეები ამომრჩევლები არ არიან, მაინც უნდა, რომ მასა გამოაჩინოს. ამით უნდა აჩვენოს ხალხს, რომ ბევრი ამომრჩეველი ხვდება, მაგრამ რეალურად ეს არ არის მისი ამომრჩეველი. 18 წლის ქვემოთ არიან ესენი, ვისაც ავტობუსებით მობილიზებას უკეთებენ.“

სააკაშვილის მიტინგის მსვლელობის დროს კოალიციის მაისურებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა იქვე ახლოს ჯგუფურად გაიარეს, მაგრამ ამ მსვლელობამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა.
XS
SM
MD
LG