Accessibility links

ვინ რა უნდა დათმოს 4 მარტის მოლაპარაკების მაგიდასთან


მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

ერთმანეთისათვის რამდენიმედღიანი საჯარო მიმართვების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის თარიღი ცნობილია: 4 მარტს, ორშაბათს, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან. რა იქნება შეხვედრის მთავარი თემა და რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკება? - დიალოგამდე ორი დღით ადრე პოლიტიკურ წრეებში და ექსპერტებს შორის წინასწარი პროგნოზები კეთდება.

პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის თარიღი ცნობილია - 4 მარტი. შეხვედრამდე ორი დღით ადრე როგორც ერთი, ისე მეორე პოლიტიკური მხარე შიდაპოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს და დიალოგისთვის ემზადება. საჯარო განცხადებებში პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მოლაპარაკებას ერთი მთავარი მიზანი აქვს: პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა და ქვეყნის განვითარებაზე ერთობლივი ზრუნვა ე.წ. კოჰაბიტაციის პირობებში. თუმცა ოპონენტების აზრი სწორედ ქვეყნის განვითარების გზების შეფასებისას იყოფა. მაგალითად, უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი, მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ შეხვედრის მთავარი მიზანი სამოქალაქო მშვიდობის მიღწევაა, რაზეც პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ახალი მთავრობაა და შემდეგ - ყველა დანარჩენი:

”მთავარია, რომ მთავრობამ, ასევე ოპოზიციამ და ხალხმაც ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე იფიქროს და არა ამ პოლიტიკურ, სამართლებრივ, იურიდიულ, თუ გნებავთ კონსტიტუციურ მუხლებსა და ჩანაწერებზე”.

თუმცა თავის მხრივ, მმართველი ძალის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საპრეზიდენტო ვადის მიწურულს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამას აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე:

”ყველა საკითხი პრემიერის წერილისა გასაგებად იყო ფორმულირებული და ახლა მთავარია მათზე პრეზიდენტს ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს”.
შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, მაგრამ შეხვედრა არა შეხვედრისთვის, არამედ იმისათვის, რომ მოვილაპარაკოთ...

შეგახსენებთ: 4 მარტის შეხვედრას წინ ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილი უძღოდა, რომელშიც ის პრეზიდენტს 2-3 დღიან ვადას აძლევდა საკუთარი პოზიციის მკაფიოდ გამოსახატად - ამბობდა თუ არა უარს კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერდა თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. 28 თებერვალს პრემიერი იმავე დღეს პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, რაც, პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა. მომდევნო დღეს კი სააკაშვილმა ივანიშვილს შეხვედრა ორშაბათს შესთავაზა:

”შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, მაგრამ შეხვედრა არა შეხვედრისთვის, არამედ იმისათვის, რომ მოვილაპარაკოთ”.

პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებულმა დაძაბულობამ დასავლეთისათვის მიუღებელი დაპირისპირების ფორმა მიიღო. ამ შეხვედრამ, პირველ რიგში, ეს დაძაბულობა უნდა განმუხტოს, ფიქრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:

”დიპლომატიის ისტორიაში არის მომენტები, როდესაც საჯაროობა არის დამღუპველი. ამიტომ, ჩემი აზრით, აუცილებელია კონფიდენციალური შეხვედრა და, რაც მთავარია, ამ მოლაპარაკებების ქრონიკები არ გახდეს საღამოს ტელეშოუების თემა, იმიტომ რომ დაპირისპირება ძალზე მწარეა. თუმცა ფორმის თვალსაზრისით არის მწარე, თორემ რაც ეხება შინაარსს, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მაინც მიიღებენ, როცა კენჭისყრაზე ეს საკითხი დადგება, საჭირო ხმებიც შეგროვდება”.
ასეთი საკითხი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ის, რომ მისი წევრების სამართლებრივი დევნა გრძელდება და სწორედ სამართლებრივი დევნის თემა იყო ყველაზე ძნელად შესათანხმებელი წინა რაუნდში...

გარდა საკონსტიტუციო ცვლილებებისა, პრეზიდენტისა და პრემიერის მომავალი დიალოგის შინაარსი იმ პრობლემებში უნდა ვეძებოთ, გვეუბნება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც ორივე პოლიტიკურ ძალას აწუხებს:

”ასეთი საკითხი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ის, რომ მისი წევრების სამართლებრივი დევნა გრძელდება და სწორედ სამართლებრივი დევნის თემა იყო ყველაზე ძნელად შესათანხმებელი წინა რაუნდში, ხოლო პრეზიდენტის მხრიდან შექმნილი სირთულე ”ქართული ოცნებისთვის” არის ის, რასაც უფრო და უფრო ხშირად უწოდებენ საბოტაჟს - ის, რაც ხდება სასამართლო ხელისუფლებაში, რეგიონებში, საერთაშორისო არენაზე და ა.შ. მოლაპარაკება უნდა შედგეს სწორედ იმის თაობაზე, რომ ეს საბოტაჟიც შეწყდეს და ხელისუფლებამ კი გარკვეულად ანგარიში გაუწიოს მოთხოვნას, ყველას მიმართ უნდა დადგეს თუ არა სამართლებრივი დევნის საკითხი”.

პირველ მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრემიერთან შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა და იდეა იყო, შესაბამისად, ”სრულიად გაუგებარია და უსაფუძვლო, რომ ამ შეხვედრის ჩაშლა პრეზიდენტს დაბრალდეს”. მისივე თქმით, დაგროვდა საკმაოდ ბევრი საკითხი და პრეზიდენტის და პრემიერის მოვალეობაა გაუგებრობის განმუხტვისთვის ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების გზას.

სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრის ადგილი და ზუსტი დრო ჯერჯერობით მედიისთვის არ ხმაურდება. პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს დეტალები კვირა საღამოს გახდება ცნობილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG