Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ და რატომ უნდა ითანამშრომლონ „ოპოზიციონერმა“ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა


რა ხდება, როცა პრეზიდენტის პარტია საპარლამენტო არჩევნებში მარცხდება ოპოზიციასთან საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე? ამას მოჰყვება პერიოდი, რომელსაც კოჰაბიტაცია ჰქვია. ეს ფრანგული წარმოშობის სიტყვა „თანაცხოვრებად“ ითარგმნება და იმ შემთხვევებშიც გამოიყენება, როცა გაყრილი ცოლი და ქმარი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და ურთიერთობას ახერხებენ. რა უნდა ვიცოდეთ კოჰაბიტაციაზე - განსაკუთრებით მას მერე, რაც ის საქართველოში მყარდება? საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ კოალიციასთან თავისი პარტიის მარცხი აღიარა, მაგრამ, მიუხედავად მისი განცხადებისა, „ოპოზიციაში გადავდივართო“, მას მოუწევს თანაცხოვრება პარლამენტთან, რადგან საქართველო შემოდგომამდე საპრეზიდენტო რესპუბლიკად რჩება. არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, პარლამენტში უმრავლესობით და პრემიერ-მინისტრის თანამდებობით, მოუწევს სააკაშვილთან თანამშრომლობა. გამარჯვებული ძალის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, თითქოს ისურვა კიდეც თავიდან, სააკაშვილის გადადგომა ეთხოვა, მაგრამ ჩანს, როცა ამ მისი სურვილის შეფასება მოისმინა, მოერიდა ამის გამეორებას. ევროპის „ხალხის პარტიის“ ლიდერმა ვილფრიდ მარტენსმა ასეთ მოწოდებას სრულიად მიუღებელი, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა. და ამ ეტაპზე პოლიტიკური ძალები, ალბათ, ამჯობინებენ, სააკაშვილი პრეზიდენტად დარჩეს. რა უნდა იცოდნენ მათ კოჰაბიტაციის თაობაზე?
კოჰაბიტაციის შემთხვევაში, პრეზიდენტსაც და პრემიერ-მინისტრსაც აქვს აღმასრულებელი ძალაუფლება. ის, როგორც ეს საქართველოში განხორციელდა, ორი არჩევნების დროში ერთმანეთთან დაშორების გამო, ყოველთვის შემთხვევითი არაა. ლონდონის ეკონომიკის სკოლის ევროპის პოლიტიკის ვებსაიტის მთავარი რედაქტორი პატრიკ დანლივი ამბობს,რომ ამომრჩევლები ხშირად პარტიებს კოჰაბიტაციისკენ უბიძგებენ, რათა დაიზღვიონ არჩევანი:

„ხანდახან ამომრჩევლებმა არ იციან, რა სურთ. ისინი რთულ ვითარებაში არიან ხოლმე. საქართველოში სურვილები ორი მიმართულებით მიდის, როგორც უკრაინაში: ერთი მხრივ, ევროკავშირთან დაახლოებაა, მეორე მხრივ კი, სხვა, ივანიშვილის მიმართულება, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი. და მთავრობის ასეთი გაყოფით, პრეზიდენტსა და პრემიერს, ანუ პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის, ისინი არჩევანს იზღვევენ. ამ ვითარებაში მათ შეიძლება სურდეთ, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაც და პროევროპული პრეზიდენტიც, რათა პრემიერ-მინისტრზე კონტროლი იქონიონ.“
პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს უწევთ მუდმივად ერთად იყვნენ აღმასრულებელ მთავრობაში. მათ მუდამ უწევთ ერთმანეთთან შეხვედრა, ერთად მსჯელობა, კერძოდ, ისეთ სფეროებზე, როგორიცაა თავდაცვის პოლიტიკა ...
პატრიკ დანლივი

არის თუ არა სახიფათო ეს კოჰაბიტაცია? ყველა საზოგადოებაში პრობლემა ისაა, რომ სანამ რომელიმე ძალა დაეუფლებოდეს ორივე ამ პოზიციას, პრეზიდენტისა და პრემიერის პოსტებს, ისინი ცდილობენ ერთმანეთის დისკრედიტაციას, ერთმანეთს ებრძვიან ყველა საშუალებით. ამის მაგალითია საფრანგეთი, სადაც სოციალისტი პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი, რადგან მისმა პარტიამ არჩევნები წააგო, იძულებული იყო თავისი მოსისხლე მტერი, ჟაკ შირაკი, დაესახელებინა პრემიერის თანამდებობაზე. ამას მოჰყვა ორივე მხრიდან ძალაუფლების გამოყენება და ორი წელიწადი გრძელდებოდა ასეთი საჩიხო მდგომარეობა. მაგრამ ჩვენი რესპონდენტი ამბობს, თანაცხოვრება უფრო მწარეც შეიძლება გახდესო, და მაგალითად მოჰყავს რუმინეთი, სადაც პრემიერმა და პარლამენტმა ომი გამოუცხადეს პრეზიდენტს მსგავს კონსტელაციაში იმპიჩმენტის გზით. კანონმდებლებმა იმპიჩმენტს მიაღწიეს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ის გააუქმა. კოჰაბიტაცია დადებითად უნდა მივიჩნიოთ, როცა ის პარტიებს უბიძგებს თანამშრომლობისკენ, მაგრამ როცა მთავრობას ჩიხში აქცევს და უმოქმედოს ხდის, ის დადებითი ვეღარ იქნება. ბოლოს, აშშ-ის მაგალითზე განვმარტოთ, რა განსხვავებაა კოჰაბიტაციასა და აშშ-ში გაყოფილ მთავრობას შორის. ახლა, ასეთი მდგომარეობაა აშშ-ში, სადაც, პრეზიდენტი და კონგრესი, რომელსაც ნაწილობრივ რესპუბლიკური პარტია აკონტროლებენ, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნებიან. საქმე ისა, რომ აშშ-ში „ნამდვილი“ საპრეზიდენტო სისტემაა, სადაც პრეზიდენტს აღმასრულებელი ფუნქცია აქვს, ხოლო კონგრესს - საკანონმდებლო. დანლივის თქმით, კოჰაბიტაცია, როცა აღმასრულებელი ფუნქცია განაწილებულია ორ ძალას შორის, ბევრად უფრო რთულია, რადგან ის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისგან მოითხოვს მართლაც ერთად იცხოვრონ:

„პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს უწევთ მუდმივად ერთად იყვნენ აღმასრულებელ მთავრობაში. მათ მუდამ უწევთ ერთმანეთთან შეხვედრა, ერთად მსჯელობა, კერძოდ, ისეთ სფეროებზე, როგორიცაა თავდაცვის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ძალიან დიდი სტრატეგიული საკითხები. ასე რომ, პრეზიდენტის და პრემიერის კარგი კოჰაბიტაცია უფრო რთულია, ვიდრე ის შემთხვევა, როცა გაყოფილია მთავრობა.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG