Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კალანდაძე თანამდებობაზე რჩება, ბაჩო ახალაია კი განაჩენს ასაჩივრებს


საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების გლდანის მერვე დაწესებულების სამარტოო საკანშია მოთავსებული. თუ სააპელაციო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა, იგი სწორედ ამ დაწესებულებაში მოიხდის ორთვიან წინასწარ პატიმრობას, რის შესახებაც გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ნოემბერს მიიღო. ბაჩო ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად წარედგინა. მისგან განსხვავებით, გირაოს სანაცვლოდ უკვე გათავისუფლდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.

გაერთიანებული შტაბის უფროსმა გიორგი კალანდაძემ, 20 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორი 10 ნოემბერს, გამთენიისას, დატოვა, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ზურაბ შამათავამ კი - საღამოს. როგორც მისმა დამ, ნანა შამათავამ გვითხრა, ზურაბ შამათავა მზადაა სავალდებულო ნორმების შესაბამისად მოიქცეს:

” აღკვეთის ღონისძიება რაც აქვს შერჩეული, მის პირობებს დაიცავს, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც მას გამომძიებელი ან პროკურორი დაიბარებს, გამოცხადდება დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას.”
პროკურატურას აქვს უფლებამოსილება, რომ თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან, ბრალდებულმა, ამ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედება, პირობითად რომ ვთქვათ, გააგრძელოს საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მოითხოვოს ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება ...
გაგი მოსიაშვილი

ზურაბ შამათავას და გიორგი კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად წარედგინათ, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი კი, ბრალდების წაყენების მიუხედავად, ამ დრომდე არ დამდგარა.

”უფლებამოსილების შეჩერების შესახებ სასამართლოსათვის ბრალდების მხარეს არ მოუმართავს. შესაბამისად, სასამართლოს არ უმსჯელია ამ თემაზე”, ამბობს თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან ბასილაშვილი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი გაგი მოსიაშვილი კი განმარტავს, რომ პიროვნებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება თავისთავად არ ნიშნავს მისთვის საქმიანობის უფლების შეჩერებას:

”პროკურატურას აქვს უფლებამოსილება, რომ თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან, ბრალდებულმა, ამ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედება, პირობითად რომ ვთქვათ, გააგრძელოს საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მოითხოვოს ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა დაასაბუთებს, რომ ვარაუდი არსებობს, რომ თანამდებობაზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას”.
შეიარაღებული ძალები უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა. და რაც უნდა ეთამაშონ მას, პოლიტიკას, მათ შორის ასეთი უღირსი მეთოდებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არმიის ამაში ჩართვა ...
მიხეილ სააკაშვილი

ის, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის ბრალდებულების - გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას - სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით არ მიუმართავს, ჩვენთან საუბარში ადვოკატმა დავით დეკანოიძემაც დაადასტურა.

საკითხის ბუნდოვანებას კი 10 ნოემბერს, საღამოს, წერტილი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაუსვა. მისი გადაწყვეტილებით, გაერთიანებული შტაბის უფროსის რანგში გიორგი კალანდაძე კვლავ განაგრძობს შეიარაღებულ ძალებში სამსახურს. მიხეილ სააკაშვილი გიორგი კალანდაძეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა:

”ჩვენ უნდა დავდგეთ ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა. შეიარაღებული ძალები უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა. და რაც უნდა ეთამაშონ მას, პოლიტიკას, მათ შორის ასეთი უღირსი მეთოდებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არმიის ამაში ჩართვა. ამიტომ ჩვენ უნდა ყველანი ვემსახუროთ საქართველოს, როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური კონიუნქტურა, ან როგორიც არ უნდა იყოს პროპაგანდისტული შემოტევა თქვენზე. შეიარაღებული ძალების ღირსების საკითხია, რომ შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელონ ჩვეულებრივ ფუნქციონირება” .

ბაჩო ახალაია (შუაში)
ბაჩო ახალაია (შუაში)
რაც შეეხება ბაჩო ახალაიასათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, დაცვის მხარეს ამისათვის 48 საათიანი ვადა აქვს.

”ხვალაც გვაქვს გასაჩივრების ვადა, მაგრამ დღეს ვაპირებთ. ამას სჭირდება ასეთი პროცედურა: ციხეში თვითონ ბრალდებულმა უნდა მოაწეროს ხელი, რომ თანახმაა გასაჩივრებაზე და შემდეგ შევიტანთ სასამართლოში”, ამბობს ადვოკატი დავით დეკანოიძე.

საჩივარს ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ ხელი უკვე მოაწერა. ადვოკატები სააპელაციო სასამართლოსგან მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს ან თავდებობის გამოყენებას მოითხოვენ. ბაჩო ახალაიას ბრალად თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედება.
XS
SM
MD
LG