Accessibility links

logo-print
საქართველოში მენტალური რევოლუცია მოხდა და ეს გამოიხატება როგორც ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობებში, ასევე მათ დამოკიდებულებაში ინსტიტუტების მიმართ, - განაცხადა აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა 17 მაისს, პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას:

”ჩვენს პოლიციას, გელაპის (Gallup) კვლევის მიხედვით, ადრე მოსახლეობის 5 პროცენტი ენდობოდა, ახლა კი 90 პროცენტი ენდობა და ეს ამ ეტაპზე უმაღლესი მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით. ხალხი საოცარი უნდობლობით უყურებდა სხვა ინსტიტუტებსაც, ამჟამად კი ნებისმიერი ინსტიტუტი უფრო პოპულარულია, ვიდრე მისი ხელმძღვანელი. მაგალითად, მე ჯერ ისევ საკმაოდ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო პოპულარულია, ვიდრე ჩემი პიროვნება. იგივე ითქმის პარლამენტზეც - ის უფრო პოპულარულია, ვიდრე რომელიმე პარლამენტარი. იგივე შეეხება მთავრობას, ჯარს... პოლიციისადმი 90 პროცენტიანი ნდობა გაცილებით მაღალია, ვიდრე აქვს პოლიციის ხელმძღვანელს თუ შინაგან საქმეთა მინისტრს.”

პრეზიდენტის თქმით, თუკი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების არჩევანი გასული საუკუნის 90-იან წლებში ორი გზით შემოიფარგლებოდა, რომელთაგანაც ერთი ქაოსსა და განუკითხაობას, ხოლო მეორე ავტორიტარული წესრიგის დამყარებას ნიშნავდა, საქართველომ მესამე, წარმატებული გზა იპოვა:

ჩვენ ახლა გვაქვს ერთგვარი, მართლაც დიდი, დიდი ტურიზმი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა შეისწავლონ ჩვენი რეფორმები ...

”რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატია სრულყოფილი არ არის, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაქვს სიტყვის თავისუფლება, არჩევნების თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება... რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მაგრამ, როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს დანაშაულის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და თითქმის არ გვაქვს კორუფცია.”

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველო წარმატებულმა რეფორმებმა გადაარჩინა და ეს ცხადყოფს, რომ ”იდეები ხანდახან ტანკებზე და თვით ფულზე უფრო ძლიერია”. პრინსტონის უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა საქართველოზე, როგორც რეფორმატორული გამოცდილების ექსპორტიორ ქვეყანაზე, და ამ მიმართულებით განვითარებულ ტურიზმზე:

”ჩვენ ახლა გვაქვს ერთგვარი, მართლაც დიდი, დიდი ტურიზმი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა შეისწავლონ ჩვენი რეფორმები. ყოველ მეორე კვირას ჩვენ ვიღებთ დელეგაციებს ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან. უამრავი ადამიანი ჩამოდის რუსეთიდან, რათა შეისწავლონ ჩვენი რეფორმები.”
მე გახლავართ ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, დღეს აქ არც ყოფილიყო, რადგან წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც გადარჩენისა და არსებობის თითქმის არავითარი შანსი არ ჰქონდა ...

პრეზიდენტი საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს რეფორმატორულ წარმატებებს მოსკოვის ლიდერებიც შენატრიან.

ოკუპანტ რუსეთზე ლაპარაკს, რომელიც თავისზე 100-ჯერ პატარა საქართველოს დაესხა თავს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო და თავისი გამოსვლაც სწორედ ამ თემით დაიწყო. მან თქვა, რომ მოსკოვის ლიდერებს ”საქართველოს სრული კრახის” სურვილი ამოძრავებდათ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს. და ამ კონტექსტში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ვლადიმირ პუტინის მუქარა - გარკვეული ”ორგანოებით ჩამოკიდებასთან” დაკავშირებით.

”მე გახლავართ ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, დღეს აქ არც ყოფილიყო, რადგან წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც გადარჩენისა და არსებობის თითქმის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მინდა ერთი ფრაზა გავიხსენო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის ნათქვამიდან: პოსტსაბჭოთა სივრცე ერთი დიდი სულიერი სფეროა, რომელშიც მხოლოდ ერთი ანომალიაა - საქართველოს მთავრობაო. მართალია, ჩემი არსებობაც ანომალიაა და ჩემი ქვეყნისაც, რადგან ჩემს პატარა ქვეყანას 100-ჯერ დიდი სახელმწიფო დაესხა თავს. კარგია, რომ აქ რუკა არ არის, თორემ ამის ნახვა საშიშიც კია”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ის 20-21 მაისს ჩიკაგოში, ნატოს ლიდერების სამიტს დაესწრება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG