Accessibility links

დღეს უნდა გამართულიყო საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, თუმცა, როგორც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი მზად იყო პრეზიდენტს 15-დან 18 საათამდე ნებისმიერ დროს შეხვედროდა. ”თუმცა წუხელ მაცნობეს, რომ პრეზიდენტს კვირის ბოლომდე შეხვედრა არ შეუძლია, რადგან სხვა მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და შესაძლოა, ქვეყანაშიც არ იყოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის არშემდგარი შეხვედრის გამო დღეს ბრიფინგი გამართა მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ”ეს შეხვედრა იყო პრეზიდენტის ინიციატივა და იდეა, ამიტომ სრულაიდ გაუგებარი და უსაფუძვლოა, რომ მისი ჩაშლა პრეზიდენტს დაბრალდეს.” მანჯგალაძით თქმით, გუშინ საღამოს პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა შეხვედრა დღეს შემდგარიყო, რაც პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. პრესსპიკერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაა, რომ შეხვედრა შედგეს ორშაბათს დილით იქ, სადაც პრემიერს სურს. მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ”პრეზიდენტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი უცხოეთში, მაგრამ ბუნებრივია, ყოველთვის მზად არის ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესში მიიღოს აქტიური და კონსტრუქციული მონაწილეობა და ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლაპარაკების პროცესი შედგეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.” პრესსპიკერის განცხადებითვე, საქართველოს პრეზიდენტის ინტერესია, რომ შემდეგი კვირა დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგითა და შეთანხმებით. მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ”დაგროვდა საკმაოდ ბევრი საკითხი და პრეზიდენტისა და პრემიერის მოვალეობაა, რომ გაუგებრობების განსამუხტად ყველაფერი გააკეთონ, ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა, სამოქალაქო მშვიდობა და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების გზას.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG