Accessibility links

logo-print
საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას, ხელისუფლებამ და ოპოზოციამ საერთაშორისო ასპარეზზე შეთანხმებულად იმოქმედონ, პოლიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები გამოეხმაურნენ. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს განახორციელოს ოფიციალური ვიზიტები მოკავშირე ქვეყნებში, რათა მოიპოვოს სათანადო მხარდაჭერა და შეუქცევადი გახადოს დეოკუპაციის პროცესი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ასევე გამოვიდა წინადადებით განახლდეს უშიშროების საბჭოს სხდომები. რა რეაქცია მოჰყა პრეზიდენტის ამ ინიციატივას?

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას საგანგებო განცხადებით შიდა ქართლში ახალი საოკუპაციო ხაზის გავლებისა და მავთულხლართების მშენებლობის ფონზე მიმართა. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამგვარი პროვოკაციული საქციელით რუსეთი ცდის საქართველოს ახალი მთავრობის სიმტკიცესა და ქვეყნის შიდაერთიანობას. პასუხად, პრეზიდენტი მთავრობას ურჩევს, პრობლემების გაუბრალოებისა და გადაბრალებების ნაცვლად, განაახლოს უშიშროების საბჭოს შეკრებები და ითანამშრომლოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიპლომატიურ ასპარეზზე, ხოლო პრემიერ-მინისტრმა განახორციელოს ვიზიტები სტრატეგიულ პარტნიორებთან:

„მთავრობამ და მისმა ხელმძღვანელმა დაიწყოს ინტენსიურად ოფიციალური ვიზიტების განხორციელება ჩვენს მოკავშირეებთან. 9 თვის განმავლობაში არც ერთი ოფიციალური ვიზიტი არ განხორციელებულა ცალკე აღებულ ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში. ეს არის სერიოზული პრობლემა ქვეყნის საგარეო უსაფრთხოებისათვის, ეს არის სერიოზული წამახალისებელი სიგნალი რუსეთისათვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვურჩევ და სიამოვნებით დავეხმარები, რაც შეიძლება მეტი ვიზიტები განახორციელოს ამ თემებზე, რაც ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და მის გრძელვადიან მომავალს. გაჩნდა განცდა, რომ საქართველოს შეიძლება თავში წამოარტყან, რისი წარმოდგენაც არ შეიძლებოდა წინა წლებში“.

ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ უშიშროების საბჭოს შეკრებები, რასაც ვთავაზობთ ღია წერილებში, დახურულ კორესპონდენციებში. ეს შეკრებები საჭიროა, რადგანაც ჩვენ ამ პრობლემატურ საკითხებზე დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა...
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი სურვილია საქართველოს მოქმედი მთავრობა იყოს წინამორბედზე წარმატებული და ამისათვის მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის:

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ უშიშროების საბჭოს შეკრებები, რასაც ვთავაზობთ ღია წერილებში, დახურულ კორესპონდენციებში. ეს შეკრებები საჭიროა, რადგანაც ჩვენ ამ პრობლემატურ საკითხებზე დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა“.

უშიშროების საბჭოს ფორმატში ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენელთა თანამშრომლობას იწონებს პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკლოზ ვაშაკიძემ ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ეთერში განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება ხელისუფლების ყველა სტრუქტურის მხრიდან კოჰაბიტაციის მაქსიმალურ გამოვლინებას საჭიროებს:

„საბჭოს შეკრება რომ არ ხდება, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. ეს არის აუცილებელი, რადგანაც უშიშროების საბჭო არის უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანო, სადაც აუცილებლად უნდა შეჯერდეს სხვადასხვა მიმართულება და პოზიცია, რათა გამოტანილი იქნეს სწორი, აწონდაწონილი გადაწყვეტილებები. პოლიტიკოსები ვალდებული არიან დაძლიონ პირადი გრძნობები და კეთილი ინებონ და მიუდგნენ საქმეს ინსტიტუციონალურად“.

თუმცა საქმისადმი ინსტიტუციურ მიდგომას აფერხებს ის დაპირისპირება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებობს. პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ეს დაპირისპირება იმდენად მასშტაბურია, რომ ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები ვერ ახერხებენ ისეთ მნიშვნელოვან სფეროში თანამშრომლობასაც კი, როგორიც ეროვნული უსაფრთხოებაა.

ყველა მისი სიტყვა ან შემოთავაზება დაკავშირებულია „PR“-თან და აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს საჭიროებასთან. რომ ამბობს, დაგვცინიანო, რას ნიშნავს? ყველა პირობა შეუქმნა რუსეთს იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოჭრილიყო...
„ასეთ სიტუაციაშიც კი მათ არ აქვთ საერთო კურსის გამომუშავების ნება. ერთის მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სააკაშვილის ინიციატივა ამის გამოსწორებას ემსახურებოდა, მაგრამ გამოცდილება გვკარნახობს, რომ სააკაშვილის ყველა ინიციატივა მიმართულია საკუთარი იმიჯის ზრდაზე და ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს მხოლოდ ამასთან. მეორე მხრივ, თავად მთავრობა არ არის მზად მიიღოს სააკაშვილის ინიციატივები სერიოზულად და წავიდეს მასთან თანამშრომლობაზე“, უთხრა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო თავისუფლებას.

პრეზიდენტის ინიციატივას გამეხმაურნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის თქმით, უშიშროების საბჭოს წევრთა შეკრებები მართლაც საჭიროა, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა განსახილველ საკითხებზე შეჯერება. რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართვის დანარჩენ ნაწილს, რომელიც საგარეო პოლიტიკას უკავშირდება, გიორგი ვოლსკის თქმით, ამ მიმართულებით მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა კონტრპროდუქტიულია:

„ყველა მისი სიტყვა ან შემოთავაზება დაკავშირებულია „PR“-თან და აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს საჭიროებასთან. რომ ამბობს, დაგვცინიანო, რას ნიშნავს? ყველა პირობა შეუქმნა რუსეთს იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოჭრილიყო და ოკუპირება მოეხდინა. ახლა უნდა, რომ გადაიტანოს აქცენტები და ყურადღება სხვა საკითხებზე. ახლა უნდა მავრთულხლართების თემაზე გადავიდეთ მაშინ, როცა ოკუპაციაა მთავარი პრობლემა. გარწმუნებთ, არც ერთი მისი სიტყვა არ არის საქმიანი“, უთხრა გიორგი ვოლსკიმ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG