Accessibility links

logo-print

კოჰაბიტაცია - პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზა


მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

18 დეკემბერს საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა 21 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კოჰაბიტაციის, ანუ თანაარსებობის, პერიოდსა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს მოიცავს. დოკუმენტში ასახული არაერთი რეკომენდაცია მიმართულია კოჰაბიტაციის პროცესში ჩართული მხარეებისადმი. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო პოლიტიკურ ჩიხში არ მოექცეს?

21 გვერდიანი დოკუმენტი, სახელწოდებით ”საქართველო: როგორ იმუშაოს კოჰაბიტაციამ”, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბრის თვეში, მომზადდა და, მისი ავტორების თქმით, წერის პროცესი სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საქართველოში მაღალჩინოსანთა დაკავებების ტალღა დაიწყო, რასაც მოჰყვა უცხოელი მაღალჩინოსებისა და, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოწოდებები შერჩევითი სამართლის გამორიცხვისა და გამოძიების გამჭვირვალედ წარმართვის თაობაზე. სწორედ ამიტომ, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ მოვლენების ფონზე საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის.

”კოჰაბიტაცია საქართველოსთვის უცხო ხილია”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მედეა ტურაშვილი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ერთ-ერთი მკვლევარი, და ის იმ რეკომენდაციებზე მიუთითებს, რომლებიც დოკუმენტში დეტალურად გაიწერა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მთელი რიგი, კოჰაბიტაციის პროცესის თანმდევი, პრობლემები:
ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ის ათთვიანი პერიოდი, რომელიც მას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩა და დასახოს პრიორიტეტული რეფორმები, რათა გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება ...

”იმისათვის, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავიდან აიცილოს ის კრიტიკა, რომელიც დაკავებების თაობაზე ერთი თვეა უკვე გვესმის, მან უნდა დაიცვას სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა პოლიტიკური ჩარევისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაკავებები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, აღქმული იყოს ისე, რომ ეს პროცესი არ არღვევს იურიდიულ პროცედურებს. ამისათვის კი თავისთავად საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო”, - ამბობს მედეა ტურაშვილი.

”ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ის ათთვიანი პერიოდი, რომელიც მას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩა და დასახოს პრიორიტეტული რეფორმები, რათა გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება”, - წერენ ანგარიშის ავტორები და იქვე საჯარო სექტორის დეპოლიტიზაციაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათ შორის მოიაზრება შინაგან საქმეთა სამინისტრო და პენიტენციარული სისტემა. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ანგარიშის ავტორები ახალ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიუთითებენ, ეს არის ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა. ანგარიშის ავტორების რეკომენდაციით, ქსენოფობიური ქმედებები გამოძიებული უნდა იყოს, როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებები.

განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ანგარიშში პუნქტს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პირობას დებდნენ, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროცესი ხელს არ შეუშლის მათ საგარეო პოლიტიკის კურსს, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ არის მიმართული. ანგარიშის ავტორები პოზიტიურად აფასებენ ახალი ხელისუფლების ღიად გამოხატულ სურვილს მოაწესრიგოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ისინი მიესალმებიან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას და მიიჩნევენ, რომ ვაჭრობისა და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების აღდგენა კარგი დასაწყისია სხვა, გაცილებით რთული პრობლემების შესახებ საუბარზე გადასასვლელად.
პოლიტიკური ჩიხი წარმოშობს არასტაბილურობას, არასტაბილურობას კი შეუძლია წარმოშვას პოლიტიკური არეულობა და ძალადობაც კი ...

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის სამხრეთ კავკასიის პროექტის დირექტორი ლორენს შითსი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ კოჰაბიტაციის პროცესი უახლოესი თვეების განმავლობაში პოზიტიურად წარიმართება და გამორიცხავს ამ ეტაპზე სცენარის სხვა მიმართულებით განვითარებას, თუმცა იმაზეც მიუთითებს, რომ ამ მხრივ აუცილებელია გახმაურებული საქმეების სამართლიანად და გამჭვირვალედ გამოძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კითხვის ნიშნები და არ შეფერხდეს მშვიდობიანი თანაარსებობა, რაც ქვეყანას პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანს:

”პოლიტიკური ჩიხი წარმოშობს არასტაბილურობას, არასტაბილურობას კი შეუძლია წარმოშვას პოლიტიკური არეულობა და ძალადობაც კი. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად მშვიდობიანი თანაარსებობისათვის მხარეებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ”.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში განსაკუთრებით გამოყოფს რეკომენდაციას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრების გააქტიურებასა და მათ გაშუქებას გულისხმობს, თუმცა მას აეჭვებს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალი 10 თვის განმავლობაში ინტენსიურად გაიმართოს:

”არც ერთი მხარე არ არის დაინტერესებული იმით, რომ, ვთქვათ, გამოაჩინოს ამ შემთხვევაში თანამშრომლობა როგორც ფაქტი, რადგან სინამდვილეში, თანამშრომლობა არ ხდება. გასაგებია ეს შემოთავაზება და ძალიან კარგია, რომ ეს შემოგვთავაზეს, მაგრამ ამის განხორციელება ძალიან საეჭვოდ მეჩვენება”, - ამბობს გოგი ხუციშვილი.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანგარიში და რეკომენდაციები მიმართულია კოჰაბიტაციის პროცესში ჩართული მხარეებისა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობებისადმი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG